საზოგადოება

თუ პროცესში არიან ჩართულები, არ უნდა იყვნენ კულისებში – მელია კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე

1 დეკემბერი, 2022 •
თუ პროცესში არიან ჩართულები, არ უნდა იყვნენ კულისებში – მელია კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი აზრით, თუკი დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულნი არიან, ამას ღიად უნდა აკეთებდნენ.

ნიკა მელიამ პირველ დეკემბერს ტვ „პირველში“ ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ბიძინა ივანიშვილის „ალტერნატივად წარმოაჩინოს დავით კეზერაშვილი“, ასეთ დიქოტომიაში კი „პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბევრი მიზეზის გამო გაიმარჯვებს“.

„ოცნება, რა თქმა უნდა განცხრომაშია, როცა ქმნის ამ დიქოტომიას… მთელი პროპაგანდისტული ხაზი ეგაა, რომ აქეთ არის ივანიშვილი, და მისი ალტერნატივა არიან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად. 24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართულები, – და ამაზე ჩემს პოზიციას მოგვიანებით მოგახსენებთ, – უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში…კულისებში როდესაც ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტელეწამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი გადმოსახედიდან დგანან თუ არა პარტიაში მიმდინარე მოვლენების [შიდა არჩევნების მოთხოვნის] უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი, განაცხადა, რომ სანამ პარტიაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, არ გასცემს ამ კითხვას პასუხს.

ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დასრულდეს „პროცესი, რაც შიგნით წამოვიწყეთ“.

„ეს პროცესი არ დაწყებულა არც 5-6 ნოემბერს. ადამიანები, ვინც ამ გეგმის უკან დგანან, მათ ამის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, უბრალოდ მე ყოველთვის ვცდილობდი, არ მესაუბრა და არც ახლა ვსაუბრობ“, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი