საზოგადოება

ბუნდესვერის გენერალი ფიქრობს, რომ რუსეთს ძალუძს II ფრონტის გახსნა ფინეთში, საქართველოში, მოლდოვაში

15 სექტემბერი, 2022 • 2456
ბუნდესვერის გენერალი ფიქრობს, რომ რუსეთს ძალუძს II ფრონტის გახსნა ფინეთში, საქართველოში, მოლდოვაში

გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი კიევის კონტრშეტევის შეფასებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ელვისებური კონტრშეტევა შესაძლოა არ იყოს ეფექტური მოსკოვის ჯარების დიდ ტერიტორიაზე უკან დახევაში.

საუკეთესო შემთხვევაში, ცორნი ხედავს „კონტრშეტევებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფრონტის მდებარეობის ან ცალკეული მონაკვეთების დასაბრუნებლად, მაგრამ არა რუსეთის ფართო უკანდახევის მიზნით“.

ცორნმა ასევე თქვა, რომ უკრაინის არმია მოქმედებს „ბრძნულად, თავდაჯერებულად და ძალიან მოქნილად“.

„სულ რაღაც ორი კვირის წინ ვიტყოდი, რომ ექვს თვეში მთელი დონბასი რუსეთის ხელში იქნებოდა. დღეს ვამბობ: ისინი ამას ვერ შეძლებენ“, — ამბობს ცორნი, თუმცა ეჭვობს, აქვს თუ არა უკრაინას ძალა მასშტაბური კონტრშეტევისთვის: „მათ სჭირდებათ მინიმუმ 3/1-ზე უპირატესობა“, — ამბობს გენერალი.

FOCUS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ცორნმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მის მიერ ადრე გამოთქმული შიში, რომ რუსეთს ძალუძს მეორე ფრონტის გახსნა და დაასახელა თავდასხმის შესაძლო ადგილები: „კალინინგრადი, ბალტიის ზღვა, ფინეთის საზღვარი, საქართველო, მოლდოვა…“

„ბევრი შესაძლებლობა არსებობს. პუტინს ექნება უნარები. მაშინაც კი, თუ მისი სახმელეთო ძალების დაახლოებით 60 პროცენტი ჩართულია უკრაინის ომში, სახმელეთო ძალებს და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს მაინც აქვთ შესაძლებლობები. პუტინს რომ გაეცა საყოველთაო მობილიზაციის ბრძანება, არც საკადრო პრობლემა ექნებოდა“.

გერმანელი გენერლის შეფასება გააკრიტიკა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა.

„რუსეთის შესაძლებლობების განსაცვიფრებლად ცუდი ანალიზი, რომელიც, სამწუხაროდ, დიდწილად ასახავს გერმანული „ელიტის“ აზროვნებას. მარტო ფინეთი დაამარცხებს რუსულ ძალებს. ლიტვა/პოლონეთი კალინინგრადს ერთ კვირაში დაახშობდა. რუსეთის საზღვაო ძალები იმალება ყირიმის უკან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ ჰყავს საზღვაო ფლოტი“, — წერს ჰოჯესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი