საზოგადოება

ტელეარხ „დოჟდს“ ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მისცეს

10 იანვარი, 2023 • 1029
ტელეარხ „დოჟდს“ ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მისცეს

ნიდერლანდების კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ მაუწყებლობის ლიცენზია მისცა რუსულენოვან ტელეარხ „დოჟდს“, რომელიც ჯერ რუსეთიდან გააძევეს, შემდეგ კი, ლატვიიდან.

მარეგულირებელმა გადაწყვეტილება 2022 წლის 22 დეკემბერს გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზე, თუმცა მის შესახებ გაცილებით გვიან გახდა ცნობილი. თავად ტელეარხს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ინფორმაცია ნიდერლანდებში ლიცენზიის მიღების შესახებ, თავდაპირველად, ლატვიის რადიომ გაავრცელა, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია ერთ-ერთი ინტერვიუში დაადასტურა „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ.

ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო კომპანიამ „TVR Studios B.V.“, რომელსაც უფლება მიეცა, TV Rain-ის („დოჟდი“) სახელით დაიწყოს კომერციული ტელემაუწყებლობა. მას მიეცა უფლება, ჩაერთოს ევროკავშირის ქვეყნების საკაბელო ტელევიზიების ქსელში, მათ შორის, ლატვიაშიც, საიდანაც ცოტა ხნის წინ გააძევეს.


მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ხელისუფლებამ ცენზურა გაამკაცრა, ოპოზიციურმა ტელეარხმა „დოჟდმა“ რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა, რადგან მისი სარედაქციო პოლიტიკა არ ემთხვეოდა კრემლის პროპაგანდას. „დოჟდმა“ მაუწყებლობის განახლება 2022 წლის ივნისში ლატვიიდან შეძლო. თუმცა პრობლემები მალევე შეექმნა, ძირითადად, რუსეთის არმიაზე გაკეთებული განხცადების გამო.

„დოჟდის“ წამყვანმა ალექსეი კოროსტელიოვმა 2022 წლის შემოდგომაზე პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს აღჭურვილობით ეხმარებიან. ეს განცხადება მალევე უარყო ტელეარხმა, ბოდიშიც მოიხადა, ჟურნალისტიკი სამსახურიდან გაათავისუფლა.

საქმე ეხება კოროსტელიოვის განცხადებას, რომელიც გადაცემაში „აქ და ახლა“ გააკეთა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საუბრობდა რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის შესახებ, რა დროსაც მიმართა მაყურებელს და მოუწოდა, რომ თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთში მობილიზებულ ჯარისკაცებსა და მათ მდგომარეობაზე – ეს ცნობები „დოჟდისთვის“ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეგრამ არხზე გაეგზავნათ.

შემდეგ კი თქვა:

„ჩვენ თითქმის ყველას ვუბრუნებთ პასუხს და ბევრ გამოგზავნილ ისტორიას ვაქვეყნებთ. ვიმედოვნებთ, რომ შევძელით ბევრი სამხედროს დახმარება, მაგალითად, აღჭურვილობით ან ელემენტარული კომფორტით ფრონტზე“, — თქვა ჟურნალისტმა.

ბოლო ინციდენტამდე და ლატვიიდან გაძევებამდე „დოჟდი“ 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს ეთერში ნაჩვენები რუკის გამოც, რომელზეც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყო გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი