საზოგადოება

უნდა უსვამდეს თუ არა კითხვებს სხვა კანდიდატებს ომბუდსმენობის კანდიდატი, დეპუტატი ხვიჩია

27 ოქტომბერი, 2022 • 1173
უნდა უსვამდეს თუ არა კითხვებს სხვა კანდიდატებს ომბუდსმენობის კანდიდატი, დეპუტატი ხვიჩია

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენები მიმდინარეობს. თუმცა წელს ახალი ომბუდსმენის შესარჩევი კონკურსი წინა შემთხვევებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მონაწილეობს.

ხვიჩია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სხვა კანდიდატების მოსმენებსაც ესწრება და თავის კონკურენტებს გასაუბრებისას კითხვებსაც უსვამს, განსხვავებით სხვა კანდიდატებისაგან.

ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები და კონკურსში მონაწილე კანდიდატების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ეს ქმნის არათანაბარ გარემოს, თუმცა ასე არ ფიქრობს თავად იაგო ხვიჩია.

„ძალიან უხერხულია“

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ სხვების გასაუბრებებში იაგო ხვიჩიას მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტია.

მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტი გასაუბრების პროცესში არა მხოლოდ იაგო ხვიჩიას, არამედ პარტია „გირჩის“ წევრების მონაწილეობითაც იქმნება.

ჯანეზაშვილის თქმით, ეს ხვიჩიას აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგან მას და მისი გუნდის წევრებს  სახალხო დამცველობის სხვა კანდიდატებისთვის ისეთი კითხვების დასმა შეუძლიათ, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს იაგო ხვიჩიას, რომ თავისი მოსმენისას უფრო დადებითად წარმოჩნდეს.

„ძალიან უხერხულია. პერსონალურად იაგოს და მისი გუნდის წევრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც პროცესი, ყველა დანარჩენ კანდიდატს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში და თვითონ ამ დროს პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ისინი არ აპირებენ არავის მხარდაჭერას, ამ კითხვების დასმის არსი ჩემთვის გაუგებარია, თუ არა პოლიტიკური ინტერესები, რომ წარმოაჩინონ თავისი პარტია.

ეს მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს იმიტომ, რომ თვითონ აქვთ კითხვების დასმის საშუალება და ამავე დროს მან და მისმა გუნდმა შეიძლება ისეთი  კითხვები დასვან, რომელიც შესაძლოა, სხვა კანდიდატებს ცუდ მდგომარეობაში აყენებდეს და პირიქით, წამოსწევდეს იაგო ხვიჩიას“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ნაზი ჯანეზაშვილი

ჯანეზაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს წევრი ამით არ უნდა ახდენდეს პროცესის დისკრედიტაციას . მისი ვარაუდით, ამის გამო შეიძლება, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ერთ-ერთ კომპონენტში უარყოფითად შეფასდეს.

„პარლამენტის წევრების მხრიდან მუდმივად ისმის კითხვა, რამდენად პოლიტიზებულია კანდიდატი და პირდაპირ პოლიტიკოსია ერთ-ერთი კანდიდატი, მაშინ როდესაც სხვებს პოსტებს უსმენენ. მეორე მხრივ, ის, რომ პროცესი იყოს სწორად და ობიექტურად წარმართული, ეს უნდა იყოს პარლამენტის თითოეული წევრის ინტერესში.  ამ შემთხვევაში ამას ვერ ვხედავ „გირჩის“ პოზიციაში, რომ იაგო არის კანდიდატი და, ამავდროულად, ის არ ჩამოშორდა პროცესს.

მინდა გაგახსენოთ უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესი, როდესაც ეუთომ შეფასება გააკეთა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით. საბჭოც კოლეგიური ორგანოა და პარლამენტიც თავისი არსით. კანდიდატი კი, როგორც შემფასებელი, პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში იაგო და „გირჩი“ როგორც შემფასებლები თუ არა, როგორც კითხვების ერთ-ერთი დამსმელები ნამდვილად მონაწილეობენ ამ პროცესში“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, აღნიშნულ პროცესში ინტერესთა კონფლიქტის მექანიზმები ჩადებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, მისი თქმით, იმის გამო, რომ აქამდე პრაქტიკა არ არსებობს, რომ შესარჩევ კონკურსში პარლამენტის მოქმედი წევრი მომაწილეობდეს როგორც ომბუდსმენობის კანდიდატი,  პარლამენტმა ასეთი რისკი ვერ დაუშვა და არ გაითვალისწინა.

ნაზი ჯანეზაშვილის მსგავსად, იაგო ხვიჩიას შემთხვევის უცნაურობაზე და მსგავსი პრაქტიკის აქამდე არარსებობაზე საუბრობს ნეტგაზეთთან სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე.

მისი თქმით, თავად იმ ფაქტში, რომ კონკურენტის კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია, პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ყველას კითხვებზე პასუხისთვის მზადაა.

თუმცა, ბურჯანაძის თქმით, თავად რომ კონკურსში მონაწილე დეპუტატი ყოფილიყო, შესაძლოა, სხვებთან გასაუბრებისას კითხვები არ დაესვა.

„მე რომ დეპუტატი ვყოფილიყავი, ალბათ, ამას ასე გავაკეთებდი[თვითშეზღუდვას], მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და იმ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომლითაც შეიძლება იაგო უყურებდეს ამ პროცესს. ანუ მგონია, რომ რამე სტანდარტი კი არ ირღვევა, მისი მხრიდან უმჯობესი იქნებოდა, კარგი პრაქტიკისთვის ჩაეყარა საფუძველი.

მე ამას პირიქით შევხედე, როგორც გამოწვევას, იმიტომ, რომ საზოგადოებას ვაჩვენებდი სხვა კანდიდატთან გარკვეულ ოპონირებასაც, ცოდნის, უკეთესი გამოცდილების წარმოჩენას“, — ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

გიორგი ბურჯანაძე/ფოტო: ომბუდსმენის ფეისბუკი

გიორგი ბურჯანაძის თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში მსგავსი გამოცდილება არ არსებობს, იაგო ხვიჩიას სხვა კანდიდატების გასაუბრებებში მონაწილეობისგან თავშეკავებით შეეძლო, კარგი პრაქტიკისთვის ჩაეყარა საფუძველი.

„არსებობს რაღაცები, რაზეც შეიძლება ვთქვათ, რომ თანაბარია ან არათანაბარია, მაგრამ არის რაღაც კატეგორიები, რაც შეიძლება ე.წ. საუკეთესო პრაქტიკით დადგინდეს. მე ამაში ვერ ვხედავ რამე დარღვევას და რამე სტანდარტთან შეუსაბამობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასეთი შემთხვევა არ ჰქონია და ალბათ, ბევრ ქვეყანასაც. მგონია, რომ საუკეთესო პრაქტიკას თუ ჩაეყრებოდა საფუძველი[კარგი იქნებოდა].

საუკეთესო და უფრო შესაქებ პრაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან არ მიიღოს ამ ტიპის მონაწილეობა, იმიტომ, რომ ვიღაცას არ დარჩეს ეს[არათანაბრობის] შთაბეჭდილება“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

„სწორი იქნებოდა, ხვიჩიას თვითშეზღუდვით ესარგებლა“

იაგო ხვიჩიას სხვა კანდიდატების გასაუბრებებში მონაწილეობა პრობლემურია გურო იმნაძის შეფასებითაც. ის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორია.

გურო იმნაძის თქმით, იმ პირობებში, როცა სხვა კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება მხოლოდ ერთ კანდიდატს ეძლევა და დანარჩენები იგივე შესაძლებლობებით არ სარგებლობენ, ეს გარკვეულწილად არათანაბარ პირობებს ქმნის.

მისი თქმით, პრობლემა შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებისთვის კითხვების დასმა არა მხოლოდ ხვიჩიას, არამედ მისი თანაპარტიელების მხრიდანაც.

როგორც იმნაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ის, რომ პრობლემა იქნებოდა ხვიჩიას მონაწილეობა სხვების გასაუბრებებში, პარლამენტს უნდა გაეთვალისწინებინა პროცედურის განსაზღვრისას.

„ერთი მხრივ, პარლამენტს შეეძლო ყველანაირი ზომა მიეღო, რომ კანდიდატები თანასწორ პირობებში აღმოჩენილიყვნენ. მეორე მხრივ, იაგო ხვიჩია არის პარლამენტის დეპუტატი და შეუზღუდო პარლამენტის დეპუტატს კითხვის დასმა, არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

ამიტომაც ყველაზე სწორი იქნებოდა, თვითონ იაგო ხვიჩიას ესარგებლა თვითშეზღუდვით, როგორც პარლამენტის დეპუტატი, გაფრთხილებოდა საპარლამენტო პროცესს და თანასწორ მიდგომებს, და მეორე მხრივ, როგორც კანდიდატს, უარი ეთქვა სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნაზე“, — ამბობს ნეტგაზეთთან გურო იმნაძე.

„პარლამენტის წევრი ვარ და ეს პრივილეგია მაქვს“

თუმცა თავად იაგო ხვიჩია არ მიიჩნევს, რომ საკუთარი თავისთვის თვითშეზღუდვა უნდა დაეწესებინა კონკურენტების გასაუბრებებში მონაწილეობაზე.

„თვითშეზღუდვას მე საკუთარ თავს მხოლოდ ძალადობაზე ვუწესებ, დანარჩენი არაფერზე. შესაბამისად, არც ამაზე არ დავუწესებდი“, — ამბობს ნეტგაზეთთან იაგო ხვიჩია და არ ეთანხმება, რომ სხვა კანდიდატები მასთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის და მისი პარტიის წევრები  პარლამენტის წევრების უფლებებით სარგებლობენ და სახალხო დამცველობის კანდიდატებსაც შეკითხვებს ამიტომ უსვამენ.

„არათანაბარ პირობებში რას ნიშნავს, მე სხვანაირად გამესაუბრებიან? მე რომ კითხვას ვუსვამდი, ამით ვისი ინტერესი დაზიანდა? რაში იყო არათანაბარი მდგომარეობა? მაგალითად, ვამბობ, რომ ყველა მოვიდეს და თუ აქვს ჩემთან კითხვა, დამისვან. ისედაც მოვიდნენ, საშვსაც დავუშვებ ნებისმიერ კანდიდატზე და დაესწრონ დანარჩენი კანდიდატების გასაუბრებას. პრობლემა არ მაქვს.

პრივილეგია რაში მდგომარეობს? საბოლოო ჯამში, მაინც პარლამენტის წევრებმა უნდა დამიჭირონ მხარი. პარლამენტის წევრი ისედაც ვარ და ეგ პრივილეგია, რომ კომიტეტებზე მოვუსმინო სხვა ადამიანებს და კითხვები დავუსვა, სულ მქონდა, როგორც პარლამენტის წევრს. მე რა განსაკუთრებული პრივილეგია მომენიჭა ამ კონკურსში მონაწილეობით, რაც აქამდე არ მქონია?“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩია

მისი თქმით, პარლამენტის წევრი სწორედ იმიტომ გახდა, რომ ასეთი უფლებამოსილება ჰქონოდა და იმ ხალხისთვის კითხვები დაესვა, ვისაც ადამიანის უფლებათა დაცვაზე პრეტენზია აქვს.

„ამისთვის ვიშრომე, ჩემს კოლეგებს არ უშრომიათ ამდენი. იმის გამო, რომ მე ვიშრომე, ხომ არ უნდა დავიჩაგრო? თან ვამბობ, ვინმე თუ არის ამასთან დაკავშირებით გულდაწყვეტილი, ნებისმიერი მოვიდეს, დაესწროს და დამისვას შეკითხვები. ამაზე სამართლიანი პირობა რა უნდა იყოს?“ – ამბობს იაგო ხვიჩია.

კითხვაზე, სად გაკეთდა მსგავსი განცხადება, რომ სხვა კანდიდატებს მის მოსმენაზე კითხვების დასმა შეუძლიათ, ხვიჩია გვპასუხობს:

„ეს, ალბათ, გაკეთდება. უბრალოდ, მე თანხმობა განვაცხადე ამაზე, როცა მკითხეს. როცა მოვა ჩემი[მოსმენის] დრო, ალბათ, სხვა ადამიანებსაც შეატყობინებენ. მე მკითხეს და თანხმობა განვაცხადე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თუმცა კითხვაზე, რამდენად მისცემს რეგლამენტი სხვა კანდიდატებს საშუალებას, რომ კონკურენტს მოსმენისას კითხვები დაუსვან, იაგო ხვიჩია გვპასუხობს, რომ თავად „რეგლამენტის სპეციალისტი“ არაა და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მისცემს, რადგან „ამ პროცედურის წინააღმდეგი არავინაა“.

ხვიჩია არ უარყოფს, რომ საკუთარი კანდიდატურის გარდა სხვის მხარდაჭერას არ განიხილავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სხვების გასაუბრებებში მონაწილეობს, რადგან მისი თქმით,  ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებას ანახოს განსხვავება „გირჩისა“ და სხვების ხედვებს შორის.

„მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა ჩემს მხარდამჭერებთან და მომავალ მხარდამჭერებთან საურთიერთოდ, რომ ჩემი ხედვის უპირატესობა წარმოვაჩინო დანარჩენ ხედვაზე, რომელიც გააჩნიათ ჩემს კონკურენტებს“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

კითხვაზე, მაშინ ხომ არ ფიქრობს, პარლამენტს ეს უნდა გაეთვალისწინებინა და სხვა კანდიდატებისთვისაც მიეცა საშუალება ერთმანეთის გასაუბრებებზე კითხვები დაესვათ და ასე ეჩვენებინათ თავიანთი უპირატესობები, ხვიჩია გვპასუხობს, რომ თავად პარლამენტის წევრია და ეს პრივილეგია აქვს.

„ისინი არ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. მე მგონი, ამას ვერ ხვდებით. მე პარლამენტის წევრი ვარ და ეს პრივილეგია მაქვს და პრივილეგია ამ კონკურსში მონაწილეობის გამო კი არ შემიძენია, კონკურსში მონაწილეობამ არ დამაკარგვინა პრივილეგია.

კანონში არ წერია, რომ მე ამ პრივილეგიას ვკარგავ მაშინ, როცა ამ კონკურსში ვმონაწილეობ. დანარჩენ კანდიდატებს არ ჰქონიათ ასეთი პრივილეგია, ისინი არ არიან პარლამენტის წევრები“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ნეტგაზეთმა იაგო ხვიჩიას სხვების გასაუბრებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიციის გაგებაც სცადა. ამისათვის კითხვით მივმართეთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დაცვის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს, თუმცა, უშედეგოდ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი