საზოგადოება

ოკუპაციისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

16 სექტემბერი, 2022 • 925
ოკუპაციისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ხარკოვის პოლიციის ცნობით, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

როგორც ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სერგეი ბოლვინოვი აცხადებს, მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი საფლავია. მისივე თქმით, ცხედრები ცალ-ცალკეა დაკრძალული.

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი დახვრეტილია, ზოგი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ზოგი -საჰაერო თავდასხმის დროს. ბევრი ცხედარი იდენტიფიცირებული ჯერ კიდევ არ არის, ამიტომ გამოძიებისას დადგინდება დაღუპვის მიზეზი“, — განაცხადა ბოლვინოვმა.

როგორც ბოლვინოვმა აღნიშნა, ყველა ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება და სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზაზე გაიგზავნება.

იზიუმის ტყეში არსებული მასობრივი სამარხის ფოტოები ტელეკომპანია Present Time-მა გამოაქვეყნა.  ამასთან, კომისარმა ოლეგ კოტენკომ Current Time-ს ფოტოების ავთენტურობა დაუდასტურა.

მისი თქმით, იზიუმში აღნიშნული დაკრძალვიდან ვიდეო რუსმა ოკუპანტებმა თავად გამოაქვეყნეს და ამიტომ უკრაინული ძალები მას ეძებდნენ.

მასობრივი სამარხის აღმოჩენას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, პარასკვეს, 16 სექტმბერს, იზიუმის მასობრივი სამარხის სანახავად უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები ჩავლენ, რათა მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ.

„ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთი ამ ომის გამო რეალური პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დააყენოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.


სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის რეგიონში უკრაინელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. უკრაინის ჯარებმა 10 სექტემბერს რუსებისაგან გაათავისუფლეს კუპიანსკი და ბალაკლია, იმავე დღეს რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს იზიუმი.

ფოტო: Настоящее Время

მასალების გადაბეჭდვის წესი