საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ომი ომის შემდეგ – აზერბაიჯანში ომის მოწინააღმდეგეებს ებრძვიან

29 სექტემბერი, 2022 • 1573
ომი ომის შემდეგ – აზერბაიჯანში ომის მოწინააღმდეგეებს ებრძვიან

ავტორი: ნიკა მუსავი, აზერბაიჯანი


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 13-14 სექტემბრის შეიარაღებულმა შეტაკებამ, როდესაც აზერბაიჯანმა მეზობელ ქვეყანას ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა [და ამას სომხეთის პროვოკაციაზე პასუხი უწოდა], როგორც ჩანს, საბოლოოდ ამოუწურა აზერბაიჯანის მოქალაქეებს იმედი, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში მშვიდობა დამყარდება.

სექტემბრის ორი დღის მოვლენებმა აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილიც აღაშფოთა. თუ 2020 წელს ადამიანებმა “უკეთესი მომავლის” ირწმუნეს, ახლა მხოლოდ ის სურთ, უარესი აღარ მოხდეს.

2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საზოგადოების იმაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე ორი წლის წინ. ეს სრულიად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ომი ერთმანეთისგან განსხვავებულია.

2020 წლის ომი აზერბაიჯანელების უმრავლესობისთვის “გამათავისუფლებელ” ხასიათს ატარებდა – მათ აღქმაში აზერბაიჯანი საკუთარი მიწებისთვის იბრძოდა. ხალხი იმით იმშვიდებდა თავს [ან ცდილობდა დაემშვიდებინა], რომ 30 წლის შემდეგ ეს გარუდაუვალი ომი განკურნების პროცესის დასაწყისი იქნებოდა.

“ამჯერად ომი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიას შეეხო და აზერბაიჯანმა, სულ მცირე, 80 ადამიანი დაკარგა სრულიად გუგებარი მიზეზით. ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ კონფლიქტი დასრულდა, მტერმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი. როგორც ჩანს, არაფერი დასრულებულა და ახალი ფართომასშტაბიანი ომი ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. მისი გამართლება კი უფრო რთული იქნება”, – ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტიკური მიმიხილველი შაჰინ რზაევი.

საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელმაც სომხეთის პროვოკაციის შესახებ აზერბაიჯანის ოფიციალური ვერსია მისაღებად მიიჩნია, შიშობს, რომ  მსგავსი “პროვოკაციები” და “შესაბამისი პასუხი” მუდმივად შეიძლება გაგრძელდეს, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვება.

ყველაზე რადიკალური ნაციონალისტების მცდელობა, გაამართლონ საბრძოლო მოქმედებების განახლება ზანგეზურის და სხვა “ისტორიული ტერიტორიების”  [რომელიც დაახლოებით 100 წელი თანამედროვე სომხეთის ნაწილია]  დასაბრუნებლად, მოქალაქეებში ენთუზიაზმს არ იწვევს.

დამატებითი ფაქტორი, რომელმაც საზოგადოების ამჟამინდელ რეაქციაზე ნაწილობრივ იქონია გავლენა, შესაძლოა ისაა, რომ ორი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისას, ასობით დაჭრილი და დაშავებული ომის მონაწილე აზერბაიჯანში დაუპირისპირდა სისტემას, რომელიც მათ “ინვალიდობის დახმარებას” არ აძლევს. გაუსაძლისი პირობების მოტივით, ორმოცზე მეტმა ვეტერანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საზღვარზე სიტუაციის ამჟამინდელ გამწვავებაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის ომი, დასუსუტებული რუსული პოზიციები და რეგიონში ზოგადი არასტაბილური გარემო.  სხვათა შორის, აზერბაიჯანის საზოგადოებაში ერთ- ერთი პოპულარული ვერსიით,  მომხდარს “რუსეთმა შეუწყო ხელი იმისთვის, რომ სომხები და აზერბაიჯანელები არ შერიგდნენ”.

რიტორიკა შეიცვალა ასევე აზერბაიჯანის ტრადიციულმა ოპოზიციამ. 2020 წელს ოპოზიციური ლიდერები აცხადებდენ, რომ დროებით უარს ამბობენ ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე და ხელისუფლებას უმაღლესი მიზნის –  ყარაბაღის დაბრუნების – მისაღწევად სოლიდარობას უცხადებდნენ. შერიგების შესახებ შეთანხმების შემდეგ კი უკმაყოფილო დარჩნენ იმით, რომ ხელისუფლება “ბოლომდე არ წავიდა”. ახლა იმავე პარტიის ლიდერი [“აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი”]  ალი ქერიმლი და ზოგიერთი მისი “კოლეგა”, მართალია, ღიად არ კიცხავენ ხელისუფლების მოქმედებებს, თუმცა კითხულობენ “რისთვის დაიღუპნენ ადამიანები?”

მსგავსი გამონათქვამები ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების პოზიციაზე მეტად ანტიმილიტარისტებს აბრაზებს. მათთვის ოპოზიციის დღევანდელი ფორმულირებები ღია ცინიზმს ჰგავს: ოპოზიცია მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ამხელა ადამიანური სიცოცხლის ფასად ქვეყანამ ერთი გორაკიც ვერ მიიღო.

ასეა თუ ისე, ოპოზიციამ  [ნაციონალისტურად განწყობილმა] ორი წლის განმავლობაში პირველად გამოხატა კრიტიკა ომთან დაკავშირებით, თუნდაც ასეთი ორაზროვანი ფორმით.

მეორე მხრივ, არც რიგითი მოქალქეები  და არც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ღიად არ აკრიტიკებენ ომს და მაქსიმალურად რბილ ფორმულირებებს იყენებენ. არავის სურს, საკუთარი თავი ეროვნული ინტერესების მოღალატედ წარმოაჩინოს. მით უმეტეს, მსგავსი პრეცედენტების ფონზე.

“იცნობდე მოღაალტეს”

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სექტემბრის დღეებში სიტუაციის გამწვავებიდან მალევე, როდესაც სოციალური ქსელების აზერბაიჯანული სეგმენტი მაქსიმალურად აღელვებული იყო და მილიტარისტებისა და ურაპატრიოტების ყვირილი ისტორიულ მიწების შესახებ ახშობდა ოფიციალურ ინფორმაციასაც კი, ფეისბუკზე დაიწყო კამპანია, ჰეშთეგით “იცნობდემოღალტეს”. თავისი არსით ეს არის იმ ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დისკრედიტაციის კამპანია, ვინც აზერბაიჯანი გააკრიტიკა სომხეთისთვის ცეცხლის გახსნის გამო. კამპანიის ორგანიზატორების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ადგილობრივი მედია კამპანიის მართვას ხელისუფლებას მიაწერს.

კამპანიის მხვერპლი გახდნენ არა მხოლოდ რადიკალური ანტიმილიტარისტები, ასევე ის ოპოზიციონერები და ჟურნალისტები, რომლებიც აქამდე არ გამორჩეულან პაციფისტური მოწოდებებით – პირიქით, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას.

იმის მიუხედავად, რომ კამპანიამ მოსალოდნელი შიში ვერ გამოიწვია მოქალაქეებში, მას მაინც ჰყავს დაზარალებულები.

აქტივისტი და ახალგაზრდული მოძრაობა “დემოკრატია -1918” -ის ხელმძღვანელი აჰმედ მამადლი 20 სექტემბერს ბაქოში 30 დღე-ღამით დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, თუმცა, უფლებადამცველებისა და მისი ოჯახის წევრების ცნობით, დაკითხვის დროს განუცხადეს, რომ მისი დაკავება უკავშირდება  სოციალურ ქსელებში მის პაციფისტურ განცხადებებს და აზერბაიჯანის ხელისუფლების, კონკრეტულად კი, პრეზიდენტ ალიევის კრიტიკას. გასაჩივრების მიუხედავად, 28 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მის პატიმრობაზე. მამადლის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურებაც ჰქონდა . Amnesty International-ისთვის  და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, ასევე,  აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილისთვის აჰმედ მამადლი  გახდა მილიტარიზმისა და ნაციონალიზმთან ბრძოლის სიმბოლო.

“მოვითხოვთ მშვიდობას” – აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მანიფესტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკება 29 სექტემბერსაც გაგრძელდა, რომლის დროსაც სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს იყო მორიგი პასუხი სომხეთის პროვოკაციაზე. ბაქოს ოფიციალური ცნობითვე, სწორედ აზერბაიჯანია დაინტერესებული სამშვდობო დღის წესრიგითა და რეგიონში სიმშვიდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი