ახალი ამბები

ცნობილია სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც ომბუდსმენობის კანდიდატები უნდა შეაფასოს

27 სექტემბერი, 2022 • 844
ცნობილია სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც ომბუდსმენობის კანდიდატები უნდა შეაფასოს

ცნობილია შეფასების სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სახალხო დამცველობის კანდიდატები უნდა შეაფასოს. ჯგუფის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურმა მიაწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრაძენიბით შექმნილ 9-კაციან ჯგუფში შედიან:

1. დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
2. თამარ ზარანდია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
3. ნათია კუპრაშვილი – „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
4. რაისა ლიპარტელიანი – „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილე
5. ელენე რუსეცკაია – „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი
6. არნო სტეპანიანი  – „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე
7. ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე
8. ეკა ციმაკურიძე – „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ თავმჯდომარე
9. ლევან ცუცქირიძე – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი

შეფასების სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება და მასში  სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები შედიან.

შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრები აფასებენ კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია; მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი,
სამეცნიერო მიღწევები და სხვა); პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე სამი კანდიდატი დაასახელეს. ესენი არიან:

  • გიორგი ბურჯანაძე – სახალხო დამცველის მოადგილე
  • ანა აბაშიძე – ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • ნაზი ჯანეზაშვილი – ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის პოსტის დაკავება სურთ: „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას, ადვოკატებს – ალექსანდრე კობაიძესა და მარიკა არევაძეს.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. თუმცა, მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

მასალების გადაბეჭდვის წესი