საზოგადოება

თბილისის საახალწლო ხარჯების 10%-ის დაზოგვით უკრაინისთვის 15 გენერატორის შეძენა შეიძლებოდა

5 დეკემბერი, 2022 •
თბილისის საახალწლო ხარჯების 10%-ის დაზოგვით უკრაინისთვის 15 გენერატორის შეძენა შეიძლებოდა

თბილისის მერია საახალწლოდ თითქმის 5 მილიონი (4 994 200) ლარის დახარჯვას გეგმავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, მერია „2023 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად “ჩაატარებს საბავშვო კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მსვლელობებს, პერფორმანსებს, ასევე, ანსამბლების, ბენდებისა და მომღერლების კონცერტებსა და ელექტრონულ ლაივ-შოუებს.

ღონისძიებები 22 დღის განმავლობაში, 2022 წლის 23 დეკემბრიდან – 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედანზე, მშრალ ხიდზე, 9 აპრილისა და 9 მარტის ბაღებში გაიმართება.

მერიის გეგმის თანახმად, თბილისში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო თემატური ფოტოზონები, მოცულობითი ინსტალაციები და დეკორაცია/მორთულობები, მათ შორის, დეკორირებული ნაძვის ხეები, თემატური თაღები, სასცენო დეკორაციები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, მოცულობითი ინსტალაციები (თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, საახალწლო ლაბირინთი, საახალწლო მატარებელი და ა.შ.) და სხვა.

მათ შორის ფული ასევე დაიხარჯება თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის გარშემო თბილისის საახალწლო სლოგანის „მშვიდობის ქალაქის“ ინსტალაციის მოწყობისთვის. წლევანდელ სლოგანს და, შესაბამისად, ინსტალაციას მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს და მას შეუსაბამოდ და უხერხულად მიიჩნევს იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომია.

წელს, კალაძის მერობის პირობებში, საახალწლო მიზენებისთვის მერია ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს. მანამდე ყველაზე მეტი ამ მიზნით 2020-2021 წლებში დაიხარჯა, 4,5 მილიონი ლარი.

ენერგოშანტაჟი უკრაინაში და რა შეიძლება გაკეთდეს  

კიევში, რომელიც თბილისის დაძმობილებული ქალაქია და პერიოდულად რუსული რაკეტებითა და დრონებით იბომბება, ყინვების დაწყების პარალელურად, გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აგროვებენ.

მიზეზი ისაა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

კრემლის მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

ნეტგაზეთმა ერთი კვირის წინ, 29 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, იგეგმებოდა თუ არა უკრაინისთვის გენერატორების გადაცემა, თუმცა პასუხი ჯერაც ვერ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნა უპირველესად ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, ამგვარი დახმარების გაგზავნა შეუძლიათ ქალაქებსაც, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქებსაც.

მაგალითისთვის, 200-ზე მეტი ევროპული ქალაქი და თვითმმართველობა აგზავნის უკრაინაში გენერატორებს „იმედის გენერატორების“ ინიციატივის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისი საახალწლო ღონისძიებებზე 10 პროცენტით ნაკლებს დახარჯავდა, რაც 499 420 ლარი და, დღევანდელი გაცვლითი კურსით, დაახლოებით 185 329 დოლარია, მაშინ ეს თანხა საკმარისი იქნებოდა თურქული წარმოების 120-კილოვატიანი დაახლოებით 15 ცალი გენერატორის შესაძენად.

ნეტგაზეთი ესაუბრა საქართველოში გენერატორების ვაჭრობით დაკავებულ რამდენიმე კომპანიასა და პირს, რომელთა თანახმადაც, ამჟამად მსგავსი სიმძლავრის ახალი თურქული გენერატორების საქართველოში შემოტანის საბაზრო ფასი საშუალოდ 12 000 ამერიკული დოლარია.

გასაშუალოებული საბაზრო ფასი მოიცავს ნივთის თურქეთში შეძენის ღირებულებას, საქართველოში ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯებს, ასევე შემომტანი კომპანიისა ან პირის მიერ დაგეგმილ მოგებასაც.

სფეროს წარმომადგენლების თანახმად, ბაზარზე ახალი ევროპული, ამერიკული, იაპონური და კორეული გენერატორები გაცილებით ძვირი ღირს.

მათივე განცხადებით, ამჟამად ბაზარზე მიწოდების ვადები და მოთხოვნა გაზრდილია, რაც გამოწვეულია ჩინეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული „ლოქდაუნებითა“ და უკრაინაში გენერატორებზე გაზრდილი მოთხოვნით.

გეგმავს თუ არა მერია უკრაინაში გენერატორების გაგზავნას, ჯერ უცნობია. შესაბამის კითხვაზე მერიის მიერ პასუხის გაცემის შემთხვევაში მასალა განახლდება.

რატომ უნდა დაეხმაროს საქართველო უკრაინას გენერატორებით

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის ენერგოგენერატორების გაგზავნა „სწორი ნაბიჯი“ იქნებოდა.

„კარგი იქნება, თუ უკრაინაში ვინმე ოფიციალური პირი ამ გენერატორებთან ერთად ჩავა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, და შეეცდება ეს ურთიერთობები გამოასწოროს. ამისთვის ყველაზე ადეკვატური ფიგურა, ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრია.

მე მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინელებისთვის და ურთიერთობების გამოსწორებისთვის სწორი ნაბიჯი“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ხერსონში მცხოვრები მოქალაქეები ცდილობს მობილურების დატენვას.

მისივე განცხადებით, გენერატორების გადაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის გაღიზიანებად“.

„თუ ვინმეს ეშინია, რომ ამით რუსეთი გაღიზიანდება, არასწორია. ეს აბსოლუტურად უწყინარი, ჰუმანიტარული აქციაა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს გაყინვას უკრაინელი მეგობრები“, – აცხადებს ის.

ამავე თემაზე იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

მასალების გადაბეჭდვის წესი