უკრაინის არმიის გენერალური შტაბის თანახმად, 11 სექტემბერს კიევმა 20 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. “ფეისბუკზე” გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისინი იღებენ ზომებს აღნიშნულ დასახლებებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
„უკრაინის ტერიტორიაზე არსებობს შემდგომი საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე. გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა 18 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.
დაზარალდა 30-ზე მეტი ქალაქი, დაბა და სოფელი, მათ შორის- კრამატორსკი, კოსტიანტინივკა, დნიპრო, პავლოჰრადი, ველიკომიხაილივკა”, — ამბობს გენერალური შტაბი.
11 სექტემბერს უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ დასძინა, რომ უკრაინის ძალებმა დაიწყეს წინსვლა ხარკოვის “არა მხოლოდ სამხრეთითა და აღმოსავლეთით”, არამედ ჩრდილოეთითაც და 50 კმ-ზე მიუახლოვდნენ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა ჯარების მთლიანად გაყვანის ბრძანება გასცა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელიც მდინარე ოსკილის დასავლეთით მდებარეობს. ოლქის უდიდესი ნაწილი სწორედ მდინარის დასავლეთით ექცევა.
“ამ სექტორში მხოლოდ იზოლირებულ ადგილებში რჩება წინააღმდეგობა, თუმცა ოთხშაბათის შემდეგ უკრაინამ ორჯერ დიდი ტერიტორია დაიბრუნა ხარკოვის ოლქში, სულ მცირე ლონდონის რაიონზე (Greater London – 1,569 კმ²)”, — აღნიშნულია 12 სექტემბრის ცნობაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კვირას ნაჩვენები რუკის მიხედვით, რუსული არმია მასობრივად გავიდა ხარკოვის ოლქიდან და მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე ინარჩუნებს კონტროლს ოლქის აღმოსავლეთში, მდინარე ოსკილის უკანა ტერიტორიაზე.
უკრაინის მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კვირას თქვა, რომ მიმდინარე თვეში უკრაინამ 3 000 კვ.კმ ტერიტორია დაიბრუნა. “ომის კვლევის ინსტიტუტის”(ISW) მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ფართობით აღემატება რუსეთის მიერ აპრილის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს.
ინსტიტუტის თანახმად, ის ფაქტი, რომ რუსეთმა აღიარა იზიუმი-ბალაკლიას ტერიტორიებიდან გასვლა, მიანიშნებს რუსული საინფორმაციო ბრძოლის ჩამოშლაზეც.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო წარუმატებლობა იზიუმი-ბალაკლიას მიმართულებით „გადაჯგუფებით“ ახსნა. მათი განცხადებით, რუსული ჯარი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დონეცკის მიმართულებით გადაინაცვლებს.
Reuters-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც მოსკოვი იძულებული გახდა, დაეტოვებინა იზიუმი, გაბრაზებული რუსი ნაციონალისტები დაუყოვნებლივი ცვლილებებისკენ მოუწოდებენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რათა უკრაინის ომში რუსეთის გამარჯვება იყოს უზრუნველყოფილი.
უკვე ახლა, როცა უკრაინის არმიამ წარმატებას მიაღწია ხარკოვში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი დასძენს, რომ უკრაინა უნდა გაუმკლავდეს შესაძლო კონტრშეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალებისაგან დაბრუნებულ ტერიტორიებზე.
მინისტრმა Financial Times-ს უთხრა, რომ 6-დღიანი სამხედრო კამპანიის შემდეგ უკრაინის ძალები დაღლილები არიან, თუმცა — მორალურად გამართულნი.
უკრაინამ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა 6 სექტემბერს დაიწყო. 1 კვირით ადრე, 29 აგვისტოს დაიწყო კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის მიმართულებით, რომელიც უკრაინის სამხრეთში მდებარეობს.
ამავე თემაზე:
უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW
