როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსება, რომელსაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, საკმარისი არ არის და დღეს არსებული უსაფრთხოების რისკების ფონზე სხვა უწყებებისთვის ქამრების შემოჭერის ხარჯზე თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე საუბრობენ.
რამდენი იქნება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2023 წელს
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის 1,26 მლრდ ლარია გათვალისწინებული, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 257,6 მლნ ლარით აღემატება.
თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ჯარისკაცების ხელფასების ზრდა 20%-ით, რისი გათვალისწინებითაც სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი, ჯამში, შეადგენს 605 მლნ ლარს;
- თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯარისკაცებისთვის ბინების მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 100 მლნ ლარი;
- თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფილია 174,4 მლნ ლარი.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 79,6 მილიარდი ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, რის მიხედვითაც თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 1.58% გამოდის მაშინ, როდესაც ნატო-ს სტანდარტით თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის მინიმუმ 2% მაინც უნდა იყოს.
ნატო-ს სტანდარტი ასევე ითვალისწინებს, რომ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ 20% უნდა იხარჯებოდეს, თუმცა საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიმართულებით გამოყოფილია 174,4 მლნ ლარი – თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 13.84%.
სწორედ ეს სტანდარტი გახდა დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საგანი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
„ეს ბიუჯეტი არის არაადეკვატურობა“
ოპოზიციის წევრები ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებს მიუთითებდნენ, რომ 2023 წლის ბიუჯეტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ნატო-ს სტანდარტებს ვერ პასუხობს.
იმას, რომ თავდაცვისთვის ბიუჯეტზე მშპ-ის 2% მაინც უნდა მიიმართოს, დაეთანხმნენ მმართველ გუნდშიც.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველოს უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე თავდაცვის ბიუჯეტი არათუ მშპ-ის 2%, არამედ გაცილებით მეტი უნდა იყოს და ოპოზიციის საპასუხოდ კომიტეტზე სცადა, რომ განსხვავება აეხსნა თავდაცვისა და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტებს შორის.
„ქვეყნის თავდაცვაში სხვა უწყებებიც არიან ჩართული და აბსოლუტურად სხვანაირად ხდება ამის გრადაცია ნატო-ს სტანდარტების მიხედვით. მარტო თავდაცვა არ განაპირობებს შეკავების შესაძლებლობებს, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან, საბრძოლო მზადყოფნასთან ერთად ქვეყნის შეკავება ასე განისაზღვრება მისი ეკონომიკური და მის ხელთ არსებული დიპლომატიური შესაძლებლობებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მსგავსი განმარტება მანიპულაციურია და ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ.
როგორც აქუბარდია განმარტავს, თავდაცვის ბიუჯეტზე საუბრისას ხელისუფლება ცდილობს, რომ თავდაცვის ძალებთან ერთად სხვა უწყებები, მათ შორის შსს-ში შემავალი დანაყოფებიც, მიათვალოს და მშპ-სთან მიმართებით თავდაცვის წილი ასე დათვალოს.
აქუბარდიას თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის მსგავსი პრინციპით დათვლა ანუ თავდაცვის ძალებში, თავდაცვის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ერთეულების გარდა, სხვა უწყებების მითვლა, ომის დროს ხდება და ქვეყანაში არა დღეს არსებული მდგომარეობით.
„კანონმდებლობით საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალებში შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიც. ბოლო ორი წელია, მე რაც პარლამენტში ვარ, ბიუჯეტზე საუბრისას ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, რომ თავდაცვის ბიუჯეტზე მშპ-ს 2% მოდის. ითვლიან შსს-ს ძალებსაც და ასე ანგარიშობენ.
მშპ-ის 2% თავდაცვაზე ნორმალურ შემთხვევაში, მშვიდობიანობის დროს ითვლება და იგულისხმება თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ნეტგაზეთთან საუბარში აქუბარდია იხსენებს თავდაცვის უწყების ბიუჯეტს ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას დროს. 2019 წელს იზორია თავს იმით იწონებდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის განაწილება ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ხდებოდა და ნატო-ს გენერალური მდივნის შექებაც კი დაიმსახურეს იმის გამო, რომ მაშინ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტში უშუალოდ შეიარაღების მიმართულებით 24% იყო მიმართული და ამით ნატო-ს სტანდარტებსაც კი გადააჭარბეს.
თუმცა, აქუბარდიას თქმით, ეს ტენდენცია 2 წელსაც კი ვერ გაგრძელდა.
გარდა ამისა, თეონა აქუბარდიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რას ეფუძნება თავდაცვის ბიუჯეტის გაანგარიშება მაშინ, როცა 2018 წლიდან ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მთავრობას არ დაუმტკიცებია.
“ვინ იღებს გადაწყვეტილებას? თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიით ვაკეთებთ ამ ყველაფერს თუ როგორ? როცა საფრთხეები არ გვაქვს შეფასებული და ამის დოკუმენტი არ გვაქვს. როგორ ხდება ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა, როცა ამოცანები გაწერილი არ არის?“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისი თქმით, ბიუჯეტი თავდაცვის პოლიტიკის წარმოების საშუალებაა და იმ მოვლენების ფონზე, რაც უკრაინაში ვითარდება, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა ბევრად მასშტაბური უნდა იყოს.
თავდაცვის ბიუჯეტი რომ ვერც ნატო-ს სტანდარტებსა და ვერც ქვეყნის თავდაცვის მოთხოვნილებებს პასუხობს, ეთანხმება „ქართული ოცნების“ წევრი და თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაიაც.
ჩაჩიბაიაც იზიარებს აზრს, რომ დღეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა თუ უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა მნიშვნელოვანია.
„თუ ზოგიერთი დარგი ქამარს მოიჭერს და მიმართულება აღებული იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ცუდი არ იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ასევე ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ.
„174 მილიონი ლარია გათვალისწინებული იმისთვის, რომ ახალი ტექნიკა და საბრძოლო მასალა შევიძინოთ. ეს ციფრი საიდან მოგაქვთ? ყველაზე დიდი პრობლემა არის ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო სისტემების იმ რაოდენობით არქონა, რაც ჯარს რეალურად სჭირდება. ეს რიცხვი დოლარში რომ გადავიყვანოთ, არის 62 მილიონი. ისრაელის 1 ასეული რკინის გუმბათი 50 მილიონი ღირს და მხოლოდ 1 ასეულის ყიდვა შეგიძლია [ამ თანხით]. ანუ არ არის ეს თანხა საკმარისი. თბილისი რომ ავიღოთ, თბილისს სჭირდება 5 ასეული ეს და როგორ უნდა ვიყიდოთ ამ თანხით?“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის ბიუჯეტი დაიწუნა, „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილია. მისი შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული პროექტი „არაადეკვატურობაა“.
ელისაშვილის თქმით, საქართველოს სამეზობლოში ყველა ქვეყანამ დასკვნები გამოიტანა და თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა, საქართველოს კი ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს თავდაცვისთვის განკუთვნილი.
“როდესაც ვთქვი, არაადეკვატურია-მეთქი, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო. მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის, კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას რა მოჰყვება, ღმერთმა იცის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„კარგი იქნებოდა, ჯადოსნური ჯოხი გვქონოდა“ – თავდაცვის სამინისტრო
დეპუტატების კრიტიკას უპასუხა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ. მისი თქმით, მედიასა და ოპოზიციურ სპექტრში ძალიან ტრენდული გახდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის სუსტად წარმოჩენა.
„[თითქოს]ჩვენი დამარცხება ადვილია და ლამის ვეპატიჟებით მტერს. უკაცრავად რა, ეგრე ნამდვილად არ არის. არცერთ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისად [დიდი თანხა თავდაცვაზე] რა გამოწვევებიც შეიძლება დაუდგეს“, – ამბობს გიორგაძე.
გრიგოლ გიორგაძის თქმით, „შეჭირვებულმა სახელმწიფომ“ პრიორიტეტების ისე განაწილება შეძლო, რომ მაქსიმალურად ყველა სფერო იყოს დაფარული.
მისი თქმით, თუ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა არ ექნება, თავდაცვის ბიუჯეტის გასაძლიერებლად თანხას ვერსაიდან მოიტანენ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბოლო წლებში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა პროგრესს განიცდის.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ „ჯადოსნური ჯოხი ჰქონდეთ“ და გამოწვევებისთვის ადეკვატური მომზადება ერთ დღეში შეძლონ.
მისი თქმით, თავდაცვის პოლიტიკა და საჭიროებები 10-წლიანი განვითარების გეგმითაა განსაზღვრული, რომელიც, თავის მხრივ, საიდუმლო დოკუმენტია.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, პრიორიტეტები პარტნიორებთან ერთად განისაზღვრა და იმ საფრთხეების და გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რაც რეგიონისა და ზოგადად მსოფლიოს უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.
„საჯაროდ რისი თქმაც შეიძლება, ეს 10-წლიანი განვითარების გეგმა ეფუძნება: ჰაერსაწინააღმდეგო, ჯავშანსაწინააღმდეგო, არტილერიის და კონტრმობილობის გაძლიერებას.
ბუნებრივია, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, მთავარი არა მხოლოდ შეიარაღების შესყიდვაა, მნიშვნელოვანია, სწორად იყოს გამოყენებული, იყოს საბრძოლო მომზადება და პროფესიული გადამზადება. ყველა ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ზრდა.
ჩვენი პრიორიტეტი არის როგორც თავდაცვისუნარიანობის ზრდა, და ეს მოიცავს შეიარაღების შესყიდვას, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის განვითარებას და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე სოციალური მზრუნველობა“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
„რეგიონში რისკები მუდმივადაა და მაშინ უნდა გავაჩეროთ ყველაფერი“
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2023 წლის ბიუჯეტი თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით დაიგეგმა.
მისი თქმით, ბიუჯეტის შედგენისას თავდაცვის საჭიროებებთან ერთად ისიც გაითვალისწინეს, თუ რისი შეძენაა ამჟამად შესაძლებელი თავდაცვის გასაძლიერებლად.
„დღეს 1 კი არა, 2 მილიარდი რომ გვქონდეს, მე ძალიან მეეჭვება, რომ ამის [შესაბამისი] შეიარაღება ვიყიდოთ, ასე მარტივი არ არის. ხვალ რომ გვინდოდეს ყველაფრის ყიდვა, ვერ ვიყიდით ასე. თავდაცვის სამინისტრო მუშაობს შესაბამის მომწოდებლებთან და არის გარკვეული შეთანხმებები, რაც ეტაპობრივ მოწოდებასთან ერთად ეტაპობრივ გადახდა გულისხმობს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკები არსებობს და მზადყოფნაც საჭიროა, თუმცა ყველაფერზე ქამრების შემოჭერამ შესაძლოა ქვეყანა იქამდე მიიყვანოს, რომ დასაცავი არაფერი ჰქონდეს.