საზოგადოება

Რატომ არ მიაქვს სასამართლოში პოლიციას სამხრე კამერის ჩანაწერები სამართალდარღვევის საქმეებზე

10 ოქტომბერი, 2022 • 1629
Რატომ არ მიაქვს სასამართლოში პოლიციას სამხრე კამერის ჩანაწერები სამართალდარღვევის საქმეებზე

“მთვრალი ვიყავი. სახლში ვყვიროდი, ვცეკვავდი, ვხმაურობდი. დედაჩემმა პატრული გამოიძახა” – განუცხადა მოსამართლეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა. მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით შედგა.

საქმე 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო შჩერბაკოვმა განიხილა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) თანამშრომლობის ფარგლებში, ნეტგაზეთის რეპორტიორი ამ დღეს მის მიერ განხილულ შვიდ სხდომას დაესწრო. ეს საქმეები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ეხებოდა.

მონიტორინგის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რა პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. ის 1984 წელს საბჭოთა სოციალისტური საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 24 ივლისს საპატრულო პოლიცია ბინაში იმყოფებოდა გამოძახებაზე:

“სადაც დახვდათ ნასვამი და აღელვებული ა.ი. მან პოლიციის ეკიპაჟს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, დაწყნარებულიყო. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს”, – განაცხადა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, პოლიციელმა გიორგი ღონღაძემ.

ახსნა განმარტების გაკეთებისას ი.მ.-მ აღნიშნა, რომ მთვრალი იყო და არაფერი ახსოვს.

“ბუნდოვნად მახსოვს პოლიციის მოსვლა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება არ მახსოვს”, – აღნიშნა მან.

პირის პასუხისგებაში მისაცემად მტკიცებულებათა ერთობლიობაა აუცილებელი, თუმცა მონიტორინგმა აჩვენა, რომ როგორც ამ საქმეში, ისე სხვა არაერთ საქმეში, პოლიციისთვის მიცემული ჩვენების და პოლიციის მიერ შედგენილი რამდენიმე დოკუმენტის გარდა სხვა მტკიცებულება არ დევს.

ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები სასამართლოში იმის იმედით მიდიან, რომ პირის აღიარებას მიიღებენ. ხოლო, თუ პასუხისგებაში მიცემული პირი ოქმს არ ეთანხმება, პოლიცია შემდეგ იწყებს დამატებითი მტკიცებულებების მოძიებას. “

მხარე განმარტებას ვერ გვაძლევს. გაქვთ სხვა მტკიცებულება?” – მიმართა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა პოლიციელს. პოლიციელის განმარტებით, სამხრე კამერის ჩანაწერი 1 თვით ინახება და შემდეგ იშლება:

“საკმაოდ დიდი ხანია გასული შემთხვევის შემდეგ. 30 დღე აქვს ვადა ჩანაწერს. ოქმის შემდგენ ინსპექტორს თუ გამოვკითხავთ.

“ მოსამართლემ დააკმაყოფილა პოლიციელის შუამდგომლობა ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორის დაკითხვის შესახებ და სხდომა, რომელიც 6 წუთი მიმდინარეობდა, გადადო.

ანალოგიური გარემოება გამოიკვეთა ამ დღეს განხილულ კიდევ 4 საქმეში. ამ საქმეებზე პასუხისგებაში მიცემულ პირებს:

  • არ ჰყავდათ ადვოკატი
  • არ ეთანხმებოდნენ ოქმში მოყვანილ გარემოებებს
  • საქმეებში არ იდო ვიდეომტკიცებულებები
  • არცერთ საქმეს ჰყოლია მოწმე

შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი პოლიციელი მოსამართლეს პოსტფაქტუმ მიმართავდა შუამდგომლობით, რომ სამხრე კამერების ჩანაწერებს წარმოადგენდა და ოქმის შემდეგ პოლიციელსაც მოიწვევდა მოწმის სახით დასაკითხად.

ი..-ს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის შეურაცხყოფის მუხლით იყო შედგენილი. ოქმის თანახმად, “მან გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო როცა პოლიციამ წესრიგისკენ მოუწოდა, მათ მიმართაც დაიწყო გინება.”  საქმეს ვიდეომტკიცებულება არ ახლდა.

ი..-ს ახსნა-განმარტებით, მასთან მყოფი მეგობარი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო გამოიძახა, რომელსაც 4 ეკიპაჟი პატრულიც მოჰყვა.

“მისაღებ ოთახში იყო სასწრაფოც და პოლიციაც. საძინებელში მამაჩემს ველაპარაკებოდი, რა დროსაც შევიგინე უმისამართოდ. უბრალოდ შევიგინე და ვინმეს არ მივმართავდი. ბოლოს, სასწრაფოს ექიმმა მითხრა კიდეც, შენ რას გერჩოდნენო”, – განმარტა მან.

მოსამართლე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სასწრაფოს ექიმის ნომერი, ნომრის მოძიების მიზნით სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, თუმცა ი.ს-ს მისი ტელეფონის ნომერი არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მოსამართლეს ექიმის მოწმის მიზნით გამოსაკითხად მოყვანა არ მოუთხოვია. ხოლო პოლიციელმა განაცხადა, რომ სხდომა გადაედოთ და ოქმის შემდგენ ინსპექტორს მოწმის სახით გამოსაკითხად მოიყვანდა, ასევე მოიტანდა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერებს.

რას გვეუბნება ასეთი პრაქტიკა? პოლიცია თავიდანვე რატომ არ აგროვებს მტკიცებულებს და სათანადოდ მომზადებული რატომ არ მიდის სასამართლოში?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, პოლიციამ იცის, რომ ამ კანონმდებლობის პირობებში, მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო სამართალდარღვევას დადგენილად მიიჩნევს.

“სამწუხაროდ, მხოლოდ პოლიციელის ახსნა-განმარტება და მის მიერ შედგენილი რამდენიმე ტექნიკური ფურცელი საკმარისია ხოლმე სამართალდარღვევის დასადგენად. ეს კანონმდებლობა პოლიციისათვის ძალიან კომფორტულია და, შესაბამისად, ზედმეტად თავს არ იწუხებენ მტკიცებულებების შეგროვებისათვის. წლების განმავლობაში სასამართლოში სწორედ ასეთი პრაქტიკა მკვიდრდებოდა”, – აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.

ნინო შჩერბაკოვის მიერ ამ დღეს განხილულ ორ საქმეში ვიდეომტკიცებულებები წარმოდგენილი იყო და ორივე შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენა.

“1 წლის ლეკვი ჩამყავდა მეტროში. ხელში აყვანილი მყავდა და ამ ლეკვის გამო კონტროლიორმა უხეში ფორმით მომცა შენიშვნა, მაგით შესვლა არ შეიძლება, პირზე რაღაცა გაუკეთეო”, – განუცხადა მოსამართლეს.

..-მ, რომლის მიმართ საქმე 45-ე, 166-ე, 173-ე მუხლებით იწარმოებოდა. პოლიციელის განმარტებით, პასუხისგებაში მიცემულმა პირმა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელს და პატრულს მიაყენა შეურაცხყოფა, რა დროსაც დააკავეს. ხოლო ზედაპირული დათვალიერებისას, სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოუჩინეს:

“ეს დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით. საქმე გვაქვს 0,81 გრამ გამომშრალ მარიხუანასთან”, – აღნიშნა მან.

მტკიცებულებების გამოკვლევისას, მოსამართლე კობა ჩაგუნავასგან განსხვავებით  ნინო შჩრბაკოვმა ვიდეომტკიცებულება ლეპტოპში ჩართო და უყურა. დაკავებამდე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი სწორედ ამ მტკიცებულებით დადასტურდა. მოსამართლემ ის სამივე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარი დააკისრა.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პროექტის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშეწყობა) ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების შეხედულებებს.

როგორ იყენებს სასამართლო და პოლიცია საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს

მასალების გადაბეჭდვის წესი