საზოგადოება

უკრაინა, ევროინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები — ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში

23 სექტემბერი, 2022 •
უკრაინა, ევროინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები — ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ეს და სხვა გზავნილები ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გაახმიანა. უკრაინის გარდა, მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

უკრაინა

“საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას”, — დასძინა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მანვე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი “ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც [გაეროს] ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”.

მისივე სიტყვებით, საქართველო ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს ამჟამად ქვეყანაში მცხოვრები 32 000-ზე მეტი უკრაინელისთვის და აბინავებს მათ.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.

ღარიბაშვილმა იქვე ახსენა აშშ-ის ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყნის საბანკო სისტემა სრულად მოქმედებს ფინანსური სანქციების შესაბამისად.

მისი სიტყვებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ოკუპირებული ტერიტორიები

ღარიბაშვილის სიტყვებით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისას საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ეს აგრესია, “თუმცა ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად”.

“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა”, — დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად”.

“საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას.

სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, — თქვა მან.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ღარიბაშვილის განცხადებით, “საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს”.

“სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით.

საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა”, — დასძინა მან და დაამატა, რომ “წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ”.

“საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობაში”

“ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი რეგიონალური გამოწვევები ისეთი გლობალური გამოწვევების ფონზე ვლინდება, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, პანდემია და კლიმატის ცვლილება”, — თქვა ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან.

მისი სიტყვებით, საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში.

“ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნატოს მიერ განხორციელებულ მისიებში.

სულადობრივად, ყველაზე მეტი წვლილი მიგვიძღვის ავღანეთის მისიაში. ბევრი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასობით დაიჭრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ, ამ ინიციატივებში.

საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს მხარდაჭერისა და ევროკავშირის მისიების უწყვეტი დახმარებისთვის”, — თქვა მან.

ღარიბაშვილის სიტყვებით, დღეს მთელი  კაცობრიობაა საფრთხეების წინაშე, “რომელთა იგნორირება აღარ შეგვიძლია”:

“კლიმატის ცვლილებით შექმნილი პლანეტარული კრიზისები, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დაბინძურება ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. მრავალი გამოწვევის მსგავსად, ის, პირველ რიგში, გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე და აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას”.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ “დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი ათწლეულის შემდეგ ქართული ოცნებები რეალობად იქცევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი