საზოგადოება

ევროკომისიის წარმომადგენელი განმარტავს, როგორ შემოწმდება საქართველოს პროგრესი დეკემბრამდე

7 ივლისი, 2022 • 1296
ევროკომისიის წარმომადგენელი განმარტავს, როგორ შემოწმდება საქართველოს პროგრესი დეკემბრამდე

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მაჩიეი პოპოვსკი განმარტავს, რა პროცედურა ელის წინ საქართველოს, რომელმაც წლის ბოლომდე ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს და როგორ შეაფასებს ევროკომისია ქვეყნის პროგრესს.

„დავაკვირდებით სიტუაციას ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ, – ადგილზე, ჩვენი დელეგაციების მეშვეობით. ასევე, გამოვიყენებთ ინფორმაციის მიღების სხვა წყაროებს, რასაც ჩვეულებრივ ვიყენებთ გაფართოების ანგარიშებისთვის. ეს საკმაოდ ვრცელი პროცესია“, – განაცხადა პოპოვსკიმ 7 ივლისს European Policy Centre-ის მიერ ორგანიზებულ ზუმ-შეხვედრაზე.

„არ მინდა, დეტალებით თავი შეგაწყინოთ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ ანგარიშგების ციკლს, – და ეს ხდება ყოველწლიურად, ზოგჯერ თებერვალში, – ჩვენ ვუგზავნით მოთხოვნას ინფორმაციის მისაღებად მთავრობებს, წევრი ქვეყნების საელჩოებს, სამინისტროებს და ბევრ სხვა პარტნიორს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეუთო, გაეროს სხვადასხვა სააგენტო, ვენეციის კომისია, ევროსაბჭო და ა.შ. ისინი ყველანი გვაწვდიან თავიანთ შეხედულებებს, შემდეგ კი ჩვენ ამ ყველაფერს ვაანალიზებთ, ვაჯამებთ და საკუთარ შეფასებას ვამზადებთ. ასე რომ, [წლის ბოლოს საქართველოს პროგრესის შეფასებიც] ზუსტად ამ გზით მოხდება“, – დააზუსტა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ევროკომისია შუალედური ანგარიშის წარდგენას, პოპოვსკი აცხადებს: „გააჩნია. თუ საბჭოში იქნა ამის ინტერესი, შეიძლება, ასეც მოხდეს, მაგრამ წინასწარ არ მინდა ვიმსჯელო. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დავალება [გაცემული] და შეფასების წყაროებში დეფიციტი არ გვექნება“.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას,  კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. კითხვაზე, თუკი საქართველო 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, კანდიდატი ავტომატურად   გახდება თუ საჭირო იქნება ევროკომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება, პოპოვსკიმ განაცხადა:

„ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ევროპულ საბჭოში იქნება მიღებული… საჭიროა თუ არა ამისთვის სპეციალური შეხვედრა? არ ვიცი. შეიძლება, არც იყოს საჭირო. ევროპული საბჭო საკმაოდ ხშირად იკრიბება, ასე რომ, ეს არც ისე რთული საკითხია. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. დარწმუნებული ვარ, რომ წევრ ქვეყნებსაც სურთ, ჰქონდეთ დრო ამ საკითხზე საკუთარი შეხედულების გამოსახატავად“.

პოპოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „წევრობის დაჩქარებული აპლიკაცია არ ნიშნავს „გზის მოჭრას“ და მოკლე გზის პოვნას:

„არ მგონია, რომ შემდეგი ნაბიჯები იქნება ისეთივე სწრაფი, როგორიც ის ნაბიჯები, რაც განაცხადს მოჰყვა, – ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, ყველანი ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, ეს „მომენტუმი“ იდგა. მაგრამ, რა თქმა უნდა, განხორციელების ფაზა, თავისი არსით, უფრო რთულია. მე იმედი მაქვს, რომ იქნება საკმარისი პოლიტიკური ნება, რათა შენარჩუნებული იყოს ინტერესი და ჩართულობა გაფართოების პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ომი შეჩერდება. ომმა მრავალი პროცესი გამოიწვია, ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ის მალე დასრულდება… თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩართული ვართ პროცესში, რომელიც გარკვეული მიმართულებით მიდის და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის ევროკომისიის სამუშაო, ჩვენ ვართ ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია გაფართოების პოლიტიკაზე“.

მაჩიეი პოპოვსკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის სურვილია, იხილოს პროგრესი საქართველოში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, ისაუბრა პოლარიზაციის პრობლემაზეც:

„[საქართველოში] პოლარიზაციის გამო ბევრი ინსტიტუტი მთლიანად პარალიზებულია. და ეს ასევე შემაშფოთებელია, რადგან მოქმედი ინსტიტუტების გარეშე ვერ იქნება რაიმე პროგრესი პოლიტიკის რომელიმე სფეროში“.

ასევე, პოპოვსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველომ იწვნია რუსეთის აგრესია 2008 წელს, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმები არ ხორციელდება“. მისი თქმითვე, „საქართველო მოტივირებულია პროგრესისკენ“ და მას „არასოდეს დაუმალავს თავისი ევროპული მისწრაფებები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი