საზოგადოება

როგორ იყენებს სასამართლო და პოლიცია საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს

26 სექტემბერი, 2022 • 2553
როგორ იყენებს სასამართლო და პოლიცია საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს

საქართველოში ცოტა რამ თუ არის იმაზე ძველი, ვიდრე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. არადა,  კოდექსით ყოველდღიურად იხილავენ ასობით მოქალაქის საქმეს. ამ სტატიაში რამდენიმე საქმის მაგალითზე მოგიყვებით, თუ რატომ არის მოქმედი კოდექსი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამო. 

ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი, რომელიც  ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს აწესრიგებს, 1984 წელს მიიღო  საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და მისი არაერთი მუხლი  საქართველოს მოქმედ კონსიტუტუციასთან შეუსაბამოა

დროთა განმავლობაში  მასში არაერთი კოსმეტიკური ცვლილება შევიდა, ემატება მუხლები, იზრდება ჯარიმები, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მისი სრული რეფორმით არცერთი ხელისუფლება  არ დაინტერესებულა. 

 

ადმინისტრაციული კოდექსი პოლიციური რეჟიმის სამსახურში

საქმე ის არის, რომ  საპოლიციო ინტიტუტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს “ეფექტურად” იყენებენ  საპროტესტო აქციების  მონაწილეების შესავიწროვებლად. კონკრეტულად კი, 166-ე (– წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) და 173-ე მუხლს (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

მეტი “ეფექტურობისთვის”  ამ მუხლებისთვის განსაზღვრული სანქციები “ქართულმა ოცნებამ” 2018 და 2021 წელს რამდენჯერმე გაზარდა.

2013 წლისთვის წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარით ისჯებოდა, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – 400 ლარით. 

დღეს წვრილმანი ხულიგნობა – პირველ ჯერზე 500-დან 1000 ლარამდე ისჯება, თუმცა კოდექსს დაემატა ახალი პუნქტი  დარღვევის განმეორების შესახებ, რისთვისაც ჯარიმა  1500-2000 ლარით განისაზღვრა. ხოლო კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა: პირველ ჯერზე 2000-3000 ლარამდე, განმეორებით კი 3500-4500 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

ასევე, ეს მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 

წლების განმავლობაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით, კარგად არის დოკუმენტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ გამოტანილი რეპრესიული გადაწყვეტილებები. თუმცა,საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს იმ სხდომების შესახებ, რომლებიც სასამართლოში ყოველდღიურად იმართება და არ უკავშირდება შეკრებებსა და მანიფესტაციებს. 

რიგითი მოქალაქეების საქმეები, რომლებსაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის იხილავენ, კიდევ უფრო მეტ პროცესუალურ პრობლემებს ფარავს, რომლის შესახებ საზოგადოებამ ნაკლები იცის. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) თანამშრომლობის ფარგლებში, “ნეტგაზეთის”რეპორტიორი ოთხ სასამართლო სხდომას დაესწრო.  მონიტორინგის მიზანია, ფართო საზოგადოებას აჩვენოს, რომ კანონის მოქმედება პრობლემას უქმნის ყველას, არამხოლოდ აქტივისტებს. 


10 წუთში განხილული საქმეები და გამოტანილი გადაწყვეტილება

14 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთი ადმინისტრაციული საქმე განიხილა. ოთხი სხდომა, , რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს:

  • არცერთ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს არ ჰყოლია ადვოკატი.
  • პოლიციისთვის მიცემული ჩვენების და პოლიციის მიერ შედგენილი რამდენიმე დოკუმენტის  გარდა საქმეში სხვა მტკიცებულება არ იყო, მათ შორის არც ვიდეომტკიცებულება.
  • მოსამართლე მტკიცებულებას გამოკვლეულად თვლიდა პასუხისგებაში მიცემული პირის აღიარების საფუძველზე.
  • არცერთ საქმეს ჰყოლია მოწმე.
  • ყველა მათგანის განხილვა 12 წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა.

 

განხილვის დაწყებისას მოსამართლე პასუხისგებაში მიცემულ პირს კოდექსის 252-ე მუხლს უკითხავდა და საკუთარ უფლებებს აცნობდა, ბოლოს ეკითხებოდა კი, ისარგებლებდა თუ არა რომელიმე უფლებით.  ამ მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს:

“უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. “

ოთხივე პასუხისგებაში მიცემულმა პირმა უპასუხა, რომ არცერთი უფლებით არ ისარგებლებდა. 

გამომდინარე იქედან, რომ სამართალწარმოების ენა სპეციფიკურია, რიგითმა მოქალაქემ შეიძლება ვერც გაიგოს, კონკრეტულად  რას გულისხმობს ეს უფლებები. 

 


საქმე #1 – წვრილმანი ხულიგნობა

21 აგვისტოს მოქალაქე შ.ს. -მ ქონებრივი დავის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეზობელს. პოლიცია ამ ფაქტს არ შესწრებია. 

მოსამართლე: რომელიმე უფლებით ხომ არ ისარგებლებთ?

შ.ს. – არა.

მოსამართლე: შუამდგომლობა ხომ არ გაქვთ რამე?

შ.ს. – არა.

 

მოსამართლე: ვინმეს დაკითხვა ხომ არ გსურთ?

 

შ.ს. – მოწმეები არიან, თუ საჭირო იქნება, რავიცი.

 

მოსამართლე: ,,თუ“ არ ვიცი, ბატონო. გეკითხებით, თუ გაქვთ შუადმგომლობა, მაშინ დააყენეთ.

შ.ს. – ჩემი საქმე [ქონებრივი დავა]გამოძიებაშია, სასამართლო უნდა იყოს.

მოსამართლე: სასამართლოში ხართ, ბატონო. 

ახსნა-განმარტების ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, პოლიციელმა სოსო დანელიამ განაცხადა, რომ დარღვევის ფაქტს პოლიცია არ შესწრებია:

“თუმცა კამერაზე უნდა იყოს ჩანაწერი, რომ ბატონი აღიარებს შეურაცხყოფის მიყენებას. თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენთ [ვიდეოჩანაწერს],” – განაცხადა მან.

თუმცა მოსამართლეს დამატებით ამ მტკიცებულების წარმოდგენა არ მოუთხოვია პოლიციელისთვის და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირს,  იმის ნაცვლად, რომ ეკითხა – “ეთანხმებით თუ არა ოქმს”, -შემდეგი ფორმულირებით დაუსვა კითხვა: “ეთანხმებით, ხომ, სამართალდარღვევის ოქმს?”

“ვიცი, ვაღიარებ” – განუცხადა მან.

მოსამართლე: არ ხდით სადავოს გინების ფაქტს?

შ.ს. – არა.

მოსამართლე: ჩავთვალოთ, ხომ, მტკიცებულებები გამორკვეულად?
შ.ს. – დიახ.

მოსამართლე: თქვენ რას სთხოვთ სასამართლოს, გაითვალისწინოს თქვენი მდგომარეობა, ხომ? 

შ.ს. – კი, ბატონო.

სხდომა 13:48 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა. მოსამართლემ შ.ს. სამართალდამრღვევად ცნო 166-ე მუხლის პირველი ნაწილით. 

რადგან ეს მისი პირველი დარღვევა იყო და თან მცირე მნიშვნელობის, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, შ.ს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, ანუ სამართალდამრღვევად მიიჩნია, მაგრამ არ დაუჯარიმებია და მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

 

საქმე #2 – წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა

ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გ.წ. მანქანის მართვის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს გადამოწმების მიზნით. ის ალკოტესტზე გადაამოწმეს და ჯარიმა გამოუწერეს.

“ჯარიმის გამოწერისას ის იგინებოდა ხმამაღლა, უმისამართოდ, რაზეც პოლიციელებმა მოუწოდეს, შეეწყვიტა. საჯარიმო ქვითარის გამოწერის შემდეგ უკვე პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა”, – განაცხადა სოსო დანელიამ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ეს საქმე უმოკლეს დროში, 8 წუთში დაასრულა. 

“ჩავთვალოთ ყველა მტკიცებულება გამოკვლეულად?” – ჰკიხა მან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს და პოლიციელს, რაზეც თანხმობა მიიღო.

პოლიციელმა პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადა, რომ პირი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და მოსამართლეს მინიმალური ზომის გამოყენება სთხოვა.

მოსამართლემ გაიზიარა მისი თხოვნა, გ.წ. სამართალდამრღვვევად ცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა.

 

საქმე #3 – წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა

საქმის მასალების მიხედვით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი გ.გ. ქუჩაში არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ყვიროდა და იგინებოდა. იყო აგრესიული პოლიციის მიმართ, ხელს უშლიდა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. რის საფუძველზეც მის წინააღმდეგ  სამართალდარღვევის ოქმი  166-ე  მუხლის პირველი და 173-ე მუხლის მეორე ნაწილით  შედგა, რადგან პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის მანამდეც იყო გასამართლებული.

მოსამართლე: გასაგებია თქვენი უფლებები? ადვოკატის აყვანის უფლება რომ გაქვთ, არის, ხომ, ცნობილი თქვენთვის?

გ.გ. – დიახ.

მოსამართლე: რომელიმე უფლებით ხომ არ ისარგებლებთ?

გ.გ. – რავი, არა.

საქმის გარემობების აღწერისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა:

“ბრალდებულს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფოს გადაჰყავდა საავადმყოფოში და წაყოლა არ სურდა და იგინებოდა.  როდესაც პოლიციელები მივიდნენ ადგილზე, პოლიციელებიც მიაყოლა”, – აღნიშნა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა.

ეს სხდომა 10 წუთი გაგრძელდა. პირის აღიარების საფუძველზე,  166-ე მუხლის მტკიცებულებები მოსამართლემ გამოკვლეულად ჩათვალა   თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა, რადგან საქმის მასალები სათანადო წესით არ იყო წარმოდგენილი.

კერძოდ, პოლიციელმა არ იცოდა, მანამდე პასუხისგებაში მიცემული პირი როდის იყო სახდელდადებული  173-ე მუხლის საფუძველზე, იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შესული, ან გადახდილი იყო თუ არა ჯარიმა.  

შესაბამისად, სხდომა გადაიდო.

 

საქმე #4 – წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა 

საქმის მასალების მიხედვით, პასუხისგებაში მიცემული პირი,  ი.ბ. იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ქუჩაში იგინებოდა უმისამართოდ და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რომ გინება შეეწყვიტა, და დააკავეს.

ამ შემთხვევაშიც, მოსამართლემ მტკიცებულებები აღიარების საფუძველზე ჩათვალა გამოკვლეულად და 03:07 წუთზე დაწყებული სხდომა 9 წუთში დაასრულა.

პოლიციელის, ვანიკო დაბრუნდაშვილის განმარტებით, ი.ბ.-ს მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ხოლო, გამოფხიზლების შემდეგ თვითონვე ინანა ჩადენილი და მოიბოდიშა.

“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, 14 სექტემბერს, ღამის საათებში  მივედით მასთან, წარვუდგინეთ ჩვენი მოწმობა და ავუხსენით, შეეწყვიტა წესრიგის დარღვევა. რამდენჯერმე მოვუწოდეთ, მაგრამ ისევ აგრძელებდა ხმაურს და უმისამართოდ იგინებოდა. ჩვენთვის არ მოუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

ნასვამი იყო და ვერ იაზრებდა თავის ქმედებას. როცა პოლიციაში გამოფხიზლდა, მოინანია თავისი საქციელი, ბოდიშიც მოგვიხადა და თუ შეიძლება, სიტყვიერი გაფრთხილება მივცეთ “, – განაცხადა პოლიციელმა.

საქმის ოქმში დაკავების დრო ეწერა, თუმცა არ ეწერა პოლიციაში მიყვანის დრო. 

მოსამართლის კითხვაზე, თუ როდის მიიყვანეს განყოფილებაში, პოლიციელმა უპასუხა  – “მალევე”.

მოსამართლე დაინტერესდა, პირმა თუ მოინანია, რატომ არ გაუშვეს:

პოლიციელი: არ ვიცი.

მოსამართლე: აბა, ვინ იცის? მაგის თქმა რომ იცით პროცესზე, მოინანიაო, მაშინ რატომ არ გაუშვით? აქამდე[მთელი ღამით]  დაკავებული რატომ გყავდათ?

პოლიციელი: კი ბატონო, მოინანია. 

მოსამართლე: თუ მოინანია და აღარ არის დაკავების საფუძველი, რატომ არ უშვებთ ასეთ შემთხვევაში? 

პოლიციელი: სამართალდარღვევით მყავდა განყოფილებაში შეყვანილი.

მოსამართლე: დარღვევის  ოქმს ხომ მისი დაკავების გარეშეც შეადგენდით?

პოლიციელმა ვერაფერი უპასუხა. 

“თქვენ ხომ არ ითხოვთ მკაცრად საკუთარი თავის დასჯას”, -მიმართა მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს, რაზეც უარი მიიღო.

თამარ მჭედლიშვილმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში  საქმე შეწყვეტილად გამოაცხადა; ხოლო წვრილმანი ხულიგნობისთვის  ი.ბ. დამრღვევად ცნო და შენიშვნა გამოუცხადა.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პროექტის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშეწყობა) ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. 

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი