საზოგადოება

ყალიბდება ხანძრების სეზონი – რა უნდა გაკეთდეს | ინტერვიუ

25 აგვისტო, 2022 • 2060
ყალიბდება ხანძრების სეზონი – რა უნდა გაკეთდეს | ინტერვიუ

ბოლო წლებში ძნელი ან შეუძლებელია ისეთი ზაფხულის გახსენება, როდესაც საქართველოში ტყის შედარებით დიდი ხანძარი არ მომხდარა.

რით არის გამოწვეული ტყის ხანძრები, რა გავლენას ახდენს მასზე გლობალური კლიმატის ცვლილება და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რათა სამომავლო გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს?

ნეტგაზეთი ამ თემაზე ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრს, კახა არცივაძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში ყალიბდება ე.წ. ტყის ხანძრების სეზონი, რომელიც გლობალური დათბობის პარალელურად, მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ზაფხულში ხშირდება ხანძრები. რა პროცესთან გვაქვს საქმე და რით არის ეს გამოწვეული?

სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილების პროცესი მიმდინარეობს. მაგალითად, წლევანდელი წელი ევროპაში ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე გვალვიანია. ამის გამო მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, სახეზეა ტყის ხანძრების შემთხვევების ზრდა. სტატისტიკურად, ყოფილი ტყის ფონდის [სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის მასივი] ფარგლებში 2009 წელს თუ გვქონდა 10-მდე შემთხვევა, 2019 წელს უკვე გვქონდა 80-მდე შემთხვევა.

ეს გლობალური ტენდენციაა. ჩვენს სამეზობლოშიც იგივე ხდება. სამწუხაროდ, ეს პროცესი არ შემცირდება და მომავალში კიდევ უფრო დიდ აქტუალობას შეიძენს.

საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა ტყის ხანძრების სეზონი, რომელიც მოიცავს აგვისტოსა და სექტემბრის თვეებს.

სტატისტიკაში შესულია მხოლოდ იმ ტყეთა მონაცემები, რომლებიც გაერთიანებულია „სატყეო ფონდში“. მონაცემები არ მოიცავს ხანძრებს დაცულ ტერიტორიებზე. წყარო:ნაკრესი

მეხანძრეები უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ ბორჯომში ცეცხლის ჩაქრობას, ასევე ქვეყანაში ჩნდება ხანძრის ახალი კერებიც. როგორც თქვენ განაცხადეთ, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და მომავალშიც გვექნება მსგავსი გამოწვევები. როგორ შეიძლება მოემზადოს ამისთვის ქვეყანა და რა არის გასაკეთებელი?

პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეგობრების, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, გამოცდილება, რომელსაც კოლოსალური ცოდნა აქვს ამ სფეროში. კალიფორნიაში ძალიან ხშირია ხანძრები, რომლის კლიმატიც ძალიან ჰგავს ხმელთაშუაზღვის კლიმატს და ხანძრებიც კლიმატის ცვლილების ზეგავლენით ხდება.

პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ზუსტი ანალიზი, გამოვლინდეს ყველაზე საშიში უბნები, გაკეთდეს პოტენციური ზარალის შეფასება და ამის საფუძველზე მომზადდეს მოქმედების გეგმები, რომლითაც ადამიანები და უწყებები შეძლებენ მოქმედებას. მათ ზონისა და უბნის მიხედვით ეცოდინებათ, რა უნდა გაკეთდეს.

შესაძლებელია, ყველაზე საშიშ უბნებზე მომზადდეს გზები, რათა ხანძრის შემთხვევაში ტექნიკამ შეძლოს შესვლა.

ტყის ხანძარი არ არის ჩვეულებრივი ხანძარი. უნდა მომზადდეს მეხანძრეები. როდესაც ტყის ხანძრების ჩასაქრობად მოხალისეები მიდიან, ეს ძალიან საშიშია. მე პირადად სულ ვამბობ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. პორტუგალიაში ორი წლის წინ დაიღუპა 80-მდე ადამიანი, რადგან ხანძარი შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ადამიანს შეუძლია გაიქცეს.

მოხალისეების პროგრამა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს უნდა გაგრძელდეს და ყველა რეგიონში უნდა იყოს, რათა მომზადდეს კადრები, რომლებიც დაეხმარებიან მეხანძრეებს, რეინჯერებს და ასე შემდე., ასევე უნდა იყოს აუცილებლად ტექნიკა, რომელიც დაეხმარება ტყის ხანძრების ჩაქრობაში.

2017 წელს, როდესაც ბორჯომში მოხდა ხანძარი, სასწრაფო წესით იყიდეს აღჭურვილობა.

ასევე საჭიროა ვერტმფრენების დასაჯდომი და წყლის ასაღები ადგილების მოწყობა.

ვერტმფრენებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მანამდე მინდა გკითხოთ იმაზე, რომ ზოგი ქვეყანა მიმართავს პრევენციული ხანძრების პრაქტიკას, როდესაც მართვად ხანძრებს აჩენენ იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია ხანძრის გაჩენა. შეიძლება თუ არა ამგვარი პრაქტიკის გამოყენება საქართველოში? რა არის ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

არსებობენ ქვეყნები, სადაც ტყის ხანძარი არის სასიცოცხლო ციკლის ნაწილი, ტყის ზოგიერთი სახეობა ვერც გამრავლდება, თუ ხანძარი არ იქნება.

პორტუგალიაში იმდენად მოდიფიცირებულია ტყეები ადამიანის ჩარევით, რომ იქ ბუნებრივი პროცესები სწორად არ მიმდინარეობს. იგივე პროცესებია კალიფორნიასა და ევროპაშიც. იქ იმდენი ბიომასა გროვდება, რომ თუ წინასწარ, პრევენციულად არ დაწვი, ძალიან დიდ პრობლემებს მიიღებ.

რაც შეეხება კავკასიას, ეს პრობლემა ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ სამეცნიერო კვლევები უნდა ჩატარდეს, შეფასდეს. შესაძლოა ეს გარკვეულ ვითარებაში დაგვჭირდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

საბედნიეროდ, საქართველოში ჩვენი ტყეები ბუნებრივი, პირველყოფილი ტყეებია. ისინი არ გაჩეხილან და თავიდან არ გაშენებულან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების ზეგავლენით ეს ვითარება არ დამძიმდება. აუცილებლად დამძიმდება.

ბევრი საუბრობს სახანძრო ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებზე, აცხადებენ, რომ ეს ძვირი ფუფუნებაა. რეალურად, რამდენად საჭიროა ეს საქართველოს შემთხვევაში?

გამომდინარე ჩვენი რელიეფის სირთულიდან და იქიდან, რომ ჩვენი ტყეების უდიდესი ნაწილი მაღალი დახრილობის კალთებზეა, ადამიანი და ტექნიკა ხანძარს ყველგან ვერ მიუდგება. ამიტომ ავიაცია ამგვარ სიტუაციაში არის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ხანძრების ლიკვიდაციისთვის.

ეს ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება.

არ ვიცი, ამას როგორ მოაგვარებს ხელისუფლება, იყიდიან საფრენ აპარატებს თუ, მაგალითად, თურქულ მხარესთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რათა ისე არ იყოს, რომ თხოვნა გვიწევდეს, რომ გამოგვიგზავნონ თვითმფრინავები.

ყოველთვის ვიღაცას ვეხვეწებით, ხან აზერბაიჯანს, ბელარუსიც კი დაგვეხმარა.

მიმაჩნია, რომ ავიაცია უნდა შევიძინოთ და მომზადდეს ხალხი ამისთვის. 2017 წელს ვერტმფრენს წყლის აღების მომენტში ავარია მოუვიდა. მფრინავებმაც უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რადგან ხანძარი ვერტმფრენებზეც ძლიერ მოქმედებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჯარიც ჩაერთო

ხანძრის შემდეგ დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდება ტყეს აღსადგენად და რა როლის შესრულება შეუძლია საზოგადოებას?

კოლეგებთან ერთად ვმუშაობ ზუსტად ამ საკითხზე. ამაზე ერთიანი პასუხი არ არსებობს.

ეს შეიძლება იყოს 20-30 წელი. ცოტა ხნის წინ ვნახე უბნები, რომლებიც 50 წლის წინ დაიწვა და ახლა აღდგენილია. მაგრამ ასევე არის მონაკვეთები, სადაც 30 წლის წინ იყო ხანძარი და ისევ ცუდ მდგომარეობაშია.

ფაქტი ერთია: როდესაც კლიმატი იცვლება, ბუნებრივი ტყის აღდგენა იქნება ძალიან რთული, შეუძლებელი თუ არა იმიტომ, რომ იმდენად იცვლება პირობები, ეკოსისტემა საწყის მდგომარეობას ვეღარ უბრუნდება. იქ შესაძლოა ტყე იყოს, მაგრამ ეს იქნება სხვაგვარი ტყე, ან შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ტყის ნაცვლად სხვა ტიპის ეკოსისტემა განვითარდეს, მაგალითად, ბუჩქნარი ან მდელო.

ესაა მსოფლიოს ტენდენცია.

ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ მზად ვიყოთ ხანძრებისთვის, რათა ჩავაქროთ. მეტი მომზადებაა საჭირო, რათა აგვისტო—სექტემბერში ტყეები გადავარჩინოთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი