სამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიამ ლუკაშენკოს წარმომადგენელი სოხუმში მიიღო

26 ივნისი, 2022 • 872
ბჟანიამ ლუკაშენკოს წარმომადგენელი სოხუმში მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წარმომადგენელს, ვიქტორ შეიმანს აფხაზეთში შეხვდა.

24 ივნისის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დე ფაქტო ადმინისტრაციის გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა.

პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი ინტერესის საკითხები, ევრაზიული ინტეგრაციის აქტუალური ასპექტები, საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები“.

ამასთან, ამავე წყაროს თანახმად, მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს: შეიმანმა ბჟანიას გადასცა ლუკაშენკოს გამოგზავნილი საჩუქარი, ბჟანიამ კი შეიმანს ლუკაშენკოსთვის გაატანა სამახსოვრო საჩუქარი.

ბელარუსი რუსეთის ფედერაციის მოკავშირეებს შორის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ამ დრომდე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი