საზოგადოება

“ასე გაიარა ცხოვრების გზა” — ბუბა კიკაბიძე სიმღერით, ტაშითა და ცრემლებით გააცილეს

19 იანვარი, 2023 •
“ასე გაიარა ცხოვრების გზა” — ბუბა კიკაბიძე სიმღერით, ტაშითა და ცრემლებით გააცილეს

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღის განმავლობაში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. ისინი ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობებოდნენ – საქართველოს კინოსა და ესტრადის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავს, რომელმაც თავისი სიმღერებითა და კინოში შესრულებული როლებით სხვადასხვა თაობის უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.

84 წლის ასაკში გარდაცვლილ ხელოვანს გამოემშვიდობნენ იქ, სადაც გასულ ათწლეულებში არაერთგზის გამოსულა მსმენელთა წინაშე.  ფილარმონიის სცენა 19 იანვარს ყვავილებითა და სანთლებით იყო დაფარული.

დიდი ხელოვანი და დიდი ადამიანი, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო — ასე აღწერს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი  ზელენსკი ქართველ მომღერალსა და მსახიობს, რომლის სასახლესაც, საქართველოსთან ერთად, უკრაინის დროშაც ფარავდა.

ბუბა კიკაბიძის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის”, — წერია  ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარში. ტექსტი გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე უკრაინის კულტურის მინისტრმა წაიკითხა.

ცერემონიაზე მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი: ხელოვანები და პოლიტიკოსები სხვა მოქალაქეებთან ერთად აცილებდნენ უკანასკნელ გზაზე ბუბა კიკაბიძეს.

“არ ვიცი, რაში იყო ბუბას განსაკუთრებულობა. რაღაც ხიბლი, რაღაც ელეგანტურობა… ასე გაიარა ცხოვრების გზა: მომხიბვლელად, ელეგანტურად, თავისუფლად, თავმდაბლობით”, — დასძინა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ და განსაკუთრებულად გაიხსენა მომენტი, როცა პირველად მოისმინა ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებული “მეფაიტონე”.

ამ და სხვა სიმღერებმა, რომლებიც თითქმის უწყვეტად ისმოდა გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, არაერთს გაახსენა ახალგაზრდობა, როცა აწ გარდაცვლილი ხელოვანის პირველ ნაბიჯებს ადევნებდნენ თვალს.

ლანა ღოღობერიძე ბუბა კიკაბიძის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ჩვენი ლამაზი წლები!” — გადაულაპარაკა ერთმა ქალმა მეორეს, როცა ბუბა კიკაბიძის სასახლე ფილარმონიიდან გამოასვენეს.

საკონცერტო დარბაზში შეკრებილი სხვა მრავალი ადამიანისთვისაც ბუბა კიკაბიძე, თავისი უშუალო შემოქმედების გარდა, განასახიერებს პირად მოგონებებს; კონცერტებისა თუ კინოპრემიერებს თარიღებს, რომლებსაც ესწრებოდნენ; ოჯახურ საღამოებს, რომლებსაც მისი სიმღერები გასდევდა; ჩვეულებრივ დღეებს, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად ტელეეკრანებზე უყურებდნენ მის ფილმებს.

72 წლის ინეზა ბართაია გვეუბნება, რომ ბუბა კიკაბიძის კონცერტებს მაშინ ესწრებოდა, როცა ჯერაც ძალიან ახალგაზრდა იყო.

“ის იყო ძალიან პლასტიკური, დადებითი პიროვნება და ძალიან გვიყვარდა ყველას. შემდეგ კინოში გამოჩნდა და ბრწყინვალე იყო, როგორც მსახიობი”, — დასძენს ის.

ფილარმონიაში მისულთაგან ზოგიერთის ცხოვრება ბუბა კიკაბიძესთან მეტად მძლავრად იყო გადაჯაჭვული. მის კოლეგებსა და მეგობრებს განსაკუთრებით უჭირდათ გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმა.

“[ბუბას დანახვაზე] სახეზე ყველას ღიმილი ესახებოდა, ხელად იპყრობდა დარბაზს. დღეს მიჭირს, ვილაპარაკო, რადგან ამ სცენაზე ვმღეროდით, გამოვდიოდით და ვხარობდით. ვახარებდით ჩვენს მაყურებელს”, — დასძინა ფილარმონიის სცენიდან თეიმურაზ ბართაიამ, რომელიც ანსამბლ “ორერას” წევრია მისი დაფუძნების დღიდან.

ღონისძიებას გასდევდა ბუბა კიკაბიძის სიმღერები, ისევე როგორც მის მიერ შესრულებული როლების ამსახველი კადრები. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ვრცელი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბუბა კიკაბიძე, “ორერას” გარდა, ასევე მღეროდა ანსამბლებში “დიელო” და “რერო”. გარდა ამისა, როლებმა ფილმებში “ვერის უბნის მელოდიები”, “მიმინო” და “შეხვედრა მთაში” ქართული კინოს დასამახსოვრებელ და სახასიათო პერსონაჟად აქცია.

2020 წლიდან კიკაბიძე საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, თუმცა საკანონმდებლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული არ ყოფილა.

ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა — მათ შორის, შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრებმა — ისე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ადგილზე მივიდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტიც, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სამძიმრის ტექსტი წაიკითხა.

ბუბა კიკაბიძის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ცნობილი საესტრადო მომღერალი და მსახიობი მისივე სიმღერისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს ფილარმონიიდან. ღონისძიების არაერთი სტუმარი ტიროდა, ფილარმონიის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეთა შორის კი ისმოდა შეძახილი “ბუბა!”

მოქალაქეები უკვე იშლებოდნენ, როცა 87 წლის კოტე ნადარეიშვილს ვკითხეთ, რით დაამახსოვრდება ბუბა კიკაბიძე. გვითხრა, რომ ეს იყო ხელოვანი, “რომელიც ბალადასავით ყვებოდა ყველაფერს, განუმეორებელი ტონალობით”, საუბრის დასასრულს კი დასძინა:

“ერთი იმაზე მწყდება გული, რომ… ხელიც არ ჩამომირთმევია ერთხელ. ეს ჩამყვება”.

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრთა გვერდით დაკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი