საზოგადოება

FB-ზე კომენტარის დაწერის შემდეგ დეპუტატმა ტელ.ნომერი მომთხოვა – აქტივისტი

26 ივლისი, 2022 •
FB-ზე კომენტარის დაწერის შემდეგ დეპუტატმა ტელ.ნომერი მომთხოვა – აქტივისტი

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ტელეფონის ნომერი სთხოვა ამ უკანასკნელის პოსტზე კომენტარის დაწერის შემდეგ.

ოდიშარიას პოსტი, რომელზეც ბერძენიშვილმა დააკომენტარა, “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ “ქართული ოცნების” თავმჯდომარისთვის, ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას ეხება. კითხვამ კობახიძე გააღიზიანა, რის შემდეგაც ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

26 ივლისს გამოქვეყნებული პოსტით ოდიშარია, მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ჟურნალისტს აკრიტიკებს. ის წერს:

“ყველაფერს თავის საზღვარი აქვს! ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის “შეკითხვას”პირდაპირ ეთერში ვუსმენდი. მსგავსი არაფერი გამიგია. მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?!

აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო “პატრიოტების” ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?! ეგ ორივე ბინძური დაჯგუფება თავს უშველის და თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებმა, ხომ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?!

თქვენ თუ არ იცით და არ გახსოვთ, დედებს, მამებს ან კიდევ უფრო უფროს თაობას დაეკითხეთ…”

ამავე პოსტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენლად” მოიხსენიებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას.

“რაც შეეხება ე. წ. ჟურნალისტებს, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებენ ასეთ დავალებებს, მინდა მივმართო მათ, რომ ცხოვრება დღეს და ხვალ არ მთავრდება და შეგრცხვებათ საკუთარი თავის, საკუთარი მშობლების, მეგობრების!!!” — ამატებს ის.

აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა ბექა ოდიშარიას ამავე პოსტის კომენტარებში უპასუხა, “პუტინის შნირი” და “უჯიშო მონა” უწოდა მას:

“ვის ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე და ბინძურ დავალებებზე ლაპარაკობ შე პუტინის შნირის შნირო, მაგ აღვირახსნილმა “ჩემი შენ გითხარიო” სტრატეგიამ სად მიიყვანა ბოლოს გებელსი ისიც კარგად გაიკითხე ერთი უსინდისო ნაძირალავ შენ!

შენი ბუჩაში სამარცხვინო ჭუჭყუნის მერე საერთოდ როგორ ახსენებ უკრაინას და უკრაინელებს შე მართლა უჯიშო მონა ცოტა გამოგიბერტყოს ვინმემ ეგ იმბეცილი თავი ჩვენ შევწუხდით შენი ყურებით!”

ამ კომენტარის საპასუხოდ ოდიშარიამ ” ზუკა ბერძენიშვილი მოიხსენია ყველაფერი ეროვნულის მოძულე ჭერქვეშ გაზრდილ ღლაპად”.

“ისე სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!” როდესაც კგბ-ზეა საუბარი, მაშინ მაინც დამუწე ეგ პირი, კბილები სწორად გამოიყენე და დააჭირე ენას!

მესმის რომ დიდი ხანია ენაზე კბილი არ დაგიჭერია და ძირითადად არამიზნობრივად იყენებ არტიკულაციურ აპარატს! ცოტა მორიდება იქონიე!

და კიდევ ერთხელ გიმეორებ: სახლში იკითხე, გიღირს თუ არა კგბ-ზე ლაპარაკი შენ ჩემნაირ ადამიანთან და რას მოგცემთ ?! ამ ჯერზე დაგინდობ საჯაროდ…” — მიმართა დეპუტატმა აქტივისტს.

ოდიშარიამ ზემოხსენებული კომენტარი 16:29 საათზე დაწერა. იმ სქრინის მიხედვით კი, რომელიც ზუკა ბერძენიშვილმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა, მცირე ხნით ადრე, 16:15 საათზე, ოდიშარიამ აქტივისტს პირად ჩატში მისწერა და ტელეფონის ნომერი სთხოვა.

რაში სჭირდება მმართველი გუნდის წევრს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის ტელეფონის ნომერი? “ნეტგაზეთი” ოდიშარიასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რა მოხდა მანამდე

25 ივლისს ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“

ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.

მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, „ფეისბუკზე“ იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის კომენტირებისას აქცენტს მედიის პასუხისმგებლობაზე აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი