საზოგადოება

როგორ მოხვდა პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი „ოცნების“ დაფინანსებულ გვერდზე

17 იანვარი, 2023 • 1567
როგორ მოხვდა პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი „ოცნების“ დაფინანსებულ გვერდზე

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი თეო გილიგაშვილი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს გაუგზავნა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პარტიულ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა .

კერძოდ, „მთავარი არხის“ პროდიუსერმა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს წერილი გაუგზავნა, რომლითაც კითხულობდა, რა სახსრებით იყვნენ წასული პარლამენტის წევრები იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, ვინ დააფინანსა და რა დაჯდა მათი მოგზაურობა.

საუბარია 13 იანვარს ნეაპოლში გამართულ მატჩზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.

აღნიშნული წერილი გუშინ, 17 იანვარს, გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პარტიულ ფეისბუქგვერდზე – „სინამდვილეში“. გვერდი ჟურნალისტის კითხვებს აფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაციის მცდელობად.

თეო გილიგაშვილის თქმით, ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილი და „გადაზელილია“ მმართველ პარტიასთან. როგორც „მთავარი არხის“ პროდიუსერი ნეტგაზეთთან ამბობს, კითხვები მხოლოდ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს გაუგზავნა და „ქართული ოცნების“ პარტიულ გვერდზე არ უნდა აღმოჩენილიყო.

“პარლამენტის პრესსამსახური არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრესსამსახური და ყველა პარტიას წარმოდგენს, რომელიც პარლამენტში შედის. ამიტომ არაფრით შეიძლებოდა, წერილი, რომელიც გავუგზავნეთ პარლამენტის პრესსამსახურს, [„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ გვერდზე] ატვირთულიყო.

წერილის გაგზავნიდან ერთ საათში ან უფრო ნაკლებ დროში, სანამ პასუხს მივიღებდით, ის უკვე ატვირთული იყო პარტიულ გვერდზე. არ ვიცი, საიდან შეიძლებოდა პარტიაში მოხვედრილიყო წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის კანცელარიამ მიიღო იმიტომ, რომ იმ მეილზე გავაგზავნეთ, რაც პრესის დეპარტამენტს აქვს მითითებული“, – ამბობს თეო გილიგაშვილი ნეტგაზეთთან.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდა „მთავარი არხის“ წერილი საჯარო სივრცეში.

„პარლამენტში შემოსული წერილები საერთო სისტემაში ტრიალებს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს. ჩემთვის უცნობია, ვისგან შეიძლება მოხვედრილიყო საჯარო სივრცეში. ამის იდენტიფიცირება გამიჭირდება“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.


სინამდვილეში, ფეისბუქგვერდი  2021 წლის 9 ივნისს შეიქმნა და კატეგორიაში მითითებული აქვს „პოლიტიკური ორგანიზაცია“. ის “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის და პოსტების რეკლამირებაშიც ფულს მმართველი პარტია იხდის.

შინაარსის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდი ძირითადად ეწევა კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას.

ვის დისკრედიტაციაში იხდის ფულს „ქართული ოცნება“

მასალების გადაბეჭდვის წესი