საზოგადოება

პიროტექნიკით გაჩენილი ხანძრის გამო მაია ყუფარაძის ბინა დაიწვა [ვიდეო]

2 იანვარი, 2023 • 2214
პიროტექნიკით გაჩენილი ხანძრის გამო მაია ყუფარაძის ბინა დაიწვა [ვიდეო]

პიროტექნიკის შედეგად თბილისში ახალი წლის ღამე სახლი დაიწვა – მოქალაქე მაია ყუფარაძე ამბობს, რომ ხანძარი თავდაპირველად აივანზე შემოვარდნილი პიროტექნიკით გაჩნდა, შემდეგ კი მთელს ბინაში გავრცელდა. 

“00.05 საათი იყო, ახალი წლის დადგომისთანავე, როცა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს, აივანზე შემოვარდა ერთ-ერთი ნასროლი და ხანძარი გაჩნდა. ვერ შევძელი მისი ჩაქრობა და მთელს ბინაში გავრცელდა”, – უთხრა მან ნეტგაზეთს. 

მუხიანში მდებარე კორპუსში ყუფარაძის ბინა მთლიანად დაიწვა. მაია ყუფარაძე, რომელიც პარასფიქოლოგად იდენტიფიცირდება და მას ტელევიზიებც ხშირად იწვევენ, “ნეტგაზეთთან” ამბობს,  რომ მხოლოდ ძაღლების გადარჩენა შეძლო. 

“საშინლად დაკვამლული ვიყავით, ძლივს გადავარჩინე ძაღლები, ნივთების დრო აღარ იყო, არადა ბევრი ძვირფასი ნივთი მქონდა”. 

ხანძრის ამსახველი ვიდეო მაია ყუფარაძემ თავად გაავრცელა.

მისი თქმით, სახანძრო მანქანები გამოძახებიდან 20 წუთში მივიდა, თუმცა მანამდე ბინაში აფეთქდა გაზის პატარა ბალონიც. იმყოფებოდა პოლიციაც. 

 

ყუფარაძე ამბობს, რომ ხანძრის შედეგად მეზობლის აივანიც დაზიანდა. 

ნეტგაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურს ჰკითხა ახალი წლის ღამეს გაჩენილი ხანძრების და მათ შესახებ გამოძახებების რაოდენობის შესახებ, თუმცა პრესამსახურში განგვიცხადეს, რომ “სტატისტიკური ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ უწყებიდან”. 



მასალების გადაბეჭდვის წესი