საზოგადოება

„საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს“ — NDI

2 თებერვალი, 2023 • 1648
„საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს“ — NDI

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია.

წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. კვლევის ავტორების თქმით, მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ემიგრაციაში წასვლას ყველაზე მეტად 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში განიხილავენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ემიგრაციაში წასვლაზე გამოკითხულთა 29% ფიქრობს, 35-54 ასაკობრივ კატეგორიაში კი — 26%.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან შესაფერისი ანაზღაურება არ აქვთ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე გამოკითხული ამბობდა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელი ფული არ ჰქონდათ, ყოველი მეხუთე კი ამბობდა, რომ მის ოჯახს ფული საკვებზეც არ ჰყოფნის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი