საზოგადოება

პოლონეთში „კრიზისული სიტუაციის“ გამო ეროვნული უსაფრთხოების სხდომა მოიწვიეს

15 ნოემბერი, 2022 •
პოლონეთში „კრიზისული სიტუაციის“ გამო ეროვნული უსაფრთხოების სხდომა მოიწვიეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

თუმცა მას არ დაუსახელებია სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი და  განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება. ამასთან, მან მედიას მოუწოდა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პრჟევოდოვში, მარცვლეულის საშრობ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შესახებ. შემთხვევის დროს  ორი ადამიანი დაიღუპა, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და სამხედროები. მათივე ინფორმაციით,  რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.


უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 15 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაისროლეს, რაც ყველაზე მასიური სარაკეტო შეტევაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ჩამოვარდა პოლონეთთან საზღვართანაც.


ფოტოზე: პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მივიდა უშრიშროების საბჭოს სხდომაზე. ვარშავა , პოლონეთი, 15 ნოემბერი, 2022. ფოტო: EPA-EFE/RADEK PIETRUSZKA

მასალების გადაბეჭდვის წესი