საზოგადოება

ბაღის ფრინველთა საათი

14 მაისი, 2010 • • 2809
ბაღის ფრინველთა საათი

რუხი კეფა და თხემი, შავი ფერის ყელი და მკერდი, მოთეთრო ლოყები – ასე გამოიყურება სახლის ბეღურა, ლათინური სახელწოდებით Passer domesticus.

ეს სახეობა ადამიანის სამოსახლოსთან მცხოვრებ ფრინველთა შორის ყველაზე გავრცელებული სახეობაა საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით სკოლის 3000-მდე მოსწავლემ, რომლებსაც შარშან ფრინველებზე დაკვირვება დაევალათ, ადამიანის საცხოვრებელთან ახლოს ყველაზე დიდი რაოდენობით ბეღურა აღრიცხეს.

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft fuer Technische Zusammenarbait (GTZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა“ ფარგლებში ქართულ სკოლებში ატარებს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიას სახელწოდებით „ბაღის ფრინველთა საათი“

„კამპანიის მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა და სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებაა“, – ამბობს იოსებ ქარცივაძე,  ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი.

კამპანიის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს ხორციელდება ფრინველებზე დაკვირვება. ამ დღეს სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ერთი საათით ბუნებაში გაიყვანენ  და ფრინველებს აღნუსხავენ.

ბავშვებს თან სპეციალური სია ექნებათ, სადაც 25 ფრინველის სახეობის სურათია დახატული. სიაში შედის: საყელოიანი გვრიტი, ჩვეულებრივი გუგული, ოფოფი, კოდალა, მერცხალი, ბოლოცეცხლა, ბულბული, შავი შაშვი, შავი წივწივა, წიწკანა და სხვები.

გიორგი ლებანიძე, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს ის ფრინველებია, რომლებიც ადამიანის სამყოფელთან ახლოს ბინადრობენ. მისი მიზანია მოზარდი უფრო დაახლოვდეს გარემომცველ ბუნებასთან.

„21-ე საუკუნეში ადამიანი ნაკლებად ურთიერთობს ბუნებასთან“, – ამბობს გიორგი ლებანიძე. „გვინდა, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის ხიდი გაიდოს და ასევე, ადამიანმა დააფასოს ბუნების ესთეტიკური მხარც“.

შარშან კამპანიაში საქართველოს 181 სკოლის 3000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: GTZ/ გიორგი ლებანიძე
ფოტო: GTZ/ გიორგი ლებანიძე

– „ვაკვირდებოდი ფრინველებს, ვუსმენდი და ვტკბებოდი. ვფიქრობდი, თუ რა ლამაზია ეს ქვეყანა ბუნებით, ფრინველებით და რა უფერული გახდებოდა მათ გარეშე“, – ამბობს ნათია მსუქნიშვილი, წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც აქციაში შარშან მიიღო მონაწილეობა.

„შეიძლება ადამიანს არ მოაფიქრდეს, რომ თავისუფლ დროს ფრინველებს დააკვირდეს“, ამბობს ლებანიძე. „ბევრი გვეუნებოდა, რომ აქამდე ყველა ფრინველი ბეღურა და მტრედი ეგონა“. ფრინველებს ერთმანეთისგან ვერ არჩევნდენ, ახლა კი სხვანაირად დაიწყეს გარემოს აღქმა“.

უშუალოდ ფრინველებზე დაკვირვებამდე მასწავლებლები, სამინისტროს მიერ მიწოდებული სასწავლო მასალით ბავშვებს უხსნიან თუ როგორ უნდა გამოიცნონ ესა თუ ის სახეობა.

ფრინველებზე დაკვირვებას თავისი წესები აქვს: ბუნებაში გასვლისას, ბავშვები 1-3 კაციან ჯგუფებად იყოფიან. თითოეულ ჯგუფს აღრიცხვის ფურცელი ეძლევა, სადაც 25 ფრინველის სახეობაა მოცემული. მოსწავლეები ერთი საათის განმავლობაში ერთ ადგილას სხედან. დაკვირვებისას მოძრობა, ხმაური და ფრინველების შეწუხება აკრძალულია. დაკვირვება დღის  პირველ ნახევარშია სასურველი. მოსწავლეები იმ ფრინველს აღნიშნავენ, რომელიც ნახეს, ერთი საათის შემდეგ კი ნანახ ფრინველთა რაოდენობას აჯამებენ.

დაკვირვების შედეგები მიეწოდება სამინისტროს, რომელიც ამ შედეგებს გამოსცემს ბროშურის სახით. ეს ბროშურები დაურიგდება კამპანიაში ჩართულ ყველა მოსწავლეს.

„ეს არაა შეჯიბრი, ვინ მეტ ფრინველს დაინახავს. კამპანიაში ჩართული ყველა მონაწილე თანასწორია, იმის მიუხედავად ერთი ფრინველი აღრიცხეს თუ ათი. მასწავლებლებთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით, რომ მოსწავლეებმა ფრინველები უნდა აღრიცხონ რეალური სურათის შესაბამისად და არ გაეჯიბრონ ერთმანეთს ვინ მეტ ფრინველს დაინახავს. “, – ამბობს ლებანიძე.

აქციის ერთ-ერთი მიზანი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემისათვის მონაცემების მიწოდებაა. ლებანიძის თქმით, ფრინველების რაოდენობა კონკრეტული გარემოს მდგომარობაზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება რეკომენდაციის შემუშავება სკოლის მოსწავლეებისათვის, როგორ გავხადოთ მრავალფეროვანი ჩვენი გარემო და როგორ მოვიზიდოთ ფრინველები.

„მოცემულ დავალებას ბავშვები ხალისითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. მსგავსი ღონისძიებები და აქციები მოსწავლეებს ნამდვილად გაუღრმავებს ბუნებისადმი ინტერესსა და სიყვარულს“, – ამბობს ცირა ბერეკაშვილი, წყალტუბოს სკოლა „ოცნების“ ბიოლოგიის მასწავლებელი.

ფრინველებზე დაკვირვება (Birdwatching) პოპულარულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კამპანიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში აქტივობის ამ სახეობის პოლულარიზაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი