საზოგადოება

ამერიკელი ფსიქიატრის სიტყვა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე | ვრცლად

22 დეკემბერი, 2022 •
ამერიკელი ფსიქიატრის სიტყვა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე | ვრცლად

ფსიქიატრი ერიკ გოლდშმიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეძენილი, სწრაფად პროგრესირებადი დემენცია აქვს. მისი თქმით, სააკაშვილს აღნიშნული დაავადება პენიტენციურ დაწესებულებაში განუვითარდა.

22 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სადაც ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა, გოლდშმიტი მოწმის სახით გამოიკითხა. მას კითხვებს უსვამდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და მისი ოპონენტები პენიტენციური სამსახურიდან.

გოლდშმიტმა განმარტა, რომ სააკაშვილს საქართველოში შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება და ვერც ჩაუტარდება, რადგან სჭირდება მაღალი დონის კლინიკა, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა და მკურნალობა. გოლდშმიტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სწრაფად არ გადაიყვანენ ევროპის ან აშშ-ის მაღალი დონის კლინიკაში, შესაძლოა ის დაიღუპოს.

ვინ არის ერიკ გოლდშმიტი?

როგორც თავად გოლდშმიტმა სასამართლო პროცესზე წარადგინა საკუთარი თავი, ბოლო 30 წლის განმავლობაში ნიუ-იორკის სამედიცინო სკოლაში ასისტენტ-პროფესორია კლინიკურ ფსიქიატრიაში. მისი თქმით, ის მუშაობს სასამართლო ექსპერტად სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულ პირებთან, რომელთა გამოკვლევასაც მას სთხოვს როგორც პროკურატურა, ასევე ბრალდებული, მისი დაცვის მხარე ან მოსამართლე. ბრალდებულის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ კი ექსპერტის რანგში სასამართლოზე აძლევს ჩვენებებს.

გოლდშმიტის თქმით, მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დემენციის, ნეიროკოგნიტური დარღვევების, დისმეტაბოლური ენცეფალოპათიის, დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების შესწავლის გამოცდილება.

რაც შეეხება სააკაშვილს, გოლდშმიტის განცხადებით, მისი მდგომარეობის შესწავლისას ჰქონდა ინტერვიუ როგორც თავად სააკაშვილთან, ასევე მის დედასა და ბიძასთან, ჩაატარა სხვადასხვა სახის ტესტი, ამასთან, შეისწავლა სააკაშვილის სამედიცინო ისტორია.

ჯანმრთელობის რა პრობლემების შესახებ ისაუბრა გოლდშმიტმა პროცესზე

გოლდშმიტის განცხადებით, სააკაშვილს მეხსიერების პრობლემები აქვს, ასევე შენელებული აქვს აზროვნების უნარი და უჭირს ახალი ინფორმაციის მიღება. ამასთან, აღენიშნება სისუსტე, უჭირს სკამიდან ადგომა, სიარული, შემცირებული აქვს მგრძნობელობა კიდურებში და განიცდის ტკივილს.

გოლდშმიტის თქმით, სააკაშვილის აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა [PTSD] და სწრაფად პროგრესირებადი დემენცია. მისი შეფასებით, ტრავმა, რომელსაც შეიძლება გამოეწვია PTSD , საქართველოში ციხეში ყოფნისას მიადგა. რაც შეეხება დემენციას, ფსიქიატრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამის გამომწვევი მიზეზი მისი ინტოქსიკაცია ყოფილიყო მძიმე მეტალებით.

მან ერთ-ერთ ტრავმულ გამოცდილებაზე ისაუბრა, კერძოდ, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ემოქმედა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნაში აღწერილ ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას პატიმრები ემუქრებოდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, გოლდშმიტმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ეს ძალიან ტრავმული გამოცდილება იყო.

“პატიმრები უყვიროდნენ განუწყვეტლივ, სააკაშვილს დაძინება არ შეეძლო და ციხის თანამშრომლები ტოვებდნენ შუქს კამერაში, რომ მას ვერ შეძლებოდა დაძინება. მას ეშინოდა სიცოცხლის მოსპობის…

მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა [PTSD]. როცა ციხის თანამშრომლებს ხედავს, ეს მის ტრავმულ მოგონებებს აღვივებს. ეს მას ძალიან სტრესავს და შფოთვები აქვს ამის გამო”, – განაცხადა გოლდშმიტმა.

მისი განმარტებით, PTSD-ის დიაგნოზი სააკაშვილს დაუსვა სპეციალური ინსტრუმენტებისა [CAPS] და კითხვარის შევსების საფუძველზე, რომელიც აშშ-ში ვეტერანთა ადმინისტრაციამ შექმნა PTSD-ის შესაფასებლად და “ოქროს სტანდარტად” არის მიჩნეული.

მისი თქმით, სააკაშვილს ასევე აღნიშნება კოგნიტური პრობლემები, რისი ახსნაც შესაძლებელია PTSD-ით. მაგალითად, მისი თქმით, სააკაშვილს უჭირს ციხეში მიღებული ტრავმების გახსენება. ამასთან, აღენიშნება მეხსიერების სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, დაბნეულობა, საუბრის პრობლემა, რაც სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომებია.

ექსპერტ-ფსიქიატრის შეფასებით, დემენციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო მძიმე მეტალებისგან მიღებული ინტოქსიკაცია. სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამგვარი ინტოქსიკაციის შესახებ საუბარია ექსპერტიზის დასკვნაში.

გოლდშმიტის განცხადებით, შესაძლოა დემენცია  გამოეწვია ვერცხლისწყალს და დარიშხანს, რაც ტვინისთვის ტოქსიკურია და იწვევს მისი პრეფრონტალური ქერქის თეთრი ნივთიერების დაზიანებას. მისი განმარტებით, აღნიშნულ ნივთიერებებთან შეხებისას ადამიანს სწრაფად უვითარდება მეხსიერებისა და ფუნქციური პრობლემები, რაც გოლდშმიტის თქმით, სააკაშვილს აღენიშნება.

ფსიქიატრის განმარტებით, ვერცხლისწყლითა და დარიშხანით ინტოქსიკაციის შესახებ საუბრისას ის ეყრდნობა ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში ყოფნის პერიოდში მოიწამლა.

მისი თქმით, სააკაშვილის ფრჩხილის ნიმუშები სწორედ ციხეში ყოფნის პერიოდში აიღეს, რის გამოც ასკვნის, რომ ექსპრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი და დარიშხანი სწორედ ამ დროს მოხვდა, რაც შეიძლება ყოფილიყო მისი სწრაფად პროგრესირებადი დემენციის გამომწვევი მიზეზიც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გოლდშმიტს კითხვები დაუსვეს როგორც სააკაშვილის ადვოკატმა, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმაც.

ფსიქიატრისთვის დასმულ შეკითხვაში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გოლდშმიტი საკუთარ დასკვნაში დაუზუსტებელ დემენციაზე საუბრობს, რის გამოც მათ უჩნდებათ კითხვა: თუ ის ამტკიცებს, რომ “ეს არის დემენცია, რომელიც გამოწვეულია მძიმე მეტალებით მოწამვლით”, მაშინ რატომ უწოდებს მას დაუზუსტებელ დემენციას, რაზეც გოლდშმიტმა უპასუხა:

“ჩემი ანგარიში 2022 წლის 24 ოქტომბერს დავწერე. ჩემთვის ცხადი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სწრაფად პროგრესირებადი დემენცია.

ჩემი ანგარიშის დაწერის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდა ტოქსიკოლოგის ანგარიში, სადაც მითითებული იყო დარიშხანითა და ვერცხლისწყლით ინტოქსიკაცია. ეს ხსნის სწრაფად პროგრესირებად დემენციას 55 წლის ახალგაზრდა კაცში”, – განმარტა მან.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ზოგადად იმ სიმპტომების სიმულირება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზზე საუბრისას ჩამოთვალა გოლდშმიტმა.

ფსიქიატრის თქმით, მეხსიერების პრობლემებისა და აზროვნების შენელების სიმულირება შესაძლებელია, თუმცა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის დასმულ შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდეს ამას და სიმპტომებს აყალბებდეს, ფსიქიატრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გამოიკვლია ბევრმა პროფესიონალმა და ყველას დასკვნით, მას უვლინდება მეხსიერების დაქვეითება, რაც მისდაუნებურად ხდება.

“ყველა მკვლევარი თანხმდება, რომ მას მძიმე მდგომარეობა აქვს. დაზუსტებით მინდა ვთქვა, რომ ის არ აყალბებს თავის მდგომარეობას”, – განაცხადა გოლდშმიტმა.

გოლდშმიტის განცხადებით, სააკაშვილის დიაგნოზის მქონე პაციენტის ყოფნა საპატიმრო დაწესებულებაში არ შეიძლება და ფიქრობს, რომ მისი დიაგნოზი ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. მისი შეფასებით, სააკაშვილს ვერ ჩაუტარდება შესაბამისი ფსიქოთერაპია იქ, სადაც ახლა იმყოფება და უნდა გადაიყვანონ ევროპის ან აშშ-ის “მესამე დონის კლინიკაში.

“მას სჭირდება ისეთი დაწესებულებაში გადაყვანა, რომელიც სპეციალიზდება ბევრი მიმართულებით, როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქიკური.

უპირველეს ყოვლისა მას ისეთ დაწესებულებაში ყოფნა ესაჭიროება, რომელსაც გააჩნია კვალიფიკაცია, რომ მოხდეს იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია შეძენილი დემენცია.

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ამ კლინიკამ ჩამოაყალიბოს მკურნალობის სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდება დეტოქსიკაცია. ასევე, ამ კლინიკამ შეძლოს მთლიანობაში მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება”, – განმარტა მან.

ხაჭაპურიძის შეკითხვაზე, რა აქვთ “მესამე დონის კლინიკებს” ისეთი, რაც არ აქვს “ვივამედს” ან ციხის საავადმყოფოს, გოლდშმიტმა უპასუხა:

“პირველ რიგში მათ აქვთ ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები. რაც სრულიად აუცილებელია მისი სწრაფად პროგრესირებადი დემენციის მკურნალობისთვის. მეორე მხრივ, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც სხვაგან არ ეწევიან.

მსოფლიოში ძალიან მცირე ადგილებია, სადაც შესაძლებელია მძიმე მეტალებით დაბინძურებული თავის ტვინის მკურნალობა.

ასე რომ, სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ ერთ-ერთ ასეთ კლინიკაში, რათა უსწრაფესად მოხდეს მისი მდგომარეობის შეფასება და მკურნალობის დანიშვნა”.

ფსიქიატრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტიპის კლინიკაში დროულად არ გადაიყვანენ, შესაძლოა მისი მდგომარეობა გართულდეს ან დაიღუპოს.

ამასთან, გოლდშმიტის თქმით, სააკაშვილმა ციხეში განიცადა ისეთი ტრავმული გამოცდილებები, რაც მიმართული იყო მისი დასჯისკენ და “ორკესტრირებული იყო ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ”, რაც სტამბულის პროტოკოლის მიხედვით წამების განმარტებასთანაა თანხვედრაში.

ექიმის განცხადებით, შეძენილი დემენცია, რომელიც სააკაშვილს სჭირს, განსხვავებით ალცჰაიმერის დაავადებისგან, სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში განკურნებადია.

მასალების გადაბეჭდვის წესი