თბილისში არაერთი ქუჩა ყარს. ნაგვის ბუნკერებთან ადვილად შეამჩნევთ ნაგვის მანქანებიდან და ნაგვის ყუთებიდან გამოჟონილ სითხეს, რომელიც შრება და უსიამოვნო, მძაფრი სუნი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა. ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ დედაქალაქში რამდენიმე კვირაა, არ უწვიმია.
თბილისის ქუჩების დასუფთავებაზე პასუხისმგებელი კომპანია „თბილსერვისი“ კი ირწმუნება, რომ ქუჩებს ყოველდღე რეცხავს, თუმცა ეს ნამდვილად არ ეტყობა იმ ქუჩებს, რომლებიც ნეტგაზეთმა ბოლო დღეებში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გადაიღო.





„თბილსერვისის პასუხი“
„თბილსერვისში“ ნეტგაზეს უთხრეს, რომ მაისიდან ყოველდღიურად ირეცხება დედაქალაქის ქუჩები, ნაგავშემკრები კონტეინერები, მათი განთავსების ადგილები და მიწისქვეშა გადასასვლელები შეძლებისდაგვარად, როგორც ცენტრში, ისე — გარეუბნებში.
„უახლოეს მომავალში, ახალი ტექნიკით ჩანაცვლდება მოძველებული მანქანები და პრობლემაც აღმოიფხვრება,“ — განგვიცხადეს „თბილსერვისში“.

კომპანიამ ასევე მოგვაწოდა სტატისტიკა, თბილისის „მყარი ნარჩენების პროექტის შესახებ“, სადაც ნათქვამია, რომ:
„2018 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისათვის 15 მილიონამდე ევრო გამოიყო. 2021 წლის ივლისს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დამატებულ იქნა 3 მილიონი ევრო (ჯამში 18 მილიონი ევრო), საიდანაც 9 710 440, 00 ევრო „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ მეშვეობით, მოხმარდება ავტო პარკის განახლებას. შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა“ შეიძინა:
- ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო ავტომანქანები (უკანა ჩატვირთვით
და საწნეხი მოწყობილობით, ჯამში, 74 ერთეული მანქანა); - 55 შემდგროვებელი;
- 12 სატვირთო;
- 7 ქუჩის საწმენდი.
ამ დროისთვის, მომწოდებლისგან მიღებულია სხვადასხვა მოცულობის და დანიშნულების 40 ერთეული სპეც. ტექნიკა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კომპანია დამატებით მიიღებს 34 მანქანას,“ — აცხადებს კომპანია.
დამატებით კითხვაზე, მაგალითად, ექვემდებარება თუ არა ავტოპარკის ნაწილი შეკეთებას ან რა ტემპით ჩანაცვლდება ის – პასუხს ველოდებით.
