რუსი ბლოგერი და პუტინის კრიტიკოსი მარკ ფეიგინი ადამიანებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, აქციები გამართონ. ბლოგერმა მიმართვა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.
“4 იანვარს, 2023 წელს, გლობალური აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად #SaveMisha (გადაარჩინე მიშა). მოვუწოდებთ ყველას, მიხვიდეთ საქართველოს საელჩოებთან იმ ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც ცხოვრობთ
დასაწყისი: თქვენი დროით 12:00 საათზე”, — წერს იგი.
მანამდე, 24 დეკემბერს, ფეიგინი აცხადებდა, რომ ჰქონდა გეგმა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დასახმარებლად, თუმცა ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებოდა.
იმავე დღეს ბლოგერმა გაავრცელა წერილი, რომელიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მისწერა. წერილში ექსპრეზიდენტი წერს, რომ პუტინმა გასცა ციხეში მისი მოკვლის ბრძანება.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და სხვები თვეებია აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
პარალელურად, არაერთგზის ისმის მოწოდებები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი, შეიწყალოს სააკაშვილი. ამ მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან, პერიოდულად, აქციებიც იმართება.