საზოგადოება

მტკიცებულებათა წიგნი

7 მაისი, 2010 • 1916
მტკიცებულებათა წიგნი

”ომი ომია,” -ასეთი იყო  ცხინვალის ერთ-ერთი ე.წ.ოფიციალური პირის პასუხი ქართველების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, 2008 წლის აგვისტოში.დღეს კი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 1000-მდე ომის მსხვერპლის ინტერესებს იცავს.

მტკიცებულებათა წიგნი, ასე უწოდებს მანანა კობახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” წარმომადგენელი, წიგნს, ”აგვისტოს ნანგრევებში”, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა მონათხრობებზეა აგებული.

ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” მხარდაჭერით, უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუცლი,ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, 21-ე საუკუნე, ) წელიწადნახევრის განმავლობაში იკვლევდნენ ქართველების გენოციდის საკითხს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

2008 წლის 15 აგვისტო, როდესაც კონფლიქტის ზონიდან დევნილები თბილისში ჩამოვიდნენ, ათვლის პირველი თარიღია.

მაშინ არ იყო საუბარი არანაირ პროექტზე და არანაირ დაფინანსებაზე, ჩვენი ორგანიზაციები, ჩვენი ადამიანური რესურსით და ჩვენივე ინიციატივით ვხვდებოდით თბილისში განსახლებულ დევნილებს ”.

ადამიანურ ისტორიებზე აგებული წიგნი, სადაც უშულოდ დაზარალებულები ყვებიან კონფლიქტის ზონაში მომხდარ ტრაგედიებზე, მხოლოდ გადამოწმებული ფაქტებისგან შედგება.

წიგნში, რომელიც თინა ხიდაშელის რედაქციით გამოვიდა, ნათქვამია, რომ მთავარი მიზანი იყო მხოლოდ გადამოწმებული ფატქების შეგროვება.გადამოწმება კი მოხდა ინტერნეტ რესურსების ან სხვა წყაროს გამოყენებით.

გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საერთო ჯამში 4700-ზე მეტი პირისგან მიიღეს ინფორმაცია.

”ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება სრულყოფილად მიგვეღო ინფორმაცია, მივდიოდით იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს შეეძლო მისვლა.”

ფაქტების გადამოწმების შედეგად, წიგნში 1055 ადამიანის მონათხრობი შევიდა.

ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ანგარიშს არ აქვს პრეტენზია, რომ ის ომის სრულ ანალიზს ახდენს, თუმცა:

”ანგარიში ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ე.წ. მშვიდობის იძულების ოპერაცია,  ფაქტიურად იყო ეთნიკური წმენდა”.

სწორედ ამიტომ, ნათქვამია წიგნში, მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაიწყოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის სრულმასშტაბიანი გამოძიება და დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი. ”ყველა დანაშაული, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, ერთ მიზანს ემსახურებოდა- ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას დაეტოვებინა კონფლიქტის ზონა”.

”აგვისტოს ნანგრევებში” ოთხი ძირითადი თავისგან შედგება. ანგარიშის პირველ ნაწილში აღწერილია 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობები. მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები ძირითადად დევნილთა ინტერვიუებზე და პირად ისტორიებზეა დაფუძნებული. კონფლიქტის დროს დაზარალებული ადამიანები თავად ყვებიან საკუთარი ტრაგედიის შესახებ .

”ჩემ სახლს ბომბი დაეცა”, ”წინ გაგვიშალეს ქართული დროშა და გვითხრეს, ფეხები გაიწმინდეთ თქვე ღორებო”, ”იარაღი მოგვიშვირეს”,- ეს მხოლოდ ნაწყვეტებია იმ ტრაგიკული ისტორიებიდან, რომელსაც დევნილები ყვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ ”კონფლიქტის დროს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა და რომ არ გახსნილა მათ მიმართ ცეცხლი, კითხვარების შედეგად, რომლისგანაც წიგნი შედგა, 137 ადამიანის დაღუპვის შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულების ნაწილი დაბომბვისას გარდაიცვალა, ნაწილი კი წიგნის მიხედვით, სამხედრო პირების აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.

წიგნში ამ ადამიანების გარდაცვალების ფაქტებია აღწერილი. ნათელა კაიდარაშვილის გარდაცვალებაზე, რომელიც ერთ-ერთია დაღუპული 137 მოქალაქიდან, სამი ადამიანი ყვება.

ნათელა ყრუ-მუნჯი იყო. მისი ცემის ფაქტს მისი თანასოფლელი შეესწრო ” სამხედრო მანქანები დავინახე, სამხედროები ნათელას ურტყამდნენ, დანარჩენები უყურებდნენ, ერთმა აიღო და თავში ჩაარტყა რაღაცა, ნათელა წაიქცა.”

მისი და, თინათინი ყვება, როგორ მობრუნდა ერთ დღეს ნათელა სახლში, ნაცემი და სახედასიებული.”თვალებს ვერ ახელდა, არაფერი მითხრა  და მეც არაფერი მიკითხავს, ორი დღე მარტო ვპატრონობდი ჩემ დას, მესამე დღეს გარდაიცვალა”. 

კეხვი, ქურთა, აჩაბეთი,თამარაშენი, ერედვი,კარალეთი, ეგნეთი- ეს მცირე ჩამონათვალია იმ სოფლების, რომლებიც აგვისტოს ომის დროს და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც ცეცხლის ალში იყო გახვეული. ”აგვისტოს ნანგრევებში” მოთრობილია ის ფაქტები, სადაც მოსახლეობა თავად ყვება მათი თუ მათი მეზობლების სახლების გადაწყვის ფაქტებს. იხსნებს ქონების გატაცების, ადამიანების შეურაცხყოფის, ცემის, მუქარის ფაქტებს.

”თავს ნუ შეიწუხებენ ქართველები უკან დაბრუნებით, მათი სოფლები ეთნიკურად ოსებს უნდა გადავცეთ”,-ამბობდა კოკოითი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სატელიტურ ფოტომასალაზე დაყრდნობით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი წყაროა ”აგვისტოს ნანგრევების” ჩანს, რომ ძირითადი ზიანი ქართულ სოფლებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მიადგა.

”10 აგვისტოს არ ჩანს პრაქტიკულად არავითარი ზიანი. ცხრა დღის შემდეგ კი ანალიზი გვიჩვენებს 152 დანგრეულ შენობას, ანუ სოფლის (თამარაშენი)ინფრასტუქტურის ძირითად ნაწილს”,-წერს amnesty international (საერთაშორისო უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია) ოქტომბერში.

სოფელი ქურთა ეუთოს ანგარიშშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ სოფელი დაიბობმა. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ 10 აგვისტოს სოფელში რუსი სამხედროები შევიდნენ.

”გერონტის სახლში შევიდა 5-6 კაცი სამხედრო ფორმაში. 5 წუთი და ავარდა ალი გერონტის სახლს და ასე დაუსრულებლად. დადიოდნენ და წვავდნენ”,- ამბობს თემურ ყაულაშვილი, რომელიც პირადად შეესწრო ქურთაში სახლები გადაწვას სამხედროების მიერ.

სამოქალაქო და სამხედრო ტყვეები და ის არადაამიანური პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ცალკე თავად არის აღწერილი წიგნში.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 163 ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა ტყვეობაში.

ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის მკველვარებს იმ ისტორიებს უყვებიან, რომელიც ტყვეობის დღეებში გადახდათ. მათ ამბებს  არაადამიანური მოპყრობა და შეურაცხყოფა აერთიანებს. მათ პირდაპირ ლიახვიდან ამოტანილ წყალს ასმევდნენ, საკვებს კი საერთოდ არ აძლევდნენ, არ იყო არც საწოლი და არც ლეიბები.

”15 ადამიანი მოგვაგროვეს, ჩამოგვიყვანეს ფეხით აჩაბეთში”,-იხსენებს დარეჯან სალაძე,”იქაც მოგროვილი იყო 20-25 ადამიანი.ჩაგვსხეს რაფის ტიპის 3 მანქანაში და წაგვიყვანეს ცხინვალში, მილიციის შენობაში. წინ გაგვიშალეს ქართული დროშა და გვითხრეს, ფეხები გაიწმინდეთ თქვე ღორებო.იარაღი ჰქონდათ ასხმული და გვერეკებოდნენ შენობაში,რომ გადაგვევლო დროშაზე”.

 ბევრად უფრო მძიმე იყო სამხედრო ტყვეების მდგომარეობა. მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს ”საერთაშორისო ამნისტიაც” გამოეხმაურა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სულ 39 ქართველი ჯარისკაცი იყო ტყვე.

მათგან სამი გარდაიცვალა, ერთ ერთის, კახაბერ ხუბულოვის დაღუპვას, რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად, სამხრეთ ოსეთის მილიციის წარმომადგენელი ადასტურებს, ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით ჩეჩენმა მებრძოლმა მოღალატეობის მიზეზით დახვრიტა ხუბულოვი (მას დედა ოსი ჰყავდა, ქართველების მხარეს იბრძოდა.)

ეს ამბავი 11 აგვისტოს მოხდა. ”მას თავი მოვაჭერით და ნუღარ დაელოდებით”-ასეთი იყო პასუხი ქართველი ჯარისკაცების კითხვაზე თუ სად იყო ხუბულოვი.

”მე პირადად ორივე მხარეს კბილები ჩამიმტვრიეს იარაღის კონდახით, ნიკაპზე, ცხვირზე, მარჯვენა ხელის საჩევენებელზე ჩაქუჩას მირტყამდნენე. გონება მაშინ დავკარგე, როდესაც შუბლზე მომარტყეს ჩაქუჩი”-ყვება ქართველი სამხედრო ტყვე, კახა ზირაქაშვილი.”მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი სანთებელით დამიწვეს, იმ მიზნით, რომ იარაღი ხელში არასოდეს აღარ აგვეღო. ორი ოსი ჩემ მკლავზე იდგა, მესამე კი სანთებელით თითებს მიწვავდა”.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ თებერვალში მიმართეს, და დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარუდგინეს. ჰააგის სასამართლომ ოფიციალურად მიიღო აღნიშნული დოკუმენტი.

„როდესაც დანაშაული ჩადენილია, დანაშაულის დადგენის და სამაგიეროს მომენტიც დგება, დიდი  იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან წარიმართება პროცესი“,–განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

წიგნიდან ”აგვისტოს ნანგრევებში”
წიგნიდან ”აგვისტოს ნანგრევებში”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი