საზოგადოება

უმრავლესობა ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას – IRI

7 ნოემბერი, 2022 • 722
უმრავლესობა ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოდიან და ბიზნესის დაწყებისა და მიწის ყიდვის საშუალება აქვთ.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 14%-ის თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან, რომ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 8% ეწინააღმდეგება მათ მიერ აქ ბიზნესის წარმოების უფლებას, 5% კი, მიწის შესყიდვის შესაძლებლობას. 78% ამბობს, რომ ეწინააღმდეგება სამივეს.

ამავე კვლევის თანახმად:

  • 38% ეთანხმება შემდეგ მოსაზრებას – „რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა შეეძლოთ საქართველოში დაბრუნება მანამ, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს“.
  • 26% ეთანხმება რომ – „ჩვენ მათ ვიტანთ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის“.
  • 17% იზიარებს მოსაზრებას – „უმჯობესია, თუ ისინი წავლენ“.
  • 13% კი ამბობს – „მოხარული ვარ მათი ჩამოსვლით“.

ამავე კვლევაში გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ რისკებს შეიცავს, ხოლო 80%, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხეა.

რაც შეეხება დიალოგის ნაწილს, ბოლო მონაცემების თანახმად, 59% რუსეთთან დიალოგს ემხრობა, 38% კი ეწინააღმდეგება.


IRI-ს კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. მასში მონაწილეობა საქართველოს 1500-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო. ისინი ინტერვიუს გზით გამოჰკითხეს.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს 2.5%-ს.

სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი