საზოგადოება

„გარდაცვლილი კაცი აირჩიეს“ – ზარქუას მანიპულაციური განცხადება აშშ-ის არჩევნებზე

14 ნოემბერი, 2022 • 1513
„გარდაცვლილი კაცი აირჩიეს“ – ზარქუას მანიპულაციური განცხადება აშშ-ის არჩევნებზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა, ირაკლი ზარქუამ შეერთებული შტატების ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური განცხადება გააკეთა და დეზინფორმაცია გაავრცელა.

ზარქუამ კვირას, 13 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა შეერთებულ შტატებში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნები, თქვა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, იყო „პოლარიზაცია, [ამომრჩევლის] მოსყიდვა, დაშინება“ და დასძინა:

„რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ. ნუ, არ ვიცი, ეს თუ სიმართლეა… ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია და მე, თუ არის საშუალება, დავგმობდი ამას“.

ზარქუამ ასევე განაცხადა:

„გულისტკივილით ვამბობ ამას, რადგან ჩვენ აშშ-ს, ისევე როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს, ვუყურებთ როგორც მაგალითის მომცემს, და როცა ეუთოს ასეთი დასკვნა დაიდება, როგორ უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია? რანაირად უნდა ავუხსნათ მას, რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი? რანაირად უნდა ავუხსნათ, რომ დაშინება, მოსყიდვა გამორიცხულია? გაგვიჭირდება… მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მეგონა. ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, – რაც არცერთი აქვთ შესრულებული, – დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. ჩვენ გვინდა ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი“, – განაცხადა ზარქუამ.

 

„ნეტგაზეთმა“ პარლამენტარის განცხადებები გადაამოწმა:

რა მოხდა სინამდვილეში

8 ნოემბრის არჩევნების შედეგად, პენსილვანიის წარმომადგენლად, ხმების 85%-ით, მართლაც აირჩიეს დემოკრატების კანდიდატი ტონი დელუკა, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. თუმცა ეს საკითხი არანაირად არ უკავშირდება არჩევნების გაყალბებას ან რაიმე მანიპულაციას.

საქმე ისაა, რომ შტატების კანონმდებლობით, კანდიდატების დაყენება შესაძლებელია მხოლოდ ბიულეტენების დაბეჭდვამდე.

საარჩევნო ბიულეტენები 28 სექტემბერს დაიბეჭდა, ხოლო 85 წლის დელუკა, – რომელიც მანამდეც იყო პენსილავიის წარმომადგენელი წარმომადგენელთა პალატაში, – ბიულეტენების დაბეჭდვის შემდეგ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდებოდა.

პენსილვანიაში სპეციალური არჩევნები გაიმართება დელუკას შემცვლელის ასარჩევად.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე დაწერა:

„უზომოდ დამწუხრებულნი ვართ წარმომადგენელი ტონი დელუკას გარდაცვალებით. ამასთან, სიამაყით შევნიშნავთ, რომ ამომრჩევლები აგრძელებენ მის და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ნდობის გამოხატვას მისი გარდაცვალების შემდეგაც კი მისთვის ხმის მიცემით და ხელახლა არჩევით. სპეციალური არჩევნები მალე გაიმართება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა პენსილვანიისათვის, როდესაც კანდიდატი გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს. მაგალითად, ასე აირჩიეს სენატორი ჯეიმს როუდსი 2008 წელს, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მის ჩასანაცვლებლად არჩევნები მომდევნო წლის მარტში გაიმართა.

ეს საკითხი, – ვინაიდან არ შეიცავს არანაირი დარღვევის/გაყალბების ნიშნებს, – არც ასახულა ეუთოს ანგარიშში.

ეუთო/ოდირის დასკვნა

ეუთომ 8 ნოემბრის შუალედური არჩევნები შეაფასა, როგორც „კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული, ამომრჩევლის მაღალი აქტივობით“.

ეუთომ ასევე დაწერა, რომ არჩევნები გამოირჩეოდა „საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიმართ მუქარით და არჩევნების პროცესისადმი ამომრჩევლის ნდობისათვის ძირის გამოთხრის მცდელობებით“, რაც გამოიხატებოდა „ელექტორალური პროცესის პატიოსნების უსაფუძვლოდ ეჭვის ქვეშ დაყენებაში“.

ეუთო/ოდირის დასკვნას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის კომპეტენტურობა ან პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

ეუთოს დასკვნაშივე ხაზგასმულია, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებები უსაფუძვლო იყო, – განსხვავებით იმ ანგარიშებისაგან საქართველოზე, სადაც დამკვირვებლების შეშფოთებებია გამოხატული, თუმცა ცალსახად არ არის ნათქვამი, რომ ეს შეშფოთებები „უსაფუძვლოა“.


ისევე, როგორც „ქართული ოცნებისგან“ ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ, ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერეს.

ექსპერტების თქმით, ამგვარი რიტორიკა მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოსთვი სსაფრთხეს შეიცავს, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანდათანობით გაუცხოვდეს და რუსეთთან პირისპირ დარჩეს.

2022 წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში გამართული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ განცხადება გავრცელდა, სადაც ქვეყნის ცალკეულ მიღწევებთან ერთად ის საკითხებიც მოხვდა, რომელიც ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს. მათ შორისაა ქვეყანაში გაზრდილი ანტიდასავლური რიტორიკაც.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი