საზოგადოება

ქუთაისში, ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული მძარცველია შეჭრილი

20 სექტემბერი, 2022 • 1126
ქუთაისში, ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული მძარცველია შეჭრილი

ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მძარცველია შეჭრილი. ამ ინფორმაციას ადასტურებს შსს.

როგორც „მთავარი არხი“ ადგილიდან იუწყება, მძარცველს 10-მდე მძევალი ჰყავს.

ტელეკომპანიასთან თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაიგონეს გასროლის ხმაც:

„საქართველოს ბანკში მივდიოდი თანხის ჩასარიცხად, მაგრამ გვერდით, ავიაბილეთებში შევედი. ეს ადამიანი ჩემ წინ მიდიოდა, როგორც კი შევიდა, მაშინვე იყო გასროლა. მე გასროლის ფონზე აღარ შევედი, ცოტა ხანს გავჩერდი. დაიძახეს, ნიღბიანი პირია შეჭრილიო და გამოვიქეცი. მე როგორც ვიცი, არიან იქ ადამიანები“, – აცხადებს თვითმხილველი „მთავარ არხთან“.

მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ ბანკის პრესსამსახურში, სადაც მოგვიწოდეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიგვემართა.

პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან. პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი