საზოგადოება

სანქციები, პირდაპირი ფრენები რუსეთთან – რაზე ესაუბრნენ ქართველ დიპლომატს უკრაინაში

25 იანვარი, 2023 • 2469
სანქციები, პირდაპირი ფრენები რუსეთთან – რაზე ესაუბრნენ ქართველ დიპლომატს უკრაინაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 25 იანვარს მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. 

“ევგენი პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს კიევის, ლვოვის, ხარკოვის, მიკოლაივის და გოსტომელის დაზიანებული ინფრასტრუქტურისთვის გენერატორების მიწოდებისთვის. ასევე, საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანდაცვის სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება”,  – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების გავრცელებულ რელიზში, რომლის თანახმადაც  “მინისტრის მოადგილემ ცალკე მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო”.

უკრაინის საგარეო უწყების თანახმად, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება პარტნიორთა ჯგუფს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას და შეშფოთება გამოთქვა რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო: 

“მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. ამ კონტექსტში მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ფრენების აღდგენას.”

უკრაინის საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ პერებიინისმა ისაუბრა “საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხზეც და  მოუწოდა ქართულ მხარეს, განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა”. 

დღესვე თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  ლაშა დარსალია  უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ ანდრიი კასიანოვს შეხვდა. 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კასიანოვი “ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს”. 

“უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას”, – ნათვქამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. 

რა მოხდა მანამდე

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს უკავშირდება.

თუმცა გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქოსაქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანდრეი კასიანოვმა თქვა:

“პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს, მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი