საზოგადოება

შსს: ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელს მძევლად 12 მოქალაქე ჰყავს

20 სექტემბერი, 2022 •
შსს: ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელს მძევლად 12 მოქალაქე ჰყავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელს მძევლად 12 მოქალაქე ჰყავს. უწყების თქმით, სამართალდამცავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ შოთა რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. უწყების თქმით, გამოძიება დაწყებულია “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე:

„ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი