საზოგადოება

„შესაძლოა საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდეს – მიზეზი ინფლაციაა“

27 ივნისი, 2022 • 3318
„შესაძლოა საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდეს – მიზეზი ინფლაციაა“

საპენსიო ფონდის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ თუკი საქართველოში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდა, მომდევნო თვეებში საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შესაძლოა ნულს გაუტოლდეს ან წაგებაზე გავიდეს.

უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე ამბობს, რომ 2022 წლის აპრილში რეალური ამონაგები იყო 1.76%, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ამავე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები. ამ ყველაფრის მიზეზი მაღალი ინფლაციაა.

რაც შეეხება უკანასკნელ, მაისის სტატისტიკას, მისი თქმით, სტატისტიკა გაუარესებულია და ამონაგები 1%-მდეა.

„თუმცა ჩვენ მომგებიანობას ვინარჩუნებთ. წლის დასაწყისიდან დღემდე ჩვენი მომგებიანობა არის 3.1%… მაგრამ მთავარია რეალური მომგებიანობა – ინფლაციის გათვალისწინებით. ინფლაცია კი ძალიან მაღალია – მაისში იყო 13.3%, მანამდე იყო 12.7% და შეიძლება, ასეთი მაღალი ინფლაცია მომდევნო უახლოესი თვეები შენარჩუნდეს“, – განაცხადა მელიქიძემ 24 ივნისს „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“.

მისი განცხადებითვე, საპენსიო ფონდს აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის III-IV კვარტალში ინფლაცია შემცირდება და ერთნიშნა გახდება, მაგრამ უწყებას აქვს მოლოდინი, რომ „ეს იქნება მაღალი ერთნიშნა ინფლაცია“. მისი თქმითვე, „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა“, რაც გამოიწვია ჯერ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი, გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ,  უკრაინაში რუსეთის შეჭრამ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საპენსიო სააგენტოს, თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს:

„ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ჩვენი გამოწვევაა, მას ვაჯობოთ. მაგრამ რეალური ამონაგები მცირდება და შეიძლება ამ მოკლე პერიოდში, მიმდინარე თვეებში, უახლოეს ორ კვარტალში, რეალური ამონაგები საერთოდ გამინუსდეს კიდეც, მაღალი ინფლაციის გამო“.

„ჩვენი აზრით, ინფლაცია პიკზეა,  შეიძლება ოდნავ ზევით წავიდეს, მაგრამ მნიშვნელოვან ზრდას აღარ ველოდებით. რთულია პროგნოზის გაკეთება. თუ ასეთი ტემპით ზრდა გაგრძელდა, შეიძლება ამონაგები გაანულოს… [მაგრამ] იმედი გვაქვს, წლის ბოლოს გვექნება კარგი რეალური ამონაგები“, – განაცხადა მელიქიძემ.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს მაღალი ინფლაციის დასაზღვევად, მელიქიძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოს აქტივები „აქციებში უნდა გადავანაწილოთ“.

ამჟამად, სააგენტოს ცნობებით, საინვესტიციო პორტფელის 80.74% განთავსებულია ლარში, ხოლო დარჩენილი 19.26% – უცხოურ ვალუტაში. ამასთან, უცხოური ვალუტის წილიდან ნახევარზე მეტი, – ანუ მთელი პორტფელის 10%, – არის ინვესტირებული გლობალურ აქციებში, დანარჩენი 8-9% კი – ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში.

„აქციები ყველაზე სწორი დაცვაა ინფლაციისგან. როცა ასეთი ინფლაციური ფონია, ინფლაცას ვერ დაიჭერ ფიქსირებული შემოსავლით, ან კიდევ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. მაღალი საპროცენტო განაკვეთი კარგი დაზღვევაა, მაგრამ მაღალი ინფლაციის დროს ის არ არის კარგი მზღვეველი, რადგან ინფლაცია ისე ბევრად სწრაფად ვითარდება, ვიდრე საპროცენტო განაკვეთი მას კითხულობს და დაჰყვება“, – ამბობს მელიქიძე.

მან ასევე განაცხადა, რომ კანონი ადგენს ლიმიტს, რომლის ძალითაც საპენსიო სააგენტოს მთელი საინვესტიციო პორტფელის მაქსიმუმ 20%-ის გადატანა შეუძლია უცხოური აქტივების კლასებში. „ამ 20%-იან ლიმიტს აუცილებლად ავითვისებთ“, – ამბობს მელიქიძე.

„პორტფელის 15% მიბმული გვაქვს რეფინანსირებაზე, რამეთუ ის ყველაზე უკეთ კთხულობს ინფლაციას და პორტფელების 10% არის აქციებში და ეს გახდება 20%. ეს არის ჩვენი დაზღვევის ტაქტიკა“, – აცხადებს იგი.

მისი თქმით, ეს რამდენიმე მიზეზის გამოა გამართლებული, მათ შორის იმიტომ, რომ 1) „გლობალური დივერსიფიკაცია გვიმცირებს რისკებს, რათა ერთ რეგიონზე, ერთ ვალუტაზე არ ვიყოთ დამოკიდებული“ და 2) ამას მოაქვს დამატებითი სარგებლიანობა – „აქციებში ინვესტირების ამოცანა არის ის, რომ ფასში ზრდა მივიღოთ“.

საპენსიო ფონდი 2019 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს. 13 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია, სარგებელი კი 334 მილიონ ლარს შეადგენს.

გირჩევთ ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი