საზოგადოება

„ვრჩები პარტიაში“ — ნიკა მელია

30 იანვარი, 2023 • 1034
„ვრჩები პარტიაში“ — ნიკა მელია

„ვრჩები პარტიაში, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის რეჟიმის ტყვე“ — ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხდა.

დღეს, 30 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე მან გამარჯვება მიულოცა ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ხმების 52% მიიღო. თავად მელიას მხარი დაუჭირა ენმ-ის მხარდამჭერების 40%-მა.

„არჩევნები შედგა, მას ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული, მე მას ვულოცავ ამ შედეგს, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს. ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს“, — თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარ ბრძოლას 2013 წლიდან შეუერთდა და არ აპირებს ამ ბრძოლიდან გასვლას.

„ამ ბრძოლაში ვრჩები, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში იმ ათასობით უღალატო, ნაცმოძრაობის მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩემთვის გაცილებით ძვირფასნი არიან როგორც თანამებრძოლნი, როგორც პარტიის წევრები, ვიდრე, თუნდაც მეგობრები. მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა.

მე გარკვევით ვთქვი, მე ამ ბრძოლაში გააზრებულად შევედი 2013 წელს და ჯერ ეს მიზნები არის მიუღწეველი“, — თქვა მელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა და ყველაზე მთავარი — რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის დაბრუნების პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი