საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ უკრაინას 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაუგზავნა

21 დეკემბერი, 2022 • 1191
საქართველოს მთავრობამ უკრაინას 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაუგზავნა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის (150-დან 500 კვტ-მდე) გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიძინა.

უწყების ცნობით, ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვებისა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა.

გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის — კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. მსურს, გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში”, — განაცხადა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა.

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს უკრაინაში გაგზავნილი მაღალი სიმძლავრის გენერატორების პარტია მცირედით მაინც შეუმსუბუქებს უკრაინელ ხალხს არსებულ პრობლემებს.

„ნეტგაზეთმა“ უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების შესახებ პირველი სტატია, სახელწოდებით „რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით“, 29 ნოემბერს გამოაქვეყნა. მოგვიანებით, 5 დეკემბერს, უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს მთავრობას მსგავსი დახმარების თხოვნით 1 თვის წინ მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი არ ჰქონდა მიღებული. კასიანოვის განცხადებას 8 დეკემბერს მოჰყვა კრიტიკა სახელისუფლებო გუნდიდან, რა დროსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატის ქცევა არღვევდა დიპლომატიურ ეტიკეტს.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, საქართველო არ აწარმოებდა იმ სიმძლავრის გენერატორებს, რომელთაც უკრაინა ითხოვდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ საქართველოს შეეძლო ამგვარი საქონელი უცხო ქვეყანაში შეეძინა და ამ წესით უკრაინისთვის გადაეცა. თუმცა 9 დეკემბერს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში გასაგზავნ გენერატორებს შეიძენდა.

სამოქალაქო კამპანიის „გაუზიარე სინათლე” ფარგლებში შეგროვებული თანხით, საქართველოდან უკრაინაში ასევე გაიგზავნა 394 მცირე გენერატორი. კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, გენერატორების საერთო სიმძლავრე სამი საშუალო ზომის სოფლის გასანათებლად საკმარისია. მათ შორის არის 160 კილოვატის და 136 კილოვატის სიმძლავრის გენერატორები, რომლითაც კიევის ოლქის ორი ქალაქის – ბიორკას და პერეასლოვ-ხმელნიცკის წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ.

კამპანიაში მონაწილეობა საქართველოს 4 056-მა მოქალაქემ და 34-მა ბიზნესმა მიიღო. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის დაწყებიდან ორ კვირაში ნახევარ მილიონ ლარამდე შეგროვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი