საზოგადოება

გოგაშვილი: საქართველოდან გასაძევებელი რუსი დოპლომატების სია მოსკოვთან შეათანხმეს

5 სექტემბერი, 2022 • 1137
გოგაშვილი: საქართველოდან გასაძევებელი რუსი დოპლომატების სია მოსკოვთან შეათანხმეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის შემდეგ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციიდან ერთი პირის გაძევების დეტალებს იხსენებს.

გოგაშვილის თქმით, სკრიპალების საქმის შემდეგ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საელჩოებიდან დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების გაძევება დაიწყეს, რასაც საქართველოც შეუერთდა. გოგაშვილის თქმით, პირადად მას დაევალა შეედგინა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში მუშაობდნენ.

გოგაშვილი ამბობს, რომ შედგა 10 ადამიანისგან დაკომპლექტებული სია, რომელიც გომელაურს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასაგზავნად გადასცა, თუმცა მისი თქმით, სია შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში გადაიგზავნა:

„გავაკეთეთ 10 კაციანი სია, (“ფსბ”, “გრუ” და “ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი.

ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა “ქოცებმა”, “შეგვაქეს” კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს , რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი. თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება ბუნებრივია ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი“ – ამბობს გოგაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
სკრიპალების საქმის გამო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელ თბილისიდან 2018 წელს გააძევეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი