საზოგადოება

შეხსენებაა, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა – კრამონი ლუკაშენკოს ვიზიტზე

29 სექტემბერი, 2022 • 800
შეხსენებაა, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა – კრამონი ლუკაშენკოს ვიზიტზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიაენება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

კრამონის თქმით, ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინის მარიონეტია. მისი შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლა შეხსენებაა საქართველოში „რუსეთის დამშოშმინებლისთვის“, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.

„ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს.

მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოში რუსეთის ყველა დამშოშმინებელისთვის, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი