“პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. არც მივაყენებდი”, – განუცხადა ადმინსიტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა მოსამართლე კობა ჩაგუნავას. მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 სექტემბერს განიხილეს. სხდომა სულ რაღაც 10 წუთი გაგრძელდა.
სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელის, ბექა საგანელიძის განმარტებით, მ.ა. იდენტიფიცირების მიზნით გააჩერეს:
“მოქალაქე გავაჩერეთ იდენტიფიცირების მიზნით, რა დროსაც გაურკვევლად გახდა აგრესიული, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დავაკავეთ.”
მ.ა.-ს მიმართ საქმის წარმოება ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლის მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მას სასამართლო სხდომაზე ადვოკატი არ ჰყოლია.
ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს აწესრიგებს, 1984 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო და მისი არაერთი მუხლი საქართველოს მოქმედ კონსიტუტუციასთან შეუსაბამოა.
საპოლიციო ინტიტუტები კოდექსს “ეფექტურად” იყენებენ საპროტესტო აქციების მონაწილეების შესავიწროვებლად. საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს იმ სხდომების შესახებ, რომლებიც სასამართლოში ყოველდღიურად იმართება და არ უკავშირდება შეკრებებსა და მანიფესტაციებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) თანამშრომლობის ფარგლებში, “ნეტგაზეთის”რეპორტიორი 16 სექტემბერს სასამართლო სხდომებს დაესწრო, რომელთაგან სამზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
ერთ-ერთ სხდომაზე სწორედ მ.ა.-ს საქმე განიხილებოდა. ის სამართალდარღვევის ოქმს არ დაეთანხმა:
“პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მეგობარს ველაპარაკებოდი, ამბავს ვუყვებოდი, რა დროსაც შევიგინე”, – აღნიშნა მან.
პოლიციელი მის დაჯარიმებას ოქმის საფუძველზე ითხოვდა. საქმეში სხვა მტკიცებულება არ იდო, არც ვიდეოჩანაწერი, არც მოწმის ჩვენება.
“იდენტიფიცირების მიზნით გავაჩერეთ და ჩვენ გველაპარაკებოდა. სხვას ვის ელაპარაკებოდა? ოპერატიულ მუშაკებს სამხრე კამერები არ გვაქვს და საქმეში ვიდეომტკიცებულება ამიტომ არ არის”, – განაცხადა პოლიციელმა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მხარეების ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების გამოკვლევას რამდენიმე წუთი დაუთმო. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებად პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება ითვლება, ხოლო ოქმის შემდგენი პოლიციელის — არა.
“თქვენ უნდა მოიპოვოთ მტკიცებულებები, რაც ოქმს დაადასტურებს. გაქვთ რამე მტკიცებულება, რაც თქვენს პოზიციას დაადასტურებს? თუ მხოლოდ თქვენი ახსნა-განმარტება გვაქვს?” – მიმართა მოსამართლემ პოლიციელს.
მას სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა დარღვევის დაუდასტურებლობის გამო.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ პოლიციელებს აუხსნა, რომ
ადმინისტრაცილი კოდექსი მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს ითვალისწინებს, რაც ორი ან მეტი მტკიცებულების წარმოდგენას გულისხმობს:
“თქვენს შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ სამართალდაღვევის ოქმი, რომელიც პოლიციის თანამშრომლის მიერ არის შედგენილი. ეს გარემოება არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებით, არც მოწმის ჩვენებით, არც გამოკითხვით და ერთობლიობა არ გვაქვს”, – განაცხადა მოსამართლემ და პასუხისგებაში მიცემულ პირსაც მოუწოდა, რომ ქუჩაში ცუდი სიტყვა არ თქვას:
“მართალია, ვერ ვადასტურებთ, რომ ეგ სიტყვა [გინება] პოლიციის მიმართ თქვით, მაგრამ ქუჩაში საერთოდ არ უნდა თქვათ ეგ სიტყვა. როგორც კი ცუდ სიტყვას იტყვით, ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა. ეს გაითვალისწინეთ”, – აღნიშნა კობა ჩაგუნავამ.
მეორე საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, კიდევ უფრო მოკლე დროში, 8 წუთში დასრულდა. საქმე დ.ღ.-ს მიმართაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით განიხილებოდა. ადვოკატი არც მას ჰყოლია.
საქმეს ახლდა ვიდეომტკიცებულება, რომელიც მოსამართლემ გამოკვლეულად ისე ჩათვალა, რომ არც უნახავს.
სხდომის დაწყებისას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ პასუხისგებაში მიცემულ პირს საკუთარი უფლებები განუმარტა.
ოქმის მიხედვით, დ.ღ. ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. პოლიციამ ის გააჩერა, გადაამოწმა და ჯარიმა გამოუწერა, რა დროსაც პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი ღონღაძემ სხდომაზე ვიდეოდისკი წარმოადგინა, რომელზეც მისი მტკიცებით, პოლიციელების დ.ღ-სთან ურთიერთობა იყო ასახული.
მოსამართლეს დისკი კომპიუტერში არ ჩაურთავს და არ უნახავს, რას ასახავდა. მტკიცებულების საქმისთვის დასართავად თანხმობა პასუხისგებაში მიღებული პირისგან აიღო:
“ბატონო, მხარე ითხოვს ამ დისკის დართვას საქმის მასალებისთვის. ის ამბობს, რომ სამართალდარღვევის ფაქტია ასახული. დავურთოთ საქმეს? წინააღმდეგი ხომ არ ხართ”, – განაცხადა მოსამართლემ, რაზეც დ.ღ.-მ უპასუხა, რომ არ იყო წინააღმდეგი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, პასუხისგებაში მიცემული პირის ავტომობილი გააჩერეს, ალკოტესტით შეამოწმეს და ოქმი გამოუწერეს, რა დროსაც ის აგრესიული გახდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს.
“რას გვეტყვით, ასე იყო?” – მიმართა კობა ჩაგუნავამ დ.ღ.-ს. ის სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ გარემოებებს დაეთანხმა.
“სამწუხაროდ, ასე იყო. რის გამო მოხდა, რატომ გავაკეთე, არ მახსოვს ეგეთი რაღაც. მინდა გთხოვოთ, რომ რაღაცნაირად მაპატიოთ. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მთვრალი, ვერიდები. ნაომარი ვარ, უმუშევარი ვარ და შეიძლება ამის გამო მოხდა ასეთი რაღაც [სიტყვიერი შეურაცხყოფა]. ძალიან ვნანობ”, – აღნიშნა მან.
მტკიცებულებების გამოკვლევისას მოსამართლეს ვიდეოდისკზე არსებული ჩანაწერი არ უნახავს და მტკიცებულება გამოკვლეულად დ.ღ-ს აღიარების საფუძველზე ჩათვალა.
“გსურთ თუ არა რომელიმე მტკიცებულების გამოკვლევა, თუ ჩავთვალოთ გამოკვლეულად? “ – იკითხა კობა ჩაგუნავამ.
მხარეებმა განაცხადეს, რომ მტკიცებულება გამოკვლეულად ჩათვლილიყო.
მოსამართლემ დ.ღ. სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარი დააკისრა.
“ეს არ არის მცირედ მნიშვნელოვანი ქმედება და შენიშვნის გამოცხადებას არ ითვალისწინებს. ამაზე ნაკლებ ჯარიმას მუხლი არ ითვალისწინებს”, – განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
მესამე საქმე, რომელიც კობა ჩაგუნავამ განიხილა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გარდა, წვრილმანი ხულიგნობის მუხლსაც მოიცავდა. სხდომა 10 წუთი გაგრძელდა და გადაიდო, რადგან საქმეში ვიდეომტკიცებულება არ იყო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, გიორგი ღონღაძის განცხადებით, გ.კ. ერთ-ერთ რესტორანთან, ქუჩაში ხმამაღლა იგინებოდა.
“პოლიციამ მას არაერთგზის მოუწოდა გაჩერებულიყო, მან გინება არ შეწყვიტა და პოლიციასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ის ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ.”
ის გ.კ.-ს დაჯარიმებას მხოლოდ ამ ოქმის საფუძველზე ითხოვდა, თუმცა პასუხისგებაში მიცემული პირი ოქმში მოყვანილ გარემოებებს არ დაეთანხმა.
გ.კ.-ს თქმით, დაბადების დღის აღნიშვნისას მის თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოხდა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ გარემოში აღმოვჩნდი. ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში კრიმინალთან არასდროს ვყოფილვარ დაკავშირებული. დაბადების დღე აღვნიშნე კოლეგებთან ერთად. რესტორნიდან რომ გამოვედი , თანამშრომლები ერთმანეთთან ჩხუბობდნენ. მე ვერ დავაშოშმინე ეს სიტუაცია. გარეთ რომ გამოვედი, ჩემი მეუღლე და სხვა რამდენიმე ადამიანი კიბეზე იყო დაგორებული, რის გამოც ძალიან ავღელდი. გარეთ გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მომაყენა.
პოლიციის მიმართ შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. ისინი მომიწოდებდნენ სიმშვიდისკენ, თუმცა ისეთი აღელვებული ვიყავი, ვერ დავწყნარდი და ვყვიროდი. ჩემი თანამშრომლების მიმართ ვიგინებოდი, ვაღიარებ, რომ წესრიგს ვარღვევდი და ბოდიში მინდა მოვიხადო.
რაც შეეხება 173-ე მუხლს, მას შემდეგ, რაც დამაკავეს და გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუ ამ ადამიანების მიმართ აგრესია მქონდა, გზაში, მანქანაშიც ხომ მივაყენებდი შეურაცხყოფას? მსგავსი არაფერი მომხდარა.
გზაში ავუხსენი, რა მოხდა და პოლიციელები მეუბნებოდნენ, გასაგებიაო. მეგონა, რომ შევთანხმდით და ახლა ოქმში რომ ჩავიხედე, წერია, რომ ვაგინე. მე მათთვის არ მიგინებია. ვაგინებდი ჩემს კოლეგებს.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჯარიმა არ დამაკისროთ. ძალიან მადლობელი ვიქნები. თანამშრომლებთან მომხდარი დაპირისპირების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იქ მუშაობის გაგრძელება. ხელფასის 70 პროცენტს იპოთეკაში ვიხდი. ძალიან გამიჭირდება ჯარიმის გადახდა. აქამდე არანაირი დარღვევა არ მქონია, ძალიან ვნანობ, რაც მოხდა”, – აღნიშნა ახსნა-განმარტების გაკეთებისას გ.კ-მ.
მოსამართლე დაინტერესედა, ახლდა თუ არა საქმის მასალებს ვიდეომტკიცებულება:
“პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება გვაქვს? დაუმორჩილებლბოაზე ამბობს პატივცემული, რომ სიმართლეა.”
პოლილიელმა მას უპასუხა: სამხრე კამერაზე იქნება.
მოსამართლე: წარმოადგენთ, თუ გავაგრძელოთ განხილვა?
პოლიციელი: სასამართლო როგორც იტყვის.
მოსამართლე: თქვენ უნდა დაადასტუროთ გარემოებები. სასამართლოს არ აქვს მტკიცების ტვირთი.
პოლიციელი: წარმოვადგენთ მაშინ.
მოსამართლე: პოლიციელების მიმართ რომ იგინებოდა, ამასთან დაკავშირებით წარმოადგენთ ვიდეოჩანაწერს? გაქვთ ეს, ხომ?
პოლიციელი: დიახ, იქნება სამხრე კამერაზე.
მოსამართლემ მხარეებს მომდევნო სხდომის დრო შეუთანხმა და საქმის განხილვა გადადო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას განხილული საქმეები ბევრი პარამეტრით ჰგავს ერთმანეთს:
- სასამართლო სხდომები 10 წუთი გაგრძელდა;
- ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებს არ ჰყოლიათ ადვოკატი;
- პოლიციელებს პირის დაჯარიმება მხოლოდ მათ მიერვე შედგენილი დოკუმენტით სურდათ;
- მოსამართლე მტკიცებულებას გამოკვლეულად თვლიდა პასუხისგებაში მიცემული პირის აღიარების საფუძველზე;
- არცერთ საქმეს ჰყოლია მოწმე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის
დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ ის გარემოებები, რომლებიც პროცესებზე დაკვირვებისას გამოკვეთა, ცალსახად ადასტურებს, როგორ ილახება იმ პირთა უფლებები, რომლებსაც სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე პოლიციასთან და სასამართლოსთან ურთიერთობა უწევს.
მისივე შეფასებით, რეალურად, მოსამართლე სიღრმისეულად არ სწავლობს თითოეულ საქმეს და იმ შემთხვევაში, თუ პირი აღიარებს იმ ქმედებას, რომლის ჩადენასაც ედავება პოლიცია, ფაქტობრივად განწირულია, რომ სანქცია დაეკისროს. შესაბამისად, ამ ვითარების შესაცვლელად, ნონა ქურდოვანიძე, პირველ რიგში, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამო კანონმდებლობის რეფორმას მიიჩნევს აუცილებლად:
“საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ამ კოდექსის რეფორმაზე მუშაობას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, 2022 წელს მზად უნდა იყოს კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომლითაც ,,სისტემურად მოწესრიგდება კანონის არსებული დებულებები და შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მკაფიო ნორმები.
ამასთანავე, ყოველივე ეს განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმაზე მუშაობის მესამე მცდელობაა.
რეფორმის განუხორციელებელი მცდელობების პარალელურად კი ვიღებთ იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ სასამართლო პროცესებზე ხედავთ. “
სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პროექტის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშეწყობა) ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების შეხედულებებს.