ახალი ამბები

როგორ დაირღვა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები – ომბუდსმენის ანგარიში

5 აპრილი, 2022 • 1538
როგორ დაირღვა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის უფლებები დაირღვა პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გაჭიანურებით, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მისი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით და საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების შეზღუდვით.

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშიპარლამენტს  სახალხო დამცველმა 31 მარტს წარუდგინა. საჯარო პრეზენტაცია კი გუშინ, 4 აპრილს შედგა.

სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგი

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატს დაბრკოლებები შეექმნა. კერძოდ, ორ შემთხვევაში აპარატის წარმომადგენლები დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში ალოდინეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე, ერთ შემთხვევაში კი, სახალხო დამცველის რწმუნებულსა და სპეციალური რწმუნებით დროებით მოსარგებლე სამედიცინო ექსპერტს საერთოდ არ მიეცათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველისა და მის მიერ მიწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობაზე მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა.

სააკაშვილის შიმშილობა

მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გამოაცხადა შიმშილობა, რაც პროტესტის კანონით გათვალისწინებული ფორმაა. ამის საპასუხოდ კი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, არაერთხელ დააყენეს მისი შიმშილობა ეჭვქვეშ. ისინი ამაზე საუბრობდნენ ხმამაღლა და მათი პოზიციის გასამყარებლად გარკვეული ქმედებებიც გაატარეს.

სახალხო დამცველი მსგავს ქმედებებს და განცხადებებს პატიმრის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკის შექმნად აფასებს.

“სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ პატიმრის პროტესტის ეჭვქვეშ დაყენება მათ პროტესტის ფორმის დამძიმებისკენ ან/და სამედიცინო მომსახურების მიღების შეწყვეტისკენ უბიძგებს, რაც ამძიმებს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის დასკვნა და მოშიმშილე სააკაშვილი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს №18 დაწესებულებაში. ომბუდსმენის დასკვნის თანახმად, №18 დაწესებულება სრულფასოვნად არ პასუხობდა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და არსებობდა რისკები სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

“№18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს პატიმართა მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილების მოსმენა უწევდა, რაც ცალსახად ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, და ამით სახელმწიფომ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულება დაარღვია.

საგულისხმოა, რომ 2021 წელს და წინა რამდენიმე წლის განმავლობაში, №12 პენიტენციური დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, №18 დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განმარტებით, სააკაშვილის №18 დაწესებულებაში ყოფნისას სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა არაერთხელ გასცა რეკომენდაცია, რომ მას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაეგრძელებინა ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე მრავალპროფილურ კლინიკაში. საბოლოოდ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბერს გადაიყვანეს, შემდეგ კი კვლავ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამ პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით სამჯერ მოინახულა.

სახალხო დამცველის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის [ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით] არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს, ომბუდსმენის განცხადებით, მისი რეაბილიტაციის საკითხი კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა.

შეურაცხმყოფელი კადრების გავრცელება

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი №18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეასახლეს, ამის ამსახველი ვიდეოკადრები კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა სოციალურ ქსელში. სახალხო დამცველის შეფასებით, ამით მისი პატივისა და ღირსების უფლება დაირღვა.

“ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავდა საქმესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაში იყო აღბეჭდილი. იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით დაირღვა მიხეილ სააკაშვილის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება”, – განმარტებულია ანგარიშში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად შესაძლებელი იყო სხვა საშუალების შერევაც, რომელიც პატიმრის უფლებებს არ დაარღვევდა.

სასამართლო

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ  2021 წლის 10, 15 და 16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში, სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა. ამის მიზეზად პენიტენციური ასახელებდა სააკაშვილის მიერ მკურნალობის შეწყვეტას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას. სახალხო დამცველი “საგულისხმოდ” მიიჩნევს, რომ სასამართლომ ეს განმარტება დამატებით მსჯელობის გარეშე მიიღო.

“სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებით მიუთითა, რომ ორივე საფუძველი დაუსაბუთებელი იყო – შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანაზე უარი ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.

ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სხვა რეგულირებები, მიმდინარე გამოძიების გამო, არ იცნობდნენ პირის სასამართლოში მიყვანაზე უარის თქმის შესაძლებლობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ხანდაზმულობის მაქსიმალური ვადა 10 წელია”, — ნათქვამია ანგარიშში.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გასული წლის 29 სექტემბერს არალეგალური გზით შემოვიდა, ამის შესახებ კი, 1 ოქტომბერს განაცხადა, რის შემდეგაც მალევე დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი, ასევე, 6 წელი აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, 3 წელი კი- სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი