საზოგადოება

აფხაზეთი არსებობს და რუკიდან ვერ წაშლი — ლუკაშენკო

28 სექტემბერი, 2022 • 2121
აფხაზეთი არსებობს და რუკიდან ვერ წაშლი — ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთი არსებობს და სანქციები მას რუკიდან ვერ გააქრობს.

ლუკაშენკომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემები განიხილა „უფროს ძმასთან“, ვლადიმერ პუტინთან.

„ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლი. ვერანაირი სანქციები ამას ვერ შეძლებს. აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, უნდა დავეხმაროთ მას, რომ ამ აყვავებულმა მხარემ, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, აფხაზეთში მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მიზეზით არ არის გამოწვეული.

„ჩვენ უბრალოდ გვინდა, ვიცხოვროთ თანხმობაში. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტი უნდა გახდეს… გულწრფელად გეტყვით, ჩვენ აფხაზეთის პრობლემას განვიხილავდით საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელებთანაც. ისინი მიყვებოდნენ აფხაზეთის შესახებ. საჯარო კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ცუდი ვერაფერი შევატყვე, რამაც გამაკვირვა. ამიტომ ცუდს არ ვუკეთებთ არავის — არც ერთ მხარეს, არც — ქართველებს. ჩვენ მოვედით კეთილი განზრახვით და თუ შეგვიძლია რამით დაგეხმაროთ და შემდეგ ორმხივი  სარგებლის მომტანი იქნება ეს თანამშრომლობა — დაგეხმარებით“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, მას სურს არა უბრალოდ მეგობრობის, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობების ხიდების გადება [აფხაზეთთან].

„რუსეთი მზადაა, მხარი შემოგვაშველოს. ალბათ, დადგა დრო… დღეს, როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორად იქცა მსოფლიო. ჩვენ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ მოგვცემენ. ამიტომაც მეგობრებთან ურთიერთობა უნდა განვიმტკიცოთ“, — დასძინა მან.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

რამდენიმე თვის წინ აფხაზეთში ლუკაშენკოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

ბჟანიამ ლუკაშენკოს წარმომადგენელი სოხუმში მიიღო

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება. თავად ლუკაშენკომ რამდენჯერმე ახსნა, რატომ არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მიზეზად დაასახელა საერთაშორისო საზოგადოებისგან მოსალოდნელი სანქციები და ის, რომ რუსეთი არ იყო მზად ამის შედეგად ბელარუსისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი