საზოგადოება

„პატივია თქვენ გვერდით ყოფნა პუტინის ომში“ | ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრა

22 დეკემბერი, 2022 •
„პატივია თქვენ გვერდით ყოფნა პუტინის ომში“ | ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვლის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავით დაეშვა.

„მე დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის და გავაგრძელოთ თანამშრომლობა გამარჯვებასთან დასაახლოებლად. გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს“, — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდნენ. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

„ომის 300 დღე. ძნელი დასაჯერებელია. პატივია თქვენ გვერდით ყოფნა პუტინის მიერ წარმოებული სასტიკი ომის წინააღმდეგ ერთიან დაცვაში“, — მიმართა ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.

ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ მხარს უჭერს „მშვიდობას“ უკრაინისთვის და უკრაინა აგრძელებს მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენას.

აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. მან თქვა, რომ პუტინი იყენებს ზამთარს, როგორც იარაღს. ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის შემდგომ დახმარებას.

უკრაინის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის. ზელენსკიმ ბაიდენს გადასცა ჯვარი — უკრაინელი გმირის ჯილდო, რომელიც მისი თქმით, HIMARS-ის ბატარეაზე პასუხისმგებელმა კაპიტანმა სპეციალურად აშშ-ის პრეზიდენტისთვის გამოატანა.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესის წინაშე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით 1,85 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. დახმარების ახალი პაკეტში შედის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა.

რა შეუძლია PATRIOT-ს, რომელიც შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი