საზოგადოება

უკანონო დაშენება მთავრობის ადმინისტრაციის მოპირდაპირედ

17 დეკემბერი, 2022 • 1559
უკანონო დაშენება მთავრობის ადმინისტრაციის მოპირდაპირედ

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის მოპირდაპირედ მდებარე შენობაზე გამოჩნდა კონსტრუქცია, რომელიც  უნებართვოდ არის აღმართული. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მოკვლევა მიმდინარეობს.

საუბარია ინგოროყვას ქუჩის N5-ში მდებარე ნაგებობაზე, რომელშიც სასტუმროები და საცხოვრებელი ბინებია. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა 2012 წელს გაიცა და 2014 წლისთვის ობიექტი უკვე აშენებული იყო.

დაუზუსტებელია, როდის დაადგეს შენობას ვერანდის სტილის შემინული კონსტრუქცია, რომელიც, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან და შიდა ეზოდან ჩანს, ჯერაც არ უნდა იყოს დასრულებული.

ინგოროყვას N5-ში მდებარე შენობის ხედი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან. 16.12.22 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, დაშენება 6 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე შეკრების დროს შენიშნა.

“შევამჩნიე ამ ახალაშენებული კორპუსის თუ შენობის თავზე მიმდინარე უკანონო მშენებლობა 90-იანი წლების სტილში. ასეთ თავხედურ დაშენებებს აკეთებდნენ ხოლმე მაშინ, როცა სახელმწიფო და ინსტიტუტები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასეთი რაღაცების კეთება გრძელდება ახლაც”, — დასძინა მან.

“…ვხედავთ, რომ კუსტარული ფორმით ხდება რაღაც დამატებითი ნაგებობის დადგმა ამ შენობაზე”, — ამატებს ის.

ინგოროყვას N5-ში მდებარე შენობის ხედი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან. 16.12.22 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

1526 კვ.მ. ნაკვეთს, რომელზეც შენობა დგას, საჯარო რეესტრის მიხედვით კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ” ფლობს, შენობაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების ფართები კი მრავალ მესაკუთრეს შორის ნაწილდება.

ნაგებობასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლის ბოლო განაცხადი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით, 2018 წლით თარიღდება. თუმცა მაშინ საუბარი იყო სულ სხვა საკითხზე, კერძოდ ჩილერის დანადგარების განლაგებაზე ეზოში.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არ იძებნება სამშენებლო ნებართვა იმ კონკრეტული კონსტრუქციის მოსაწყობად, რომელზეც საბა ბუაძე საუბრობს. კონსტრუქცია შენობის არც მშენებლობის პროექტში ჩანს და არც 2017 წელს გადაღებულ ფოტოებზე, რომლებშიც ნაგებობის სახურავია აღბეჭდილი.

ინგოროყვას N5-ში მდებარე შენობის სახურავი. ფოტო დართული აქვს 2017 წლის ივნისში არქიტექტურის სამსახურში შეტანილ განაცხადს, რომლითაც ღიობების გაჭრის და მათში ალუმინის ვიტრაჟების მოწყობის ნებართვა მოითხოვეს. ამჟამინდელი დაშენება არც ამ ფოტოზე ჩანს და არც იმ ფოტომონტაჟში, რომელიც განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოების შემდგომ სურათს ასახავს.

“ნეტგაზეთი” თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ხსენებულ დაშენებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე, მათ შორის იმაზე, თუ როდის დაიწყო მოკვლევა, უწყებაში, ამ ეტაპზე, არ საუბრობენ.

დავუკავშირდით “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის” დირექტორსაც (და მფლობელსაც), რომელიც ამბობს, რომ არც დაშენების შესახებ აქვს ინფორმაცია და არც მერიის მიერ დაწყებულ მოკვლევაზე.

“ჩვენ არ გაგვიკეთებია ეს დაშენება. გაყიდულია ფართები და შეიძლება, ვინმე აშენებს, არ ვიცი”, — დასძენს დავით ბრეგაძე.

როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, მისი პრეროგატივა არ არის, თუ რომელიმე ფართის მესაკუთრე რაიმეს გააკეთებს.

“გავერკვევი მაგ საკითხში. ძალიან დიდი ხანია, დასრულებულია ეს კორპუსი და ვინ რას აკეთებს, ეგ ნამდვილად აღარ ვიცით”, — აღნიშნა ბრეგაძემ.

თავის დროზე, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის წინ ეს შენობა შენდებოდა, “ჯორჯიან დეველოპმენტ ჯგუფის” სახელი იმ დროს ბიზნესმენეს და ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატ ბეჟან წაქაძეს (და მის შვილს) უკავშირდებოდა. თუმცა ახლა წაქაძეს ამ კომპანიასთან ოფიციალური კავშირი აღარ აქვს.

ინგოროყვას N5-ში მდებარე ნაგებობაზე დაშენებული კონსტრუქციის ხედი შიდა ეზოდან. 16.12.22 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ინგოროყვას N5-ში მდებარე შენობაში, საცხოვრებელ ბინებთან ერთად, სასტუმროები “სოლოლაკი” და “გალერი პალასი” ფუნქციონირებს. ორივე სასტუმროში “ნეტგაზეთს” უთრხეს, რომ დაშენებასთან კავშირი არ აქვთ.

კორპუსის მცხოვრები, რომელსაც გავესაუბრეთ, ამბობს, რომ “დიდი ხანია”, დაშენებას ხედავს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდიდან. ვერც მეორე ადგილობრივმა გვითხრა, როდის გამოჩნდა სტრუქტურა ადგილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.