საზოგადოება

„ოცნებამ“ ჩვენი წევრი 20 000 დოლარად მოისყიდა – გახარიას პარტია

7 ოქტომბერი, 2022 • 1407
„ოცნებამ“ ჩვენი წევრი 20 000 დოლარად მოისყიდა – გახარიას პარტია

პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში მათი წევრი, დავით ფარცვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდეს, რის გამოც პარტიიდან გარიცხეს.

ფარცვანია ამბობს, რომ პარტია თვითონ დატოვა, მოსყიდვის შესახებ ბრალდებაზე კი აცხადებს, რომ ისეთივე ბრალდებაა, როგორც გიორგი გახარიას „კოკაინშიკობა“.

რა ხდება

„სუს-ის და „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული, თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გარიცხულია პარტიის რიგებიდან“, – განაცხადა თბილისის საკრებულოში გახარიას პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.

თავაძის თქმით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიისგან ფარცვანიამ „სულ რაღაც 20 000 დოლარი“ და „მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების“ პირობა მიიღო, რის შემდეგაც ფრაქცია დატოვა.

„ფარცვანია შემჩნეული იყო „ოცნებასთან“ და სუს-თან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს“, – განაცხადა თავაძემ 7 ოქტომბერს ბრიფინგზე.

პარტიის „საქართველოსთვის“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ „აგრესიულად აგრძელებს ბრძოლას პარტიის წინააღმდეგ, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები“.

ფარცვანიას პასუხი

დავით ფარცვანიამ განაცხადა, რომ პარტია თვითონ დატოვა და ამ საკითხზე გუშინ ისაუბრა ფრაქციის თავმჯდომარესთან [ზაზა თავაძესთან], დღეს კი განცხადება დაწერა. შესაბამისად, იგი ამბობს, რომ პარტიაში იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ გარიცხეს. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

რაც შეეხება ბრალდებას მოსყიდვაზე „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ – ფარცვანიამ ამას „ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა“ და „ბინძური ბრალდება“ უწოდა და განაცხადა:

„როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ისე მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი“.

ფარცვანიას თქმითვე, პარტიასთან „გარკვეული ტიპის უთანხმოებები“ ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ ამ დეტალებზე საუბარს აღარ აქვს აზრი. „მომიგონეს ერთ საათში ეგ ამბავი რაღაც შიდა ამბების გამო“, – თქვა მან.

როგორც ფარცვანია წერს, იგი საკრებულოში რჩება უპარტიო წევრად.

ფარცვანია 2020-21 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი იყო, 2019-20 წლებში კი- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) პირველი მოადგილე, იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

გახარიას პარტიას თბილისის საკრებულოში მხოლოდ სამი წევრი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი