Interviewsსაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ჯანდაცვის უფასო სერვისებმა აფხაზებში ნდობა გააჩინა – ქეთევან ბაკარაძე

29 ივნისი, 2022 • 2058
ჯანდაცვის უფასო სერვისებმა აფხაზებში ნდობა გააჩინა – ქეთევან ბაკარაძე

მაშინ ბევრი მაკრიტიკებდა, თუ რატომ ვხარჯავდით ფულს ეთნიკურად აფხაზ პაციენტებზე, როცა დევნილებს ასე უჭირთ. რასაკვირველია, გარკვეულწილად, მესმის უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების გულისტკივილი, მაგრამ აქ ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – როდესაც შუაღამეს გირეკავს სასოწარკვეთილი დედა და ბავშვისთვის დახმარებას გთხოვს და ამის ბერკეტები გაგაჩნია, ბუნებრივია, უკან არ და ვერ დაიხევ. თუმცა, მოგვიანებით, ამ საკითხზე ბევრის აზრი შეიცვალა.


აფხაზეთიდან დევნილი ქეთევან ბაკარაძე 2013-დან 2021 წლამდე აფხაზეთის ა/რ მთავრობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ნეტგაზეთთან საუბარში ის აფხაზებისთვის შეთავაზებულ სამედიცინო სერვისებზე, ნდობის აღდგენაზე და აფხაზეთთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს:

ქალბატონო ქეთევან, ახლა, როდესაც აღარ ხართ მინისტრის პოსტზე, ვფიქრობ, უფრო მეტის თქმა შეგიძლიათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზების მკურნალობის საკითხებზე. როგორც წესი, უწყებები, რომლებიც ჩართული არიან უშუალოდ არაკონტროლირებად ტერიტორიებიდან პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებაში, მათივე უსაფრთხოების მოტივებით თავს იკავებენ ამ საკითხებზე საუბრისგან.

ჩემი მანდატის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობდი. პირველი – იმ დევნილების ჯანდაცვის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ძალიან ლიმიტირებული ბიუჯეტით მაქსიმალურს ვცდილობდი. მეორე, ეს გახლდათ  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია. რომელიც თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა – გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე ადამიანები. აქ უფრო ხშირად ეთნიკური აფხაზები იგულისხმებიან. მთავარი კრიტერიუმი იყო, მოქალაქეს დარღვეული არ ჰქონოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რითაც გამოირჩევა მსოფლიოში სხვა ოკუპირებული ქვეყნებისგან საქართველო, ისაა, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ არსებობს სახელმწიფოს ჩართულობის კომპონენტი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის სახით. ეს მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა და ყოველთვის საინტერესო იყო ეს ფორმატი იმ კონფლიქტოლოგებისთვისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც მსოფლიო სხვადასხვა რეგიონის კონფლიქებს სწავლობენ და იკვლევენ. თანამდებობაზე ყოფნისას ხშირად მიწევდა ამ გამოცდილებაზე საუბარი.

წარმოუდგენელი ამბავი იყო მათთვის, როგორ ვამყარებდით პირდაპირ კომუნიკაციას ერთმანეთთან. მე კი ყოველთვის ვამბობდი და თავს “ვიმართლებდი” იმით, რომ ვარ ექიმი და ექიმს არ აქვს ის შეზღუდვები, რაც შესაძლოა ჰქონდეს სხვა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს.

როგორ მუშაობდა ეს მექანიზმი?

ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაცია გამყოფ ხაზთთან, ენგურის ხიდთან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბრიგადის საშუალებით ხდებოდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენს კატასტროფის მანქანებს აძლევდნენ ნებართვას, გადაეკვეთათ ადმინისტრაციული საზღვარი. მთელ ამ პროცესში ძალიან ბევრი რგოლია ჩართული.

როგორ მივიდნენ აფხაზური და ქართული მხარეები იქამდე, რომ აფხაზების მკურნალობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო? 

ეს პროცესი დაახლოებით 2006-2007 წლებში დაიწყო. იმ პერიოდში ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო. ეს ის დროა, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს რაღაც სახის კომუნიკაცია გაუჩნდათ. გახსოვთ ალბათ, აქ ჩამოდიოდნენ დელეგაციები აფხაზეთიდან და ყალიბდებოდა გარკვეული ტიპის უერთიერთობები. ენგურის ხიდზეც არ იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის გადაადგილება შეზღუდული.

თავიდან სამედიცინო სერვისების მიწოდება ერთეული მოქალაქეების დონეზე ხდებოდა. განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებს ესაჭიროებოდათ სამედიცინო მომსახურება და ამის შესაძლებლობა არ იყო აფხაზეთში, ასეთ დროს, სასოწარკვეთილი მშობლისთვის ბარიერი არ არსებობს და ის ყველა ღონეს მიმართავს. არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ქართველ ექიმებს არ ჰქონოდათ დახმარების მზაობა. იმ დარგის სპეციალისტები, რომლებიც დეფიციტურია აფხაზეთში, ყოველთვის  გამოხატავდნენ მზაობას, ადგილზეც შესულიყვნენ სრულიად უანგაროდ.

პროცესმა სისტემური ხასიათი 2010 წელს მიიღო, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვეტა, ამისთვის პროგრამის სახე მიეცა, რადგან შემთხვევები გახშირდა, ნდობა გაჩნდა და პაციენტების ნაკადი წამოვიდა. ჩავარდნა იყო მხოლოდ 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა მალევე აღდგა.

მთავარი მიზეზები, რატომაც მოდიან აფხაზები სამედიცინო სერვისის მისაღებად ჩვენთან და არა პირობითად იგივე კრასნოდარის ოლქში, არის ფინანსურად ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რასაც რუსეთის ფედერაციაში არ სთავაზობენ. მოსკოვსა თუ პეტერბურგში მაღალი დონის კლინიკები ერთეული აფხაზებისთვის არის ხელმისაწვდომი. ე.წ. თანამდებობის პირებიც მხოლოდ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში გადიან მკურნალობას.

აფხაზეთიდან მაღალჩინოსნებიც ჩამოდიოდნენ თქვენი მინისტრობის დროს? 

ჩამოდიოდნენ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უთქვამთ, რომ სურვილი აქვთ მხოლოდ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიიღონ და არ ისარგებლონ არავითარი სახელმწიფო პროგრამით. როგორც წესი, შედეგიდან გამომდინარე, გამგზავრებისას აღფრთოვანებასა და საოცარ მადლიერებას გამოხატავდნენ.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ქართველ მედიკოსებს რუსეთში ნამკურნალევი პაციენტისთვის სერიოზული კორექცია დასჭირვებიათ, შესაბამისად, თანდათან, გამოჯანმრთელებული ბენეფიციარების რაოდენობისა და მათდამი პოზიტიური დამოკიდებულების გამო, გაჩნდა მაღალი ნდობა. მაშინ ბევრი მაკრიტიკებდა, თუ რატომ ვხარჯავდით ფულს ეთნიკურად აფხაზ პაციენტებზე, როცა დევნილებს ასე უჭირთ.

რასაკვირველია, გარკვეულწილად, მესმის უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების გულისტკივილი, მაგრამ აქ ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – როდესაც შუაღამეს გირეკავს სასოწარკვეთილი დედა და ბავშვისთვის დახმარებას გთხოვს და ამის ბერკეტები გაგაჩნია, ბუნებრივია, უკან არ და ვერ დაიხევ. თუმცა, მოგვიანებით, ამ საკითხზე ბევრის აზრი შეიცვალა.

რვა წლის განმავლობაში, როდესაც ამ სისტემაში ვიყავი, ეს პროგრამა მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდიდა. მე 2013- ში მივედი სამინისტროში, უკვე მეოთხე კვარტალი იწყებოდა. სწორედ მაშინ ვნახე სრულიად შემთხვევით სამინისტროს დერეფანში პირველი აფხაზი პაციენტი. ის, რა თქმა უნდა, არ მიცნობდა. რუსულად მკითხა, სად იყო ერთ-ერთი თანამშრომლის კაბინეტი. მაშინვე მივხვდი, რომ ის აფხაზი იყო. შევიყვანე ჩემს სამუშაო ოთახში. მოვაყოლე ყველაფერი. გუდაუთიდან აღმოჩნდა. დაუყოვნებლივ დავიწყე მისი სამედიცნო დახმარების პროცედურა. რაც ჩემთვისაც სიახლე იყო – არ ვიცოდი, საიდან რა უნდა დამეწყო. რამდენიმე დღეში ამ ადამიანმა ყვავილების თაიგული მაჩუქა და მითხრა, რომ არ ელოდა ასეთ დახვედრას მინისტრისგან. მთხოვა, თუ შეიძლებოდა მისი ბიძაშვილიც ჩამოსულიყო აფხაზეთიდან და მისთვისაც გაგვეწია სამედიცინო დახმარება. ვუთხარი, რომ ნებისმიერი პაციენტის მიღება შეგვეძლო. ძალიან მალე ისიც მოვიდა. მაშინ ჯერ კიდევ გარიგებების მსხვერპლი ხდებოდა ზოგიერთი აფხაზი პაციენტი და მკურნალობაში გარკვეულ “შუამავლებს” ფულს უხდიდნენ.

თუ 2013 წელს სულ 31 აფხაზი პაციენტი გაატარა სამინისტრომ, 2014 წელს 450 ასეთი პაციენტი გვყავდა. და ასე იზრდებოდა ყოველწლიურად.

კონტროლირებადი გახდა სტატისტიკა, ყველა ბენეფიციარი, ვისაც უფასოდ მკურნალობა სჭირდებოდა, ვალდებული იყო ჩვენთან მოსულიყო. პირველ რიგში, ვახდენდით პაციენტის იდენტიფიცირებას, შემდგომ ვამისამართებდით პროფილურ  სამედივინო დაწესებულებებში.

ეს იყო საკმაოდ შრომატვადი პროცესი. შევქმენით პროგრამა კარგი ადმინისტრირებით, რისკების გამოვლენისა და მართვის ჩათვლით. პირადად მე და ჩემი კოლეგები თითოეულ პაციენტს დიდ დროს ვუთმობდით, ვუხსნიდით ყველაფერს დეტალურად,  რომ ეს ინფორმაცია გაეზიარებინათ სხვებისთვისაც. ასე, ეტაპობრივად  დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებთან არა მხოლოდ გალის რაიონში, არამედ სოხუმში, გაგრაში, გუდაუთასა თუ სხვა რაიონებში. პაციენტის ევაკუაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამედიცინო პერსონალის მოსაზრება, განსაკუთრებით, მძიმე ახალშობილების ტანსპორტირების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შედგა პროფესიული, კოლეგიალური ურთიერთობები, რომელიც გადაიზარდა თბილ ადამიანურ, მეგობრულ ფორმატში. დღესაც მირეკავენ აფხაზები დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, მე უკვე აღარ მაქვს ბერკეტები, მაგრამ ჩემს ყველა რესურსებს, რასაკვირველია, ვიყენებ.

რატომ დატოვეთ თანამდებობა 2021 წელს და გადახვედით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში? ახლა თუ აგრძელებთ აფხაზეთის საკითხებზე მუშაობას რაიმე კუთხით? 

ბატონ გიორგის პრემიერობამდეც ვიცნობდი და ყოველთვის მქონდა მისი პიროვნების მიმართ, გამორჩეულად მაღალი ნდობა. ამასთან, ის ერთადერთი პრემიერი გახლდათ, ვინც ქართულ- აფხაზურ ურთიერთობებს აქტიურად უჭერდა მხარს პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რომელმაც კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგა კოვიდ პანდემიის დროს – პირველი ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთში სწორედ მისი ინიციატივითა და ჩართულობით შევიდა და ეს უდიდესი მხარდაჭერა იყო აფხაზებისთვის იმ დროს, როდესაც სრულიად ვაკუუმში იმყოფებოდნენ და გაუგებარი საშიშროების წინაშე დაუცველები აღმოჩნდნენ.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო აქტივობები განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების მიმართ. ეს გახლდათ 24- საათიანი შრომა მათ სამსახურში და ფაქტობრივად კოვიდინფიცირებული ბენეფიციარების უწყვეტი ნაკადის მიღება და გადამისამართება ისედაც გადატვირთულ კოვიდკლინიკებში. ამასთან, სხვა, გეგმური თუ ურგენტული პაციენტების ინდივიდუალური ადმინისტრირება და პატრონაჟი. ამ მიმართულებით  ბატონი გიორგის პოსტზე ყოფნის დროს, ყოველთვის მქონდა მისი უპირობო მხარდაჭერა შეუზღუდავი რესურსებით. ამასთან, პანდემიამდე ძალიან კარგი პროექტი დავიწყეთ აფხაზეთთან მიმართებში და ასეთი არაპროგნოზირებადი პროცესები და მოვლენები რომ არ განვითარებულიყო, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა არამხოლოდ ჯანდაცვის კუთხით. ამიტომ ჩემთვის ძალიან მარტივი იყო გადადგომის გადაწყვეტილების მიღება იმ გუნდთან, რომელთანაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო იდენტური ხედვები, ღირებულებები მაკავშირებს.

პარტიაში სხვადასხვა ფორმატთან ერთად შეიქმნა  “დეოკუპაციის” პლატფორმა, რომელიც ამ მიმართულებით გამოცდილ პროფესიონალ ადამიანებს აერთიანებს. ამ  ფარგლებშიც ყოველდღიურად ვმუშაობთ, ვქმნით ჩვენს დღის წესრიგს, გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე გვაქვს სამოქმედო გეგმაც. წინასწარ ვერ ვიტყვი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თავის დროზე დღის სინათლეს იხილავს ჩვენი საქმიანობის შედეგი და სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას  კონფლიქტების დარეგულირების საკითხში და სხვა სტატუსით მისცემს მას პოზიციონირების შესაძლებლობას.

თუ გაქვთ ინფორმაცია, ახლა როგორი ტენდენციაა აფხაზი პაციენტების შემოსვლის? 

დღეს საგრძნობლად არის შემცირებული იმ ეთნიკური აფხაზების რიცხვი, ვინც სამკურნალოდ ჩამოდის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, როგორც ყოფილი ბენეფიციარები  მესაუბრებიან, ეს გარკვეულწილად, საშვის გაცემის გართულებულ პროცედურას უკავშირდება. ამასთან, აფხაზური მხარე მათ რუსეთის ფედერაციაში წასვლას სთავაზობს. როგორც ცნობილია ჩემთვის, აფხაზებისთვის რუსეთში  სამკურნალოდ გამგზავრებისთვის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი ფონდებია შექმნილი.

რაც შეეხება სამედიცინო სერვისების პროგრამას, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც მუდმივად სჭირდება განახლება და განვითარება შექმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ახლა სტაგნაციაა.

აფხაზეთში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქართული მხარე მკურნალობის სანაცვლოდ გასაჭირში მყოფ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სთავაზობდა. რა საფუძველი აქვს ასეთ განაცხადებს? 

მეც მომისმენია აფხაზური მედიის გადაცემებში ჩემ მიმართ გაჟღერებული ნარატივი, როგორ  “ვავერბოვკებ” საკუთარ კაბინეტში აფხაზებს და საქართველოს მოქალაქეობის აღებას ვაიძულებ.

ზოგადად, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი არ საჭიროებს არავითარ დამატებით პროცედურას, ხოლო თუ მას სტანდარტული, ჯანდაცვის ვერტიკალური პროგრამით სარგებლობის სურვილი აქვს, [მაგალითად, აივ ინფექცია, შიდსი, ტუბერკულოზი, C ჰეპატიტის პროგრამა], ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ამ საფუძვლით (და ასევე ვიზალიბერალიზაციის ხიბლით) ბევრმა ეთნიკურმა არაქართველმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი ქართულ საზოგადოებაში, რომ უფასო სამედიცინო პროგრამა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებს და ნდობის აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს

რატომ არის ეს პროექტი წარმატებული? ყველა ბარიერის გადალახვით მოდიან და ელოდებიან შენგან რაღაც სასწაულს. ხშირ შემთხვევაში ეს სასწაული დგება ქართველი მედიკოსების ძალისხმევითა და პროფესიონალიზმის დამსახურებით და, ბუნებრივია, პაციენტი თავისი გულშემატკივრებით ბედნიერი ბრუნდებიან.

ამ პერიოდში პირდაპირი კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია მარტივი ადამიანური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და ნდობის აღსადგენად. ცალსახად, ეს არ უნდა გვიქმნიდეს ყალბ წარმოდგენასა თუ ილუზიას, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის კომუნიკაციითაა შესაძლებელი ოკუპაციის მშვიდობიანი დარეგულირება, თუმცა ეს კომპონენტი სერიოზული კონტრიბუციაა კონფლიქტის მოგვარების რთულ და მრავალეტაპიან პროცესში.

ჩვენ ხომ ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ და შემდგომ ტერიტორიები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დიპლომატიას, ალტრუისტულ ფუნდამენტზე აგებულ ჰუმანიტარულ და ჰუმანურ პროექტებს დიდ პოლიტიკაზე მეტი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ურთიერთნდობის მოსაპოვებლად.

თქვენ თავად დევნილი ხართ აფხაზეთიდან. ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თუ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება და განწყობები აფხაზებისადმი? 

მე და ჩემმა ოჯახმა 1993 წლის 27 სექტემბერს დავტოვეთ აფხაზეთი და ომის ქარცეცხლი გამოვლილი გვაქვს. მაშინ 14 წლის ვიყავი. მახსოვს, უკრიანელები როგორ გვეხმარებოდნენ, ბევრი ისტორიაა მათი მხარდაჭერის და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის… პირადად მე და ჩემი ოჯახიც უკრაინულმა გემმა გადაგვარჩინა. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე და ეს ჩემთვის  ღირსების საკითხია. ამასთან, უდიდესი მეგობრობის სიმბოლოა.

სერიოზული ტრანსფორმაცია იყო ჩემთვის ამ პოსტზე დანიშვნა. აფხაზეთის თემატიკასთან იქამდე პრაქტიკულად სხვა შეხება არც კი მქონია. მეტიც, როდესაც დევნილი ხელისუფლების წევრი გავხდი, მაშინ ვნახე პირველი დევნილების ჩასახლებაც [ჩემს ოჯახს, საბედნიეროდ, არ მოუწია ასეთ დასახლებაში ცხოვრება].

აფხაზების მიმართ იქამდე წყენაც მქონდა, აგრესიაც, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ახლაც მაქვს. თუმცა, აფხაზების მიმართ ყველაზე ნაკლებად – ისინიც თავიანთ ქალაქს იცავდნენ ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატისგან –   ქართველებისგან, წლების შემდგომ შემიძლია ამის გაგება და აღქმა. დღეს ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან ეს ადამიანები, იდენტური ტკივილით. თუმცა დღეს ისინი კარგავენ საკუთარ იდენტობას და ყველაფერ იმას, რისთვისაც იბრძოდნენ.

მე აბსოლუტურად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მათთან ერთად, იმ ოჯახებთან და ადამიანების გვერდით, ვინც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო ჩვენი მეზობელი… რასაკვირველია, ერთმანეთის მიტევებას, თანაცხოვრების სწავლას დასჭირდება დიდი დრო და ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მზად ამისთვის. ბევრი შეცდომაა დაშვებული.

დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ხელშესახები პროექტი და სტრატეგია ამ მიმართულებით. ყველა კომპეტენტური და უფლებამოსილი  უწყება პასიურობს. დუმილი და პასიურობა არის მოქმედი ხელისუფლების დაკვეთა და პოზიცია; მათთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. ტვირთი და პრობლემა ვის სჭირდება?! ეს არ იქნებოდა მომგებიანი თემა იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალაუფლებას ებღაუჭება. ნახეთ, დევნილები როგორ სამარცხვინო პირობებში ცხოვრობენ და ასეთ მძიმე პირობებში იზრდება უკვე მერამდენე თაობა. არც არის გასაკვირი, რომ რთული სოციალური ფონი და ყოველდღიური რუტინა ამ ადამიანებს დეოკუპაციის საკითხზე ფიქრის შესაძლებლობას არ აძლევს, ამიტომაცაა პროტესტის მუხტი დევნილ საზოგადოებაში ასეთი დაბალი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი მათგანი დაბრუნდებოდა აფხაზეთში დიდი სიხარულით.

მე მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა სოხუმში ჩავსულიყავი, მაგრამ ჩემი პირობა მაქვს, რომ სტუმრის სტატუსით იქ არ ჩავალ.

სოხუმში, ჩვენს კერძო სახლში, კუხალეიშვილის ქუჩაზე [ახლა დაღესტნის ქუჩაა] ბებია და ბაბუა პირველი მოსახლეები იყვნენ. ბებიაჩემს ვარდების ბაღნარი ჰქონდა გაშენებული. რამდენიმე წლის წინ ჩვენი სახლის ფოტო გამომიგზავნეს, სადაც ეს ბაღნარი უკვე ჩაბეტონებული ჩანს. ძალიან ბევრი ვიტირე იმ დღეს. ბაბუაჩემის უნიკალური ქართული ბიბლიოთეკაც ჩვენი წამოსვლიდან მალევე დაწვეს. დღეს ჩვენს სახლს ახალი მეპატრონე ჰყავს, როგორც ვიცი, რამდენჯერმე გაიყიდა უკვე. სხვათა შორის, ბევრი აფხაზი პრინციპულად არ შევიდა ქართველების სახლებში.

დღესაც კი, როდესაც ღამით მეღვიძება, მგონია, რომ იმ სახლში, ჩემს საძინებელში ვწევარ. ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ზუსტად ვიცი, იურისდიქციის აღდგენის შემთხვევაში, მეც აუცილებლად დავბრუნდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი