საზოგადოება

უწოდა თუ არა სააკაშვილმა პუტინს „ლილიპუტინი“

13 დეკემბერი, 2022 • 2375
უწოდა თუ არა სააკაშვილმა პუტინს „ლილიპუტინი“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ლილიპუტინს“ უწოდებდა.

13 დეკემბერს, ჟურნალისტის კითხვაზე, – მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში „აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია“ მისმა პასუხმა კითხვაზე, „არის თუ არა რუსეთი მტერი“, ხომ არ გადაიფიქრა პასუხი, – განაცხადა:

„მე ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი და ჩემი პასუხი ყველასთვის ნათელი იყო, ვისაც უნდოდა ამ პასუხიდან შინაარსის ამოღება. რაც შეეხება აგრესიული რიტორიკის წახალისებას, მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი, მაგალითად, პუტინს ეძახდა ლილიპუტინს და მას ჩააბარა ტერიტორიების 20%. რა ჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20%, თუ პირიქით“?

ამის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებელი, რისი მიზანიც არის მეორე ფრონტი საქართველოში… თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და რომელიც ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ, ეს არის მიზანი“.

„არის თუ არა რუსეთი მტერი“

რამდენიმე დღის წინ კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

ამის ნაცვლად კობახიძემ მტრის ცნების „სხვადასხვა გაგებაზე“ ისაუბრა და თქვა, რომ „მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე“.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ „რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%“ და „ეს ფაქტია“, თუმცა არ ეთანხმება ფრაზას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ომიცაა.

მისი თქმით, ვინც ამას ამბობს, მას სურს, „ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც. ოცნებობენ მეორე ფრონტზე საქართველოში“.

მის ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილისგან და ოპოზიციური პარტიებისგან კრიტიკა მოჰყვა.

თქვა თუ არა სააკაშვილმა „ლილიპუტინი“?

მიხეილ სააკაშვილი ამას უარყოფდა.

2008 წლის 28 ნოემბერს, – როდესაც სააკაშვილი პარლამენტში აგვისტოს მოვლენების გარშემო დროებითი საგამოძიები კომისიის წინაშე წარდგა, დეპუტატმა პაატა დავითაიამ ჰკითხა, მიაჩნდა თუ არა სააკაშვილს, რომ რუსეთის მიმართ მისმა პირადმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ შეუძლებელი გახადა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება: „რატომ უწოდეთ პრეზიდენტ პუტინს „ლილიპუტინი“? ამან ხომ არ გამოიწვია აგრესიის მომენტები“?

სააკაშვილმა, – რომელიც მაშინ კვლავ იკავებდა პრეზიდენტის პოსტს, – დავითაიას ჰკითხა, სადმე პირადად მოუსმენია თუ არა აღნიშნული სიტყვა, შემდეგ კი განაცხადა:

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არასდროს, არცერთ ვითარებაში, – არც პირადი შეხვედრისას, არც საჯარო გამოსვლის დროს, არც რომელიმე სხვა ლიდერთან ან ჩვეულებრივ მოქალაქესთან საუბრისას, – არ მიმიყენებია არც მსგავსი და არც სხვა ტიპის შეურაცხყოფა. არც უხეში გამონათქვამი გამომიყენებია როდესმე რუსეთის რომელიმე ლიდერის მიმართ. მათ ყოველთვის პატივისცემით ვიხსენიებდი. ეს იყო ჩემი მოქმედების პრინციპი და არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის შემდეგაც“.

გიგა ბოკერიამ, – რომელიც ენმ-ის მმართველობის დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, – 2013 წელს განაცხადა, რომ „არცერთ განცხადებაში პრეზიდენტ სააკაშვილს პრეზიდენტ პუტინისთვის არ უწოდებია ლილიპუტინი“ და ამ ცნობას „მითი და პიარი“ უწოდა.

ამ დროისთვის მედიაში მსგავსი შინაარსის ვიდეო/აუდიოჩანაწერი არ იძებნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი