საზოგადოება

მე ვარ ჰომოსექსუალი, მე ვარ მართლმადიდებელი, მე ვარ ქართველი

17 მაისი, 2010 • • 3541
მე ვარ ჰომოსექსუალი, მე ვარ მართლმადიდებელი, მე ვარ ქართველი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. შარშან IDAHO-ს კამპანიამ აქცენტი ტრანსსექსუალების დაცვაზე გააკეთა, 2010 და 2011 წლებისთვის კი კამპანიის მთავარი ნაწილი რელიგიისკენ იქნება მიმართული. 

1961 წელს ეკრანებზე გამოვიდა ამერიკელი კინოკლასიკოსის, უილიამ უაილერის შავ-თეთრი შედევრი „ბავშვების საათი“. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი შეიძლება მოიძებნოს, ვისაც კარენ ურაითის (ოდრი ჰეფბერნი) და მარტა დობის (შირლი მაკლეინი) ისტორია გულგრილს დატოვებს. მეგობარ ქალებს, რომლებიც მცირეწლოვანთა სკოლას ერთად უძღვებიან, ერთ-ერთი მოსწავლე ლესბოსელობაში დასდებს ბრალს. მშობლებს ბავშვები სკოლიდან გაყავთ, ურთიერთობები წყდება, დაცარიელებული სკოლის და ქალების სირცხვილის შესახებ გაზეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით წერენ, ბოლოს ტრაგიკული ფინალიც დგება.

სიძულვილით მოტივირებული ჭორი ადამიანების ცხოვრებას ანგრევს (ფრანგულ გაქირავებაში ფილმს „ჭორი“ ერქვა), მაგრამ ფილმის დასასრულს ოდრი ჰეფბერნის პერსონაჟს ჰყოფნის ძალა მარტას დაკრძალვის ცერემონიალზე შეკრებილ ადამიანებს შორის თავდაჯერებულად გაიაროს და ამაყი ღიმილით აირიდოს მისკენ მიმართული ყველა კრიტიკული მზერა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად უილიამ უაილერის ფილმი ქართველი მაყურებლისთვის „კლუბ 33ა“-ში უნდა ეჩვენებინათ. საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, თინათინ ჯაფარიძე ამბობს, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, როდესაც კლუბის დირექციამ საღამოს თემატიკის შესახებ შეიტყო, სეანსის გამართვაზე უარი განაცხადა. კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა, ნიაზ დიასამიძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთს უთხრა, რომ „კომენტარის გაკეთება არ სურს“.

საქართველოში, საზოგადოების დიდ ნაწილში, ჰომოსექსუალობა გარყვნილებასა და უხამსობასთან იგივდება. ჩვენს გარშემო ადამიანთა უმრავლესობას ჰომოსექსუალების „გემზე აშვება და ჩაძირვა“, „უცხო კუნძულზე გადასახლება“ ან, უბრალოდ, „კოცონზე შენთება“ სურს.  ამის თქმის საშუალებას ვებ-ფორუმებისა და სოციალური ქსელების ანალიზი, ჰომოსექსუალების მიერ მონათხრობი ისტორიები, ჰომოფობიის გამოვლენის ფაქტები, აგრეთვე, ადამიანების ყოფით ლექსიკასა და ქმედებაში გამოხატული ჰომოფობური განწყობა გვაძლევს.

წელს საქართველოში ეს თარიღი ცოტათი უსწრებს წინ თბილისის მერის არჩევნებს და, როგორც ყოველთვის, საარჩევნო კამპანიების დაძაბულ მსვლელობაში ჰომოსექსუალობა ისევ ტივტივებს, როგორც მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაციის ერთ-ერთი „ყველაზე ეფექტური“ საშუალება. ერთმანეთის გასალანძღად „ჰომოსექსუალის“ დამაკნინებელი სინონიმების გამოყენება პოლიტიკოსებს არც ამ ჯერზე ავიწყდებათ. 

„გამონაკლისი იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხანებში ჩატარებული არჩევნები, როდესაც ჰომოფობური რიტორიკა ჩაცხრა. პოლიტიკოსები, რომლებსაც შეიძლებოდა, ეს თემა ეხსენებინათ, ძირითადად, მარგინალიზებული პოლიტიკური ფიგურები იყვნენ (ირაკლი წერეთელი, ირინა სარიშვილი და ა.შ.)“, – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი, ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან“. 

ჰომოფობურ განცხადებების ტირაჟირებას და გახმოვანებას აქტიურად ეწევა მედიაც. რამდენიმე წელია ეკა აღდგომელაშვილი ამ კუთხით ქართული მედიის ანალიზს აკეთებს და ამბობს, რომ წინა პერიოდთან შედარებით, უკვე მეოთხე წელია, რაც მედიის მიერ ჰომოსექსუალობის რეპრეზენტირების პოლიტიკა შეიცვალა და თუკი ადრე პუბლიკაციების მცირე ნაწილი ნეიტრალური იყო, დღეს საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალურობამ იკლო, სამაგიეროდ გაიზარდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შეფასებები. ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ბოლო დროს, „ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხთან მიმართებაში, ჩვენს საზოგადოებაში გარკვეული პოლარიზაცია შეიმჩნევა. ლიბერალური ფასეულობები უფრო გამოკვეთილი გახდა, ისევე, როგორც კონსერვატული. ცვლილებასაც, ალბათ, ეს განაპირობებს. წლების მანძილზე პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეუცვლია ყვითელ პრესას, რომელიც მთლიანად გაყიდვასა და ტირაჟზეა ორიენტირებული და ამიტომაც გასაგებია, ხმაური რისთვისაც სჭირდება“.

ჰომოფობური მედიის და ჰომოფობი პოლიტიკოსების გარდა, ჰომოსექსუალები რელიგიურ ექსტრემისტებსაც სძულთ. დიდი ხანია, „ლესბოსელი“ და „მამათმავალი“ მათი სიტყვაკაზმულობის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. ამგვარი სექსუალური ქცევის მიმართ მკვეთრი და ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. მიუღებელი სექსუალური ქცევის მქონე ადამიანს მის წიაღში მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუკი იგი საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე უარს იტყვის.  

რელიგიებსა და ჰომოსექსუალურ იდენტობას შორის შეუთავსებლობის პრობლემა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში არსებობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანი არის იმის გამორკვევა, თუ რას ფიქრობენ რელიგიური ლიდერები არა ჰომოსექსუალობის, არამედ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესახებ, ეთანხმებიან თუ არა ისინი სისასტიკის გამოვლენას ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი) ადამიანების მიმართ.

თუკი საქართველოში ჰომოფობური განცხადებები ყვითელ პრესას ტირაჟს უზრდის, ხოლო პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ სოციალური ფობიებით თამაშობენ, „დივიდენდი ანუ მოგება, რომელსაც ეკლესია იღებს, ამ შემთხვევაში, საჯარო დისკურსზე მონოპოლია და ცენზურის დაწესებაა“ – თვლის ეკა აღდგომელაშვილი.

ჰომოფობიასთან ბრძოლას ჰომოსექსუალობის განხილვის კონტექსტის ცვლილებაც ართულებს. რელიგიური შეფასების მინიჭებით ამ სექსუალურმა ქცევამ „ავადმყოფობის“ დისკურსიდან „ცოდვის დისკურსში“ გადაინაცვლა. ქვეყანაში, სადაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მორწმუნე მართლმადიდებელია, ეს ფაქტორი მდგომარეობას უფრო ამძიმებს. თუმცა, ეკა აღდგომელაშვილი ფიქრობს, რომ „ეკლესიის მიმართ მაღალი ნდობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების კრიზისი, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანები ძალადობას მიესალმებიან. ბევრ რელიგიურ ადამიანს ღია აგრესია და ძალადობა აღიზიანებს და იშვიათად ხდება, რომ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობა  აგრესიული იყოს და ძალადობას ემხრობოდეს, ვის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს ის“.

მკვეთრად ჰომოფობურ გარემოში, როგორიც საქართველოა, ჰომოსექსუალების უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. ისეთი თარიღების აღნიშვნას, როგორიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჰომოსექსუალების უფლებების  დაცვასა და ქსენოფობიის დაძლევაში, მით უმეტეს, როცა, ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ცალსახაა – ჰომოფობია ქსენოფობიის ერთ-ერთი ფორმაა.

კლუბში 33-ა, სადაც შარშან, ზაფხულში, ღია გეი თემატიკის შემცველი 2008 წლის ფრანგული კომედიის „მოლუსკები და ნიჟარები“ ჩვენება შედგა, ამჯერად, როცა არჩევნები მოახლოებულია და როცა ადამიანები ჰომოსექსუალებს რუპორებით აგინებენ, ჰომოფობიის დღისთვის თემატურად შერჩეული გაცილებით მოკრძალებული 60-იანი წლების კინოკლასიკის სეანსის გამართვაზე უარი ითქვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი