უკრაინაში, ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპნენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის- მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერტმფერნის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის- 2 ბავშვი. კლიმენკოს ცნობით, დაღუპულებს შორის 9 იმყოფებოდა ბორტზე. ასევე, შემთხვევის შედეგად 22 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვი.
ბიბისის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა საბავშვი ბაღის სიახლოვეს.
განახლება: 12:30 საათის მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. რაც შეეხება დაშავებულებს, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.
უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესმდივან მარიანა რევას განცხადებით, ამ ეტაპზე ნაადრევია ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი და საჭიროა შესაბამისი გამოძიება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით კი, მიზეზის დადგენა “1-2 დღეში” ვერ მოხდება, რადგან ავიაკატასტროფის გამოძიებას სჭირდება “გარკვეული დრო”.
იგნატის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენ სუპერ პუმას ბორტზე იმყოფებოდა.