საზოგადოება

მოკლულია “ალ-კაიდას” ლიდერი: აშშ-ის ოპერაცია ავღანეთში

2 აგვისტო, 2022 •
მოკლულია “ალ-კაიდას” ლიდერი: აშშ-ის ოპერაცია ავღანეთში

ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია აიმან ალ-ზავაჰირი, რომელიც უკანასკნელი 11 წლის მანძილზე “ალ-კაიდას” ედგა სათავეში. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა აუწყა საზოგადოებას.

ალ-ზავაჰირი კვირას, ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის ცენტრში,”ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს”(CIA) მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლეს.

როგორც BBC წერს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ის “უსაფრთხო სახლის” აივანზე იდგა, როცა დრონიდან 2 რაკეტა ესროლეს. სახლში მისი ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ტელეარხის წყაროთა ცნობით, ისინი არ დაშავებულან.

ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ალ-ზავაჰირი მჭიდროდ იყო ჩართული აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის დაგეგმვაში, რასაც 2 977 ადამიანი შეეწირა. პრეზიდენტის სიტყვებით, იგი ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა თავდასხმებს ამერიკელთა წინააღმდეგ.

“ახლა სამართლიანობა აღსრულდა და ეს ტერორისტი ლიდერიც აღარ არის”, — დასძინა ბაიდენმა და დაამატა:

“ჩვენ ამ ღამით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი დასჭირდება ამას, არ აქვს მნიშვნელობა, სად იმალებით: თუ წარმოადგენთ საფრთხეს ჩვენი ხალხისთვის, აშშ გიპოვით და გამოგიყვანთ”.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სწორედ მან გასცა საბოლოო თანხმობა, “ზუსტი დარტყმა” მიეტანათ “ალ-კაიდას” 71 წლის ლიდერზე. ოპერაცია რამდენიმე თვის მანძილზე იგეგმებოდა.

აიმან ალ-ზავაჰირი “ალ-კაიდას” სათავეში ჩაუდგა  2011 წელს, უსამა ბინ-ლადენის მკვლელობიდან მალევე და წლების მანძილზე იყო აშშ-ის მიერ “ყველაზე ძებნილ ტერორისტთა” სიაში. მანამდე მოიხსენიებოდა ბინ-ლადენის მარჯვენა ხელად და “ალ-კაიდას” მთავარ იდეოლოგად.

ისლამისტური “თალიბანი”, რომელიც 2021 წლიდან ავღანეთის ხელისუფლებაშია, საერთაშორისო პრინციპების დარღვევას უწოდებს ხსენებულ ოპერაციას. თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალური პირები დასძენენ, რომ პროცესს კანონიერი საფუძველი ჰქონდა.

გასულ წელს, თითქმის 20 წლის შემდეგ, აშშ-მა სრულად გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან. 2020 წელს ვაშინგტონთან გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებით, “თალიბანი” დათანხმდა, რომ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “ალ-კაიდას” და მსგავსი ჯგუფების ყოფნას არ დაუშვებდა.

“თუმცა თალიბანი და ალ-კაიდა დიდი ხნის მოკავშირეები არიან და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თალიბებმა იცოდნენ ალ-ზავაჰირის ქაბულში ყოფნის შესახებ”, — წერს BBC.

მასალების გადაბეჭდვის წესი