საქართველოს იუსტიციის ყოფილი და კულტურის ამჟამინდელი მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიმდინარე დავისას მას და ქვეყანას ხელი შეუშალა. კერძოდ, მისი თქმით, სარჩელის განხილვის დროს ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რაც “სერიოზული ხელის შეშლა იყო”. ამის შესახებ მან POSTV-ის ეთერში დღეს, 23 ივლისს ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, მისი იუსტიციის მინისტრობისას, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნული სარჩელი განიხილებოდა, ზურაბიშვილისგან არ ახსენდება არც ერთი დახმარება და პირიქით “ხელის შეშლის მეტი არაფერი” ახსოვს:
“მაგალითისთვის, მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი და უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. თავდაცვა იყო, ვინც ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა, გენერალური შტაბი, შსს, სუს-ი და პროკურატურა – ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, და იუსტიციის სამინისტრო – დავის მწარმოებელი.
აი ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დაეცვათ ეს დავა. მეორე მხარეს მათ დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ – თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიყავს და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო.
ეს ჩემთვის სერიოზული ხელის შეშლა იყო. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია”, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ თემაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგში სხვა მიმდინარე დავისას ერთ-ერთი ცნობადი სახის საჯარო განცხადების გამო დავის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველომ წააგო,რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე დავების წარმოებისას “რაღაც განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, მით უმეტეს, როდესაც ეს სიცრუეა”:
“ასეთი რამ გააკეთა მან [ზურაბიშვილმა], როდესაც ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება და თქვა სიცრუე, რომ თითქოს საქართველოს ომი დაუწყია და ქართული ჯარი დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად ამდენი უწყების, შევძელით ის, რომ ამ ყველაფრის გაბათილება შევძელით…
მე არ მახსენდება ქალბატონი სალომეს დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც ამ ხელისუფლებამ ქვეყანას გაუკეთა… ქალბატონო სალომე, სად იყავით ამ ბრძოლაში? მიპასუხეთ”, – თქვა წულუკიანმა.