ახალი ამბები

“დოჟდს” ლატვიამ ლიცენზია გაუუქმა

6 დეკემბერი, 2022 • 1182
“დოჟდს” ლატვიამ ლიცენზია გაუუქმა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ოპოზიციური რუსული ტელეარხ “დოჟდისთვის” მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია გაავრცელა უწყების ხელმძღვანელმა, ივარს აბოლინსმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს 6 დეკემბრის დილას “ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის გამო”.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ხელისუფლებამ ცენზურა გაამკაცრა, ტელეარხმა რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა, რადგან მისი სარედაქციო პოლიტიკა არ ემთხვეოდა კრემლის პროპაგანდას.

„დოჟდმა“ მაუწყებლობის განახლება 2022 წლის ივნისში ლატვიიდან შეძლო. თუმცა პრობლემები შეექმნა ძირითადად რუსეთის არმიაზე გაკეთებული განცხადების გამო.

“ჯამური დარღვევების შეფასებით, NEPLP დარწმუნდა, რომ “დოჟდის” ხელმძღვანელობას არ ესმის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა და, შესაბამისად, ვერ იმოქმედებს ლატვიის ტერიტორიაზე”, — განუცხადა საბჭოს ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიას, გამოცემა “მედუზას” მიხედვით.

ბოლო შემთხვევაში, „დოჟდის“ წამყვანმა, ალექსეი კოროსტელიოვმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს აღჭურვილობით ეხმარებიან. ეს განცხადება მალევე უარყო ტელეარხმა, ბოდიშიც მოიხადა, ჟურნალისტი კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

კოროსტელიოვის განცხადების შემდეგ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ “დოჟდმა” ლატვია უნდა დატოვოს.

მანამდე, ლატვიის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ (NEPLP) ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა რუკის ჩვენებისთვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ჩანდა. ასევე, სიტყვებისთვის „ჩვენი არმია“, რომელშიც რუსეთის ჯარი მოიაზრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი